25-ე ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში ს.კ. „ზუგდიდს“ ახალი გერბი ექნება. ახალი გერბიც იგივე ფერებშია გადაწყვეტილი, თუმცა ყოფილისგან განსხვავებით, ახალს სხვა სიმბოლური დატვირთვაც აქვს. ახალ გერბზე ზუგდიდში ფეხბურთის დაბადების წელთან ერთად სიმბოლურად გამოსახულია ცხენი. ცხენი, როგორც მზის კულტის ელემენტი, მიიჩნევა ცის მაცნედ, განთიადისა და მზის სიმბოლოდ. ძვ .წ. აღ-ს XIII საუკუნის არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ საქართველოში უძველესი დროიდანვე არსებობდა ცხენის კულტი (გარდა ამისა, ცხენს სხვა სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა ყოველთვის. არგონავტების მითის მიხედვით შექმნილ როდოსელის ნაწარმოებში “არგონავტიკა“ აღწერილია ძველი კოლხეთის ქვეყნის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა - მოაჯირშემოვლებული ასპარეზი, რომელიც კოლხთათვის თავშეყრის, შეჯიბრებების და მხედრული წრთობის ადგილი ყოფილა). ს.კ. „ზუგდიდის“ ხელმძღვანელობამ და ადმინისტრაციამ 8 სხვადასხვა ნიმუშისგან, არჩევანი ახალ გერბზე რამდენიმე დღის წინ გააკეთა.






