ჭადრაკი

1:08 | 20.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მესამე მარცხი

ფიდე-ს გრან-პრის მორიგი ეტაპი, რომელსაც სომხეთის ქალაქი ჯერმუკი მასპინძლობს, ძალიან წარუმატებლად მიმდინარეობს ქართველი ნინო ხურციძისთვის (2456). ქართველმა მოჭადრაკემ მე-3 ტურში მე-3 მარცხი განიცადა და გასაკვირი არაა, რომ 12 მონაწილეს შორის ბოლო ადგილზე იმყოფება.
ამჯერად, ხურციძე თეთრი ფიგურებით ქსუე ჟაოს (2556) დაუპირისპირდა და მეტოქესთან, რომელსაც ამ პარტიამდე ასევე ნული ქულა ჰქონდა, ვერაფერი გააწყო, მე-4 ტურში ნინო კვლავ თეთრებით ითამაშებს და სომეხ ელინა დანიელიანს (2480) დაუპირისპირდება, რომლის აქტივშიც 1.5 ქულაა.
ჯერმუკის ტურნირის სათავეში ჩინელები – ვენჯუნ ჟუ (2518) და ლუფეი რუანი (2483) არიან, რომელთა აქტივშიც 2.5-2.5 ქულაა.
შეგახსენებთ, რომ ჯერმუკის ეტაპი რიგით მეხუთეა, სულ კი ექვსი ტურნირია დაგეგმილი, რომელთაგან მოჭადრაკეებს სამ საუკეთესო შედეგს დაუთვლიან და გამარჯებულიც გამოვლინდება.
ეტაპის მოგებისთვის 160 ქულაა გათვალისწინებული, შემდეგ კი ქულები ასე ნაწილდება: II – 130, III – 110, IV – 90, V – 80, VI – 70, VII – 60, VIII – 50, IX – 40, X – 30, XI – 20, XII – 10.
ამ დროისთვის გრან-პრის მოწინავე ხუთეულს ქულათა ასეთი მონაგარი გააჩნია: ჰოუ – 420, ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2606) – 375, ლაჰნო – 260, ჟაო – 235, ვიკტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2525) – 235.
ჰოლანდიის ქალაქ ამსტერდამში მიმდინარე ტურნირზე კლასიკურ ჭადრაკში კვლავაც უქულოდ რჩება ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა (2730), რომელიც მე-5 ტურში თეთრი ფიგურებით ვიეტნამელ ლიემ ლე ქუანგს (2693) ეთამაშებოდა.
შეგახსენებთ, რომ ”ოქროს კლასიკაზე” 40 სვლის შემდეგ, მეტოქეებს პარტიის გადადება შეუძლიათ, რითაც ჯობავამ და ლე ქუანგმაც ისარგებლეს, თუმცა, ისიც სათქმელია, აზიელს ზედმეტი ფიგურა გააჩნია და გამარჯვებასთან ძალიან ახლოსაა. გადადებული პარტია 21 ივლისს დასრულდება, დღეს კი ბაადური შავებით ისრაელის სახელით მოთამაშე ემილ სუტოვსკის (2687) ეთამაშება.
დასასრულ, ბულგარეთის ქალაქ ვარნაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზეც ვთქვათ, სადაც წარმატებულად თამაშობს გიორგი ბაღათუროვი (2455). ქართველი მოჭადრაკე მე-3 განთესვით ასპარეზობს, ბოლოსწინა ტურის წინ კი, მეორეა და მხოლოდ რეიტინგ-ფავორიტ ივან ჩეპარინოვს (2677) ჩამორჩება.
ამ უკანასკნელის აქტივში 7.0 ქულაა, ბაღათუროვმა კი 5 პარტია მოიგო, ხოლო 3 ფრედ დაასრულა და 6.5 ქულით ლიდერს კვალში უდგას. უკანასკნელ მე-9 ტურში ქართველი მოჭადრაკე შავებით კიდევ ერთ მასპინძელ სტანისლავ სტოიანოვს (2300) ეთამაშება, რომელიც 6.0 ქულით მე-7 პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094312