ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში მიმდინარე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე იმის გარდა თუ ვინ გახდება ჩემპიონი სამი მნიშვნელოვანი საკითხია გადასაწყვეტი. ესენია: მსოფლიოს საჭადრაკო ფედერაციისა და ევროპის ჭადრაკის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები და იმ ქვეყნის ვინაობა, რომელიც 2018 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს. რადგან ევროპის ჭადრკის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტ პეტარ დანაილოვთან (ბულგარეთი) ერთად ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ აზმაიფარაშვილიც მონაწილეობს, ხოლო 2018 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობისათვის სამხრეთ აფრიკის ქალაქი დურბანი და საქართველოს ზღვისპირა კურორტი ბათუმი იბრძვიან, ეს საკითხი ჭადრაკის ქართველი გულშემატკივრებისათვის არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე ის თუ რომელი ქვეყნის ნაკრები გახდება ჩემპიონი.
როგორც ბათუმი ასევე აზმაიფარაშვილი გამარჯვების შემთხვევაში საქართველოდან პირველი იქნება, რომელიც შესაბამისად მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს და ევროპის ერთ-ერთ საჭადრაკო ფედერაციას უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება ფიდეს საპრეზიდენტო არჩევნებს, მძლეოსნობისა და ფეხბურთის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე წარმომადგენლობითი ფედერაციის პოსტისათვის მოქმედი პრეზიდენტი რუსი მილიარდელი კირსან ილუმჟინოვი და ჭადრაკში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი გარი კასპაროვი იბრძოლებენ. ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის წინ მოქალაქეობა შეიცვალა და რუსეთში ყოფნას ხორვატიაში ცხოვრება ამჯობინა.
შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ ქართველ ვაჟ მოჭადრაკეთა შორის ზურაბ აზმაიფარაშვილს ყველაზე დიდი წარმატებები აქვს მოპოვებული. იგი ერთადერთია თანამემამულე როგორც ვაჟ ასევე ქალთა შორის, რომელსაც ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი აქვს მოგებული. აზმაიფარაშვილი სხვადასხვა ქვეყნებში ეწეოდა სამწვრთნელო მოღვაწეობას. იყო საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი. ამჟამად არის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანის პირველი მოადგილე. „მსოფლიო სპორტი“ ოლიმპიადაზე გამგზავრების წინ აზმაიფარაშვილს შეხვდა და ინტერვიუ ჩამოართვა.
- რას გვეტყვით ევროპის ჭადრაკის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატ პეტარ დანაილოვზე? სერიოზული კონკურენტია?
- დანაილოვი რამდენიმე წელია ევროპის ჭადრაკს ხელმძღვანელობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ის და კასპაროვი ერთ გუნდში არიან გაწევრიანებული იგი სერიოზულ ძალას წარმოადგენს.
- მაშინ როგორ აპირებთ დანაილოვის დამარცხებას?
- ბოლო დროს მისი ავტორიტეტი საგრძნობლად დაეცა, რადგან ფიდეს დაუპირისპირდა და ხშირად აკრიტიკებს. მისი შანსები მხოლოდ იმის შემდეგ გაიზარდა რაც კასპაროვთან ერთად ერთ გუნდში გაერთიანდა. სერიოზული მეტოქე კი არის, მაგრამ მისი დამარცხება ნამდვილად შეიძლება.
- ჭადრაკის მოყვარულებს ახსოვთ, რომ აქტიურ სპორტში ყოფნის დროს თქვენ კასპაროვის ერთ-ერთი მწვრთნელი იყავით. რამდენჯერმე თბილისში გყავდათ მოწვეული. რა მოხდა, თქვენი გზები რატომ გაიყარა?
- ჩვენ ისევ მეგობრებად ვრჩებით. რა შედეგითაც არ უნდა დამრთავდეს არჩევნები, ჩვენ საერთო ენას მაინც გამოვნახავთ და ვითანამშრომლებთ.
