ფეხბურთი

18:19 | 2.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ზესტაფონის" ძველი ნაცნობი ენერ-გია

 

გია გეგუჩაძე – არაერთი ადამიანის აზრით, საქართველოს ჩემპიონატის სივრცეში საუკეთესო მწვრთნელი "ზესტაფონს" უბრუნდება. მასთან კონტრაქტის შესახებ კლუბს ოფიციალურად არ გაუხმაურებია, თუმცა გადაწყვეტილია, რომ გეგუჩაძე 2-თვიანს პლუს 2-წლიანი ხელშეკრულებით იმუშავებს.

კვირას, "ზესტაფონი" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებს და როგორც იმერული კლუბის პრესატაშე სერგო ფუტკარაძემ "მსოფლიო სპორტს" აცნობა, გუნდს ჯერ მოქმედი სამწვრთნელო შტაბი უთავკაცებს ლევან ბაჯელიძის ხელმძღვანელობით.

როგორც შევიტყვეთ, გეგუჩაძე "სიონთან" შეხვედრას დაესწრება. ასე რომ, დიდი ალბათობით, გეგუჩაძის ხელმეორე ზესტაფონური დებიუტი 10 ნოემბერს შედგება და თანაც, თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ საშინაო მატჩში. თითქოს სიმბოლურია – გეგუჩაძე იმ გუნდის წინააღმდეგ შეხვედრით იწყებს, სადაც სახელი გაითქვა და 2004 წელს უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.

"ზესტაფონის" ხელმძღვანელობასა და ქომაგებს გეგუჩაძის დიდი იმედი აქვთ. გუნდი საქართველოს თასიდან გავარდა, ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზეა და ამ ეტაპზე, პროგრამა-მინიმუმი, რა თქმა უნდა, ექვსეულში გასვლაა. შემდეგ კი, თუ ექვსეულში მოხვდებიან, რა თქმა უნდა, სამეულზე და ევროტურნირებზე გასვლაზეც იფიქრებენ.

მოდით, გადავხედოთ გეგუჩაძის ზესტაფონურ მონაგარს: მან 2011 წელს ქვეყნის ჩემპიონობა მოაპოვებინა გუნდს, ევროპის ლიგისა თუ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზეც ღირსეულად (ქართული საკლუბო ფეხბურთის კვალობაზე) გამოდიოდა.  

გეგუჩაძე ტიპიურ 4-4-2-ს ათამაშებდა "ზესტაფონს" და ქუთაისის "ტორპედოსაც", სადაც ტიტული ვერ მოიგო, მაგრამ ახალგაზრდული შემადგენლობის პირობებზე მართლაც კარგი გუნდი გააკეთა. საერთოდ, გეგუჩაძის კარიერაში ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ფეხბურთელები მკვეთრი პროგრესის გზაზე დამდგარან და შესაბამისად, არაფრით გამორჩეულ კონტიგენტსაც მკვეთრად მოუმატებია. არახალია ისიც, რომ გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდები შეტევაზე ორიენტირებულნი არიან.   

რამდენად ნაცნობი კონტიგენტი ხვდება გეგუჩაძეს "ზესტაფონში"? ის 3 წლის განმავლობაში მუშაობდა კლუბში და იმდროინდელი შეგირდებიდან დღეს გუნდში არიან: როინ კვასხვაძე, კახა მეშველიანი, თორნიკე გრიგალაშვილი, გიორგი კაჭკაჭიშვილი, გიორგი ჭანკოტაძე, მიხეილ სარდალიშვილი, საბა ლომია, ნოდარ კიკნაველიძე.

თუ გავითვალისწინებთ რეგულარულად თამაშს, ასეთი დღეს მხოლოდ კვასხვაძე გახლავთ, რომელსაც გეგუჩაძის მაშინდელ "ზესტაფონში" მუდმივი პრაქტიკა ჰქონდა. 

0.127324