ძიუდო

18:03 | 27.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ორი ქართველი რეპეშაჟის ფინალში

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და ტრისტან ფეიქრიშვილი (66 კგ) სამსუნის გრან პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ. პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე დღეს მამაკაცთა შორის ჩემპიონ-პრიზიორები ორ უმსუბუქეს წონით კატეგორიაში უნდა გამოვლინდეს. სულ შეჯიბრებაში ოთხი ქართველი ძიუდოისტი ჩაერთო, მაგრამ ორმა მათგანმა: გიორგი ბროლაშვილმა (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი საწყის ეტაპზევე დაკარგა. ბროლაშვილი პირველსავე წრეში, ერთი გაფრთხილებით დამარცხდა ესპანელ ხუაკინ გომესთან. მარგველაშვილს პირველი მეტოქე – ერაყელი მოჰამედ ალსაედი არ გამოუცხადდა, ხოლო მეორესთან – ყაზახ იელდოს ჟუმაკანოვთან ვეღარას გახდა.

ჩხვიმიანმა ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, თბილისის გრან პრის მომგებ უზბეკთან – შარაფუდინ ლუტფილაევთან. იქამდე ალჟირელი მუჰამედ რებაჰი, ავსტრიელი ლუდვიგ პაიშერი და ებრაელი ალონ რაჰიმა დაამარცხა. რეპეშაჟის ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილ მონღოლს ამარტუვშინ დაშდავაას აჯობა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი კიდევ ერთ უზბეკს – დიორბეკ უროზბოევს დაუპირისპირდება.

ტრისტან ფეიქრიშვილმა ძირითად ბადეში თურქმენი მუჰამეტ არტიკოვის, ბელარუსი დმიტრი შერშანისა და ყაზახი სერგეი ლიმის ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში უზბეკ რიშოდ სობიროვთან წააგო.

დამამშვიდებელ ეტაპზე პირველ შეხვედრაში ბრაზილიელი ჩარლეს ჩიბანა შებოჭა. მესამე ადგილისთვის კი რუსეთის ნაკრების წევრ აბდულა აბდულჯალილოვს დაეჭიდება.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 19 საათიდან დაიწყება.

0.112855