სტატიები

9:48 | 20.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონი” – ოაზისიდან "დევნილობაში"

ძნელია, საკითხზე წერა, როცა პრობლემის ორივე მხარეს მდგომთაგან, არცერთი ოფიციალური კომენტარი არ მოგეპოვება. თუმცა, ისეთ შემთხვევაში, რომელზეც კიდევ ერთხელ უნდა შევაჩეროთ მკითხველის ყურადღება, გამოკვეთილი მეორე მხარე არ არსებობს. იგი წარმოსახვაში ნამდვილადაა და მას სახელმწიფო, თუ მასთან მიტმასნილთა რეკეტის სახელი ჰქვია. მაინც, რაში გამოიხატება რეკეტი? შევეცდებით ცოტათი მაინც შევძლოთ ამ საკითხზე ნათელის მოფენა. კი, მართალია, ვარაუდების დონეზე მოგვიწევს ამის გაკეთება, მაგრამ, როცა მყარი მტკიცებულებები არ გაქვს, ამის გაკეთება, არგუმენტირებული ვა¬რაუდებით მაინც უნდა შეეცადო.
ცალსახაა და მეორე აზრი არ არსებობს, რომ რეგიონში ფეხბურთის განვითარების კერძო პროექტმა (რომელთანაც სახელმწიფოს არავითარი კავშირი არ გააჩნია), ზესტაფონში აშკარად გაამართლა. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ბიზნეს-ჯგუფმა, რომლის უპირველესი წარმომადგენელი კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაიაა, ბოლო 7 წლის განმავლობაში 10 მილიონი დოლარი დაახარჯა საკლუბო ინფრასტრუქტურის გაკეთილშობილებას.
ინვესტორს, რომელიც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის აქციათა სრული პაკეტის მფლობელია, სხვა არაერთი ჩანაფიქრი აქვს, რომელიც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ყველაზე მეთოდურად პროგრესირებადი გუნდის ახლო მომავალს ეხება. ზესტაფონში იტალიური “მილანელოს” ქართული ანალოგის საძირკვლის შენება დაიწყეს, ახალი კომფორტაბელური სტადიონის პროე¬ქტიც, უკვე არსებობს. მოკლედ, ინვესტორი ამ საქმეში მოგების მიღებას გეგმავს და კაპიტალსაც იმიტომ აბანდებს.
ცალკე საუბრის თემაა სტადიონს დაბრუნებული მაყურებელი. ზესტაფონელი (და არა მარტო აქაური) გულშემატკივარი ფეხბურთით ცხოვრობს. გლეხი, მუშა, ინტელიგენტი, ზრდასრული თუ მოზარდი - ყველანი დღეებს და ხშირად საათსაც ითვლიან - როდის მივლენ სათაყვანო გუნდის მორიგი მატჩის საყურებლად. აქ, “ზესტაფონის” გულშემატკივრობა იმ დონემდეცაა მიყვანილი, ტერმინი “უბრალო მაყურებელი” არ არსებობს - აქ ყველა “ბრალიანია”. მათ აზრს კლუბში პატივს სცემენ და ანგარიშსაც უწევენ.  
და რა ხდება ამ დროს? ვიღაცას, რომლის “მავანად” მოხსენიებაც ჯერ გაგვიჭირდება, ასეთ საფეხბურთო ოაზისში ხელების ფათური მოუნდა. ღრმად დარწმუნებული ვართ, “მთლად ზევით” ხეირიანად არც იციან ხელის რაზე აღმართვა დაევალა იმ ვიღაცას.  
საქართველო პატარა ქვეყანაა და არაფერი იმალება. მით უფრო, ზესტაფონში ვერ დამალავ იმ ინფორმაციას, რაზეც უკვე მთელი იმერეთი ლაპარაკობს. იმერული კლუბის დე-იურე პრეზიდენტს შეუთვალეს - ამდენი ფული ფეხბურთში რომ ჩაგიდევს, ერთი კოხტა სტადიონი მორაგბეებსაც აუშენეო.
ჩვენი აზრით, ამ ვარაუდს ნამდვილად აქვს არსებობის უფლება, რადგან ასეთი შეთვლა-შემოთვლა არც დღესაა ახალი, არც წარსულში იყო უცხო ხილი და ალბათ, საქართველოში კარგა ხანს იქნება. და რა ქნას ამ დროს ინვესტორმა, რომლის ინტერესის სფეროში არ შედის კომერციულად წამგებიანი სპორტის სახეობა? მას, ჩვენი აზრით, ორი ვარიანტი აქვს - ან “შეიწეროს” რაც დაევალა, ან ადგეს და რასაც აფინანსებდა, მასაც შეუწყვიტოს სუბსიდირება და საერთოდ დატოვოს ქვეყნის ფარგლები.
გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ჩვენი ინფორმაციით, ილია კოკაია სულაც არაა ს/კ “ზესტაფონში” კაპიტალის ერთპიროვნულად დამბანდებელი (დიდი ალბათობაა, იგი მხოლოდ მენეჯერის მოვალეობით იფარგლებოდეს). ამდენად, როცა რაღაც ზეგეგმიური ხარჯის გაწევა მოუწევს, მან იგი აუცილებლად უნდა შეათანხმოს ევროპელ (სავარაუდოდ ავსტრიელ) პარტნიორთან, რომლის დღევანდელ კონცეფციაში, დარწმუნებული ვართ, სულაც არ შედის რაგბი.
