საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ სამსუნის გრან პრიზე დასაყენებელი შემადგენლობა დაასახელა. თურქეთი პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს 27-29 მარტს უმასპინძლებს და წინასწარი მონაცემებით, შეჯიბრებაში 70 ქვეყნის ნაკრები ჩაერთვება. ქართული გუნდი კი ტატამზე 12-კაციანი შემადგენლობით გავა. აქედან 5 სპორტსმენი გუნდს თბილისის გრან პრის შემდეგ დაემატა.
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში სატურნირო ბადე ქართველების გარეშე შეივსება. დანარჩენ ექვს წონაში კი საქართველოს დროშის ქვეშ ორ-ორი ძიუდოისტი იჭიდავებს.
27 მარტს ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა შორის 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. 28 მარტს მედლები 73 და 81 კილოგრამებში გათამაშდება, ხოლო 29-ში – 90, 100 და +100 კილოგრამებში.
გრან პრის საუკეთესო სამეულში შესული სპორტსმენები მედლებთან ერთად, შესაბამისად, 300, 180 და 120 სარეიტინგო ქულას მიიღებენ.
საქართველოს ნაკრები
60 კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი და გიორგი ბროლაშვილი
66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი და ტრისტან ფეიქრიშვილი
73 კგ – ნუგზარ ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ – უშანგი მარგიანი და ზებედა რეხვიაშვილი
100 კგ – ალექსანდრე მსხალაძე და ალექსანდრე ზაალიშვილი
+100 კგ – გუგა კიბორძალიძე და გიორგი ბოლოთაშვილი