- მაშინ რით ახსნით კასპაროვისა და დანაილოვის ერთ ბანაკში ყოფნას?
- კასპაროვი ვერ იტანს დანაილოვს, მაგრამ ფიდეს საპრეზიდენტო არჩევნებში ახლა ჭირდება. იგი როგორც ევროპის ჭადრაკის კავშირის პრეზიდენტი ფიდეს საბჭოს ერთ-ერთი წევრია და პარტნიორადაც ამიტომ აირჩია.
- არც თქვენ უნდა იყოთ ეულად დარჩენილი, რადგან არჩევნებში ილუმჟინოviს სახით სერიოზული მხარდამჭერი გეყოლებათ.
- გეთანხმებით, რომ ილუმჟინოვი ჩემს მიმართ მართლაც სიმპაTიურად არის განწყობილი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ის არ არის ჩემი ბანაკის ოფიციალური წევრი.
- რამდენი ხმაა საჭირო პრეზიდენტის სავარძლის მოსაპოვებლად?
- არჩევნებში 54 ქვეყანა მონაწილეობს. მინიმუმ 28 ხმა არის საჭირო გამარჯვების მოსაპოვებლად.
- რას სთავაზობთ ამომრჩევლებს? რატომ უნდა დაგიჭიროn მხარი?
- პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში უარს ვამბობ ხელფასზე, რომელიც ყოველთვიურად 3000 ევროს შეადგენს. თუ გავითვალისწინებთ, რომ არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, მარტო ჩემი ხელფასიდან დანაზოგი 144000 ევრო იქნება. საგრძნობლად ვაპირებ ევროპის ჭადრაკის კავშირის ოფისის თანამშრომელთა შემცირებას, ხელს შევუწყობ ფიდესა და ევროპის საჭადრაკო კავშირის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოებას, რომელიც დანაილოვის პრეზიდენტობის დროს უაღრესად გამწვავდა, სადაც ხელი მიმიწვდება ყველანაირად ვეცდები ხელი შევუწყო ჭადრაკის პოპულარიზაციასა და მის განვითარებას.
- ოფისი სად გექნებათ?
- მიმაჩნია, რომ ევროპის ჭადრაკის კავშირს ორი ოფისი ესაჭიროება. ერთი აღმოსავლეთში და meore დასავლეთში. აღმოსავლეთში სტამბოლი მყავს შერჩეული, დასავლეთში კი ბრიუსელი ან მონაკო იქნება.
- რა იქნება ევროპის ჭადრაკის კავშირის შემოსავლის წყარო?
- რამდენიმე სერიოზულ კომპანიასთან მაქვს ურთიერთობა. არც შემოწირულობაზე ვიტყვით უარს.
- თქვენ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ხელფასზე იმიტომ ხომ არ ამბობთ უარს, რომ მინისტრის მოადგილე ბრძანდებით და სხვა შემოსავალიც გაქვთ?
- რა თქმა უნდა, არა.
- პრეზიდენტისა და მინისტრის მოადგილის სავარძელს ერთმანეთს შეუთავსებთ თუ...
- არ ვამბობ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მეორე დღესვე მივატოვებ მინისტრის მოადგილის სავარძელს. ზუსტად ვერ გეტყვით როდის, მაგრამ საბოლოო არჩევანს მაინც ჭადრაკზე შევაჩერებ, რადგან ეს ჩემი ძირითადი და უსაყვარლესი პროფესიაა. გადაწყვეტილი მაქვს მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება ჭადრაკის თამაშსა და მის განვითარებას დავუთმო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მინისტრის მოადგილის ხელფასზე გეთქვა უარი, და ჩვენი ბიუჯეტის თანხა დაგეზოგა მერე.
შე კაი ადამიანო,მინისტრის მოადგილის ხელფასზე თქვი უარი,მასე უფრო შენი ქვეყნის ბიუჯეტს არ დაუზოგავ თანხას?
ყოჩაღ