ძიუდო

21:25 | 20.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართული გრან პრის არაქართული სტარტი

სამდღიანი თბილისური გრან პრის პირველი დღე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის წარუმატებელი გამოდგა. მამაკაცთა შორის ჩემპიონ-პრიზიორები 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. ქართული დროშის ქვეშ კი ორივე წონაში ერთად 8 ძიუდოისტმა იჭიდავა და 5 მათგანი ტურნირს პირველივე ბრძოლით გამოეთიშა.

შარშანდელი თბილისის გრან პრის ბრინჯაოს პრიზიორი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) ფრანგ ადრიენ რეიმონდთან უილეთო შეხვედრაში ერთით მეტი გაფრთხილებით (1:2) დამარცხდა. ლაშა გიუნაშვილისა და სომეხი ჰოვანეს დავთიანის დაპირისპირებაშიც გადამწყვეტი როლი ერთადერთმა შიდომ შეასრულა, დავთიანის სასარგებლოდ (3:2). პაატა მერებაშვილი (60 კგ) ფრანგ ვალიდ ხიართან შეხვედრაში საფინალო გონგამდე 22 წამით ადრე დავარდა იპონზე. შალვა ქარდავამ (66 კგ) მტკივნეულით წააგო სომეხ არსენ ღაზარიანთან, ხოლო თორნიკე თათარაშვილმა (66 კგ) – იუკოთი, თურქ სინან სანდალთან.

გრან პრი გამარჯვებით გახსნეს მინდია ლილუაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა (ორივე 66 კგ), მაგრამ ტატამზე მეორედ გასვლა ორივესთვის წარუმატებელი გამოდგა. ლილუაშვილმა ბრიტანელი ლუის კიბლი 3 წუთში ორჯერ დააგდო ვაზარზე. მეთექვსმეტედფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ იაკუბ შამილოვთან სამწუთნახევარში 4 გაფრთხილება მიიღო და მსაჯმა მოხსნა. მარგველაშვილმა შეჯიბრება ძლიერი მეტოქის - ევროპის და მსოფლიოს იტალიელი პრიზიორის ელიო ვერდეს შებოჭვით გახსნა. ქართველმა ძიუდოისტმა მომგებიანი ილეთი საჭიდაოდ განკუთვნილი 5 წუთის ამოწურვამდე ხუთიოდ წამით ადრე შეასრულა, მაშინ, როდესაც ვაზარ-იუკოს აგებდა. მეორე წრეში კი კიდევ უფრო ტიტულოვან ძიუდოისტს, უკრაინის სახელით მოჭიდავე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი ზანთარაიას დაუპირისპირდა და მასთან ვეღარას გახდა - მეორე წუთის ბოლოს ბეჭებზე დავარდა. ირაკლი უზნაძის გუნდის წევრთაგან საღამოს პროგრამაში გაღწევა მხოლოდ ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) შეძლო, მაგრამ ბოლომდე ვერც მან იყოჩაღა.

პირველ ნომრად განთესილი ქართველი მსუბუქწონოსანი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და მონღოლ ცოგტბაატარ ცენდოჩირთან შეხვედრა 2 წუთსა და 20 წამში მოუგო ეფექტური სუფთა გდებით. მეოთხედფინალში პაპინაშვილმა აზერბაიჯანელ მეჰმან სადიგოვს ვაზარ-იუკოთი აჯობა.

ერთი გამარჯვებაც და პაპინაშვილი ფინალში გავიდოდა, მაგრამ უზბეკ შარაფუდინ ლუტფილაევთან უშანსოდ წააგო და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო. სამწუხაროდ, ვერც ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ივარგა - მონღოლ ამარტუვშინ დაშდავაასთან იუკოთი დამარცხდა და საბოლოოდ მე-5 ადგილს და 60 სარეიტინგო ქულას დასჯერდა. 60 კილოგრამში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე პაპინაშვილის მომგები ლუტფილაევი ავიდა. 66-ში კი ჩემპიონი მონღოლი ტუმურხულეგ დავაადორჟი გახდა.

დღესვე ქალთა შორის მედლების სამი კომპლექტი გათამაშდა. 48 კილოგრამში ყველას უკრაინელმა მარია ჩერნიაკმა აჯობა, 52-ში – ფინელმა იანა სანდბერგმა, ხოლო 57-ში – მონღოლმა სუმიია დორიასურენმა.

ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცებში 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან, ხოლო ქალებში – 63 და 70 კილოგრამებში.

საქართველოს ნაკრებს მონაწილეები ისევ მხოლოდ მამაკაცების ტურნირზე ეყოლება. ტურნირში ჩაებმებიან ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი, ზვიად კაპანაძე (ოთხივე 73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი, ამბაკო ავალიანი და გიორგი პაპუნაშვილი (ოთხივე 81 კგ).

წინასწარი ეტაპის შეხვედრები 10 საათზე დაიწყება.

ძიუდო

გრან პრი

თბილისი

20 მარტი

კაცები

60 კგ

1 შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი)

2 ტობიას ენგლმაიერი (გერმანია)

3 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი)

3 დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი)

5 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

66 კგ

1 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)

2 ბარუჩ შმაილოვი (ისრაელი)

3 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)

3 ტარლან კარიმოვი (აზერბაიჯანი)

ქალები

48 კგ

1 მარინა ჩერნიაკი (უკრაინა)

2 ჯულია ფიგეროა (ესპანეთი)

3 ორორ კლიმენსი (საფრანგეთი)

3 ებრუ საჰინი (თურქეთი)

52 კგ

1 იანა სანდბერგი (ფინეთი)

2 ლიზ ჰეილენი (ბელგია)

3 ლაურა გომესი (ესპანეთი)

3 ოდეტ გიუფრიდა (იტალია)

57 კგ

1 სუმიია დორიასურენი (მონღოლეთი)

2 ვლორა ბედეტი (სლოვენია)

3 ვიოლა ვაეხტერი (გერმანია)

3 მირიამ როპერი (გერმანია)

0.264719