“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “ქალაქელებს” “ბარსელონასთან” ბრძოლა გაუჭირდებათ, თუმცა სიძლიერის დამტკიცება ძალუძთ.
“ისეთი თამაში გვჭირდება, როგორიც პირველი დაპირისპირების მეორე ტაიმში გვქონდა. მაშინ პირველი ნახევარი ჩავაგდეთ, მეორეში კი გუნდს ვგავდით. ბურთის ფლობის მხრივ “ბარსელონა” ლიდერი იქნება, მაგრამ შევეცდებით ბურთის ართმევით ესპანელებს პრობლემები შევუქმნათ. მოწინააღმდეგის დამარცხებით დავამტკიცებთ, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვართ. გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.” – განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა.
“ბარსელონასა” და “სიტის” პირველი დაპირისპირება “ეტიჰადზე” “ბლაუგრანას” გამარჯვებით 2:1 დასრულდა. “ქალაქელების” მიზანი “ნოუ კამპზე” ორბურთიანი სხვაობით მოგებაა. აღნიშნულ გუნდებს შორის დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.