ორი დღეა ს. კ. „ზუგდიდის“ შემადგენლობაში ვარჯიშობს ეგვიპტელი ფეხბურთელი ამირ აზმი მოჰამედი მეგაჰედი, რომელიც ბოლო წლებში საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობდა. მას, ზუგდიდელთა ახალი დამრიგებლის კობა წიტაიშვილის გვერდითაც უთამაშია კვიპროსის „ანორთოსისში“. ეგვიპტელი სწორედ ყოფილ თანაკლუბელს დაუკავშირდა და საქართველოში ჩამოსვლის სურვილი თავად გამოთქვა, ვინაიდან ეგვიპტეში მიმდინარე სამოქალაქო ომის შედეგად, იქ საფეხბურთო ჩემპიონატი ჩაიშალა.
ამირ მეგაჰედი მაღალი ფეხბურთელია (190 სმ.) და ამპლუით საყრდენი ნახევარმცველია, თუმცა მას ხშირად ცენტრალური მცველის პოზიციაზეც უთამაშია. იგი 2007 წლიდან ეგვიპტის ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაშია, ხოლო მისი საკლუბო კარიერა ასეთია: 2004-07 წლებში ის საბერძნეთის „პაოკის“ ღირსებას იცავდა, 2007-08 წლებში არაბეთის ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობდა, ხოლო 2008-10 წლებში კი ეგვიპტელმა კვიპროსის „ანორთოსისის“ მაისური მოირგო. 2010 წლიდან დღემდე საკუთარი ქვეყნის საფეხბურთო კლუბ „მასრ მაკსას“ შემადგენლობაში თამაშობდა.
დღეს ეგვიპტელის თამაში მარტვილის „მერანის“ წინააღმდეგ სათუოა, თუმცა, როგორც კობა წიტაიშვილი აცხადებს, ის ზუგდიდელთა შემადგენლობაში აუცილებლად ითამაშებს მე-4 ტურის მატჩში, განმუხურში, ბოლნისის „სიონის“ წინააღმდეგ.
ამირ მეგაჰედი: „ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად ეროვნული ჩემპიონატი ჩაიშალა, რის შემდეგაც დავუკავშირდი კობა წიტაიშვილს და ზუგდიდში ჩამოსვლაზე სურვილი თავად გამოვთქვი. ჩემს შესაძლებლობაზე ყველაზე უკეთ მას მოეხსენება. სადაც მითამაშია, ყველგან ძირითად შემადგენლობაში ვიმკვიდრებდი ადგილს. ახლაც იდეალურ ფორმაში ვარ და ვფიქრობ, რომ „ზუგდიდს“ აუცილებლად დავეხმარები“.
ს. კ. „ზუგდიდის“ პრესსამსახური