აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბის, აგდამის “ყარაბაღის” ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას ქართველ თავდამსხმელთან მართავს, რომელიც გერმანიაში თამაშობს