საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ლიდერი, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) თბილისის გრან პრიზე უმედლოდ დარჩა. პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალში მონღოლ დაგვასურენ ნიამსურენთან სუფთად წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა.
81 კილოგრამში ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებენ უშანგი მარგიანი და გიორგი პაპუნაშვილი.
მარგიანმა მეოთხედფინალის საგზური ჩერნოგორიელი სრჟან მრვალიევიჩის ძლევით მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა პასიური მეტოქე მსაჯს სამ წუთში ოთხჯერ გააფრთხილებინა. პაპუნაშვილი კი უკრაინელ არტემ ვასილენკოს სამი იუკოთი გასცდა.
ამავე წონაში საქართველოს დროშის ქვეშ ამბაკო ავალიანმაც იჭიდავა, მაგრამ გრან პრის საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა.
73 კილოგრამში მედლისთვის ბრძოლას საქართველოს ნაკრების სამი წევრი აგრძელებს. მეორე გამარჯვებები იზეიმეს ნუგზარ ტატალაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა და მეოთხედფინალში ერთმანეთის პირისპირ მოუწევთ დადგომა. ტატალაშვილმა მერვედფინალში ფრანგ ჯილომ ჩენეს 2 წუთსა და 39 წამში აჯობა. შავდათუაშვილმა კი პოლონელ დამიან სვარნოვიეცკის 35 წამი აკმარა.
ზვიად კაპანაძემ (73 კგ) ტურნირს პირველ პირველ ნომრად განთესილ მონღოლ ნიამ ოჩირ საინიარგალს სძლია. ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორთან დაპირისპირების ძირითადი დრო უილეთოდ ჩაამთავრა. ორივე ძიუდოისტმა სამ-სამი შიდო მიიღო. ოქროს დროში საინიარგალი მეოთხედ გააფრთხილეს და კაპანაძე მეოთხედფინალში გავიდა.
ფრიდონ გიგანი (73 კგ) კი გრან პრის აზერბაიჯანელ ჰუსეინ რაჰიმლისთან წაგებით დაემშვიდობა. გიგანი ვაზარით დაწინაურდა, მაგრამ მერე თავად ორჯერ დაეცა ვაზარზე.