ფეხბურთი

21:25 | 27.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ზესტაფონმა" "მანისასფორთან" 0:0 ითამაშა

 

თურქულ შეკრებაზე მყოფმა ”ზესტაფონმა”, პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. ზემოიმერელთა მეტოქე, თურქეთის პირველი დივიზიონის წარმომადგენელი ”მანისასპორი” გახლდათ. მატჩი 0:0 დასრულდა.

შეხვედრა სასტუმრო "გრინ პარკის" საფეხბურთო კომპლექსის ერთ-ერთ მოედანზე გაიმართა და თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყო. თურქულმა კლუბმა, რომელსაც დღესდღეობით ადგილობრივი სპეციალისტი ქემალ ოზდეში წვრთნის, მაისში დასრულებულ თავის ქვეყნის ჩემპიონატში, სუპერლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში იასპარეზა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში, დასავლეთ თურქეთის წარმომადგენლებს გზა "ქონიასპორმა" გადაუღობა. "მანისასპორში" ავსტრიელი, პოლონელი და სერბი ლეგიონერები ასპარეზობენ. დღევანდელ შეხვედრაში ზესტაფონელებმა დანაკლისი ვერ აიცილეს - ზურგის ტრავმის გამო, თურქთა წინააღმდეგ ვერ იასპარეზა ფორვარდმა საბა ლომიამ.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში კი წარიმართა, თუმცა გოლის გატანასთან ახლოს, მაინც ქართველები იყვნენ - თავისი გუნდის დაწინაურების შესაძლებლობები გიორგი ჭანკოტაძესა და გიორგი ადამიას მიეცათ. გამოსარჩევია ადამიას მონაწილეობით შექმნილი ეპიზოდი - "მანისასპორის" გოლკიპერმა ვოლკან ბაბაჯანმა შეცდომა დაუშვა და გიორგის, თითქოს, ბურთი ცარიელ კარში უნდა გადაეგზავნა, თუმცა მანისელები ისევ თურქთა მეკარის თავგანწირულმა თამაშმა გადაარჩინა...

მეორე ტაიმში ქართველთა უპირატესობა გამოიკვეთა და მათ, ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ძალიან სახიფათო ეპიზოდი შექმნეს "მანისასპორის" კართან - გოლის გატანა ოთარ კვერნაძესა და ირაკლი ქობალიას შეეძლოთ, თუმცა ორივე ამ ეპიზოდში, თურქთა გოლკიპერმა იყოჩაღა. მალევე, სწორედ ამ დუეტის მონაწილეობით, ზესტაფონელებმა აშკარა საგოლე მომენტი შექმნეს - ირაკლი ქობალიამ ოთარ კვერნაძე დროული გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა ამ უკანასკნელის დამაგვირგვინებელი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

მატჩის მიწურულს, გამარჯვების მოპოვების შანსი მანისელებსაც მიეცათ, თუმცა ქართველთა მხარეს ჯერ ხარიხა აღმოჩნდა, შემდეგ კი, თავისი ოსტატობის დემონსტრირების საშუალება უკვე კახა მეშველიანს მიეცა. საბოლოოდ, მატჩი უგოლოდ დასრულდა - 0:0.

ზესტაფონელთა შემადგენლობა: კვასხვაძე (მეშველიანი, 46), კანდელაკი (კიკნაველიძე, 46), თედო გრიგალაშვილი (რენე დოს სანტოსი, 46), კაჭკაჭიშვილი (გაგოშიძე, 46), თორნიკე გრიგალაშვილი (ტერზიჩი, 46), ჭანკოტაძე (რაჟამაშვილი, 46), შარიქაძე (ჭანტურიშვილი, 46), იელიჩი (თედო გრიგალაშვილი 67), კუტალია (სარდალიშვილი, 46), რეკრუკი (კვერნაძე, 46), ადამია (ქობალია, 46).

www.fczestafoni.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116219