ახლა, იმაზე ვთქვათ, რა მოიმოქმედა “ზესტაფონის” ხელმძღვანელობამ, შაბათს თბილისში გამართული ჩემპიონატის მორიგი მატჩის (“გაგრასთან” 0:0) შემდეგ - გუნდი სასტუმრო “სიმპათიაში” განათავსა და ფეხბურთელები აქედან დაითხოვა ერთდღიან შესვენებაზე; იმერული გუნდი დღეს, “სიონთან” სამომავლო მატჩისთვის მოსამზადებლადაც აქ შეიკრიბება. პრესისთვის გაკეთებულ ძალიან მწირ განცხადებაში ითქვა, რომ ჩემპიონატის მომავალი მატჩებისთვის უკეთ მომზადების მიზნით, “ზესტაფონი” თბილისში მოემზადება და შინ გასამართ შეხვედრებსაც აქ გამართავს.
სწორედ იმერელთა ასეთი საქციელი გახდა იმ ვარაუდების ძიებისა და ვერსიების განხილვის საბაბი, რომლითაც მკითხველის სწორ გზაზე დაყენებას ვცდილობთ. სხვათა შორის, ზემოთ განვრცობილ ვარაუდს რაგბის სტადიონის თაობაზე, ზესტაფონელთა საუიკენდო საქციელი ლოგიკურად ებმება.
გავრცელდა ცნობა იმის შესახებაც, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილ კლუბის პრეზიდენტს, აჭარის მთავარი ხელისუფალი ლევან ვარშალომიძე დაუკავშირდა და ბათუმში იდეალური პირობების შექმნას დაჰპირდა - ოღონდ შენი ფინანსებით აქეთ წამოდიო. შესაძლოა, მოგების მიღებაზე ორიენტირებული ინვესტორისთვის, აჭარული ვარიანტი ზესტაფონურზე მიმზიდველი ჩანდეს, მაგრამ აქ, სუფთა ადამიანურ ფაქტორს უნდა გაესვას ხაზი. არა გვგონია, ზესტაფონიდან “გაქცეული” ბიზნესმენი ბათუმში დიდხანს უღალატოდ შეიფარონ - მისგან ხომ ყოველთვის ისეთივე “ღალატის” მოლოდინში იქნებიან, როგორიც ზესტაფონელებს დამართა (რის რეალობაში მოხდენისა მაინც არ გვჯერა)?         
მომხდარი გაუგებრობის დროულად გადაწყვეტის პროცესში, ზესტაფონელებს რაიონის მაჟორიტარი პარლამენტარის, კახა გეწაძის ეიმედებათ. მოგეხსენებათ, იგი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია და კარგად ესმის, რას ნიშნავს სპორტში ინვესტორი - თანაც ისეთი, რომელიც უკვე წლებია, ფულს აბანდებს და ამ საქმეში გაჩერებას არ აპირებს (თუ მექანიკურად არ გააჩერეს).
შესაძლოა, ამ თემასთან კავშირში უდროო იყოს, მაგრამ ზესტაფონური ოაზისის ფენომენს, არცერთი პოსტრევოლუციური გუბერნატორი არ სწყალობდა. გვესმის, რომ შესაძლოა, პოლიტიკოსს ფეხბურთი არ აინტერესებდეს, მაგრამ რადგან კერძო ბიზნესია და მის ასეთად გამართვაში ხელისუფლების ხელი არ ურევია, საჩვენებლად მაინც არ უნდა მიხვიდე სტადიონზე? არადა, არის ქვეყანაში რეგიონი, სადაც გუბერნატორს სტადიონზე მისვლას დააძალებენ კი არა, ლამის გუნდის დაკომპლექტებაში “სდებენ ბრალს”.      
ჩვენ იმაზე ვთქვათ, რა გამოსავალი არსებობს “ზესტაფონის” ირგვლივ შექმნილ სიტუაციაში. ვისაც ეს ხელეწიფება, ყველაფერი უნდა გააკეთოს საიმისოდ, რომ გუნდი მუდმივი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდეს. ამ საქმეში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის როლიც არაა უმნიშვნელო. თუ საქვეყნოდ არ გაახმოვანებენ, კონკრეტულად რა მიზეზით მიიღო კლუბმა “დევნილობაში” ყოფნის სტატუსი, კულუარულად (ჩვენთან ხომ სულ ამ გზით წყდება დიდი საქმეები)  მაინც გადაწყვიტონ პრობლემა ისე, რომ მარტო მოახლოვებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ხათრით კი არ დააბრუნონ “ფეროელები” შინ, არამედ სამუდამოდ.
ფედერაციას რომ ხელეწიფება ასეთ საქმეში კონსტრუქციული მონაწილეობა, ახლო წარსულში მომხდარი ერთი პატარა (ესეც კულუარული ამბავია) მაგალითიდანაც ჩანს. დიდი რაგბისთვის სტადიონების გადაცემის “ქარიშხალში”, თბილისში, კერძოდ კი ვაკეში მდებარე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიც იყო მოყოლილი. ამჟამინდელი სიტუაცია კი ისეთია, დედაქალაქის მერია, ამ სტადიონის და მისი მიმდებარე ინფრასტრუქტურის სფფ-სთვის გადაცემას აპირებს. ხომ გადაურჩინა ზვიად სიჭინავამ ფეხბურთს ეს სტადიონი, ახლა, ჯერი კერძო ბიზნესზეცაა - თავადაც ხომ ამ სფეროდანაა მოსული.

ფრიდონ კერვალიშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097789