ძიუდო

20:29 | 8.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მსუბუქი ბრინჯაოს სტარტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) ბაქოში დღეს დაწყებულ გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და 200 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. უმსუბუქეს წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი რეპეშაჟის ფინალში თანაგუნდელ ამირან პაპინაშვილს უნდა დასჭიდებოდა, მაგრამ ტურნირზე მეორე ნომრად განთესილმა პაპინაშვილმა გადამწყვეტი შეხვედრა აღარ იჭიდავა და მე-5 ადგილს და 100 ქულას დასჯერდა.

ჩხვიმიანმა ძირითად ბადეში ოთხი შეხვედრა ჩაატარა: მონაკოელი იან სიკარდი იპონით დაამარცხა, რუსეთის ნაკრების წევრ ალბერტ ოგუზოვს უილეთო ბრძოლაში, ოქროს დროში მოპოვებული შიდოს უპირატესობით გასცდა, მონღოლი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ამარტუვშინ დაშდავაა ოთხწუთნახევარში ორჯერ დასცა ვაზარზე, ნახევარფინალში კი ფრანგ ვინსენტ ლიმართან იუკოთი დამარცხდა და "ბრინჯაოს ფინალში” გადაერთო, სადაც პაპინაშვილს უნდა დაპირისპირებოდა.

ამირანმა გრან სლემი უკრაინელი დენის ბილიჩენკოს სუფთა გდებით ძლევით გახსნა. ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, გერმანელ ტობიას ენგლმაიერთან იპონით წაგებით. ვიდრე ბეჭებზე დავარდებოდა, მეტოქეს ვაზარით უგებდა. რეპეშაჟის ნახევარფინალში კი მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერმა აზერბაიჯანელი ორხან საფაროვი გააკრა ტატამს.

დღესვე, ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ მამაკაცთა შორის 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში და ქალებში – 48, 52 და 57 კილოგრამებში. საქართველოს სახელით ტატამზე მხოლოდ მამაკაცები გავიდნენ. 66-ში კონკურენციაში მინდია ლილუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი ჩაებნენ.

ლილუაშვილი პირველსავე მეტოქესთან – ებრაელ ბარუჩ შამილოვთან 14 წამში დავარდა იპონზე. მარგველაშვილი კი ძირითად ბადეში ესპანელი დავიდ რამირეს რამოსისა და ფრანგი დავიდ ლაროშის იპონ-იპონ ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ნიჯათ შიხალიზადესთან ვაზარ-იუკოთი დამარცხდა. რეპეშაჟში კი კიდევ ერთ მასპინძელთან – ჰიდაიატ ჰეიდაროვთან სუფთად წააგო და ტურნირზე მე-7 ადგილი დაიკავა.

ხვალ მედლები მამაკაცებში 73 და 81 კილოგრამებში გათამაშდება, ხოლო ქალებში – 63 და 70 კილოგრამებში. საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ: ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე 73 კგ), უშანგი მარგიანი, ლაშა ზურაბიანი (ორივე 81 კგ) და ესტერ სტამი (70 კგ). ზეგ კი ბაქოს ტატამზე გავლენ: ალექსანდრე მსხალაძე, ლაშა გურული (ორივე 100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ).

ძიუდო

გრან სლემი

ბაქო

8 მაისი

მამაკაცები

60 კგ

1 რუსტამ იბრაიევი (ყაზახეთი)

2 ვინსენტ ლიმარი (საფრანგეთი)

3 ტობიას ენგლმაიერი (გერმანია)

3 ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)

5 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

66 კგ

1 ნიჯათ შიხალიზადა (აზერბაიჯანი)

2 კოლინ ოუტსი (ბრიტანეთი)

3 ლუის კორვალი (საფრანგეთი)

3 სუგოი ურიარტე (ესპანეთი)

7 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)

ქალები

48 კგ

1 მონიკა უნგურეანუ (რუმინეთი)

2 ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი)

3 ნატალია ბრიგიდა (ბრაზილია)

3 შარლინ ვან სნიკი (ბელგია)

52 კგ

1 ერიკა მირანდა (ბრაზილია)

2 ანდრეა ჩიტუ (რუმინეთი)

3 პასკილია ნეტო (საფრანგეთი)

3 დისტრია კრასნიკი (კოსოვო)

57 კგ

1 კორინა კაპრიორიუ (რუმინეთი)

2 ნეკოდა სმიტ დევისი (ბრიტანეთი)

3 მირიამ პოპერი (გერმანია)

3 ირინა ზაბლუდინა (რუსეთი)

0.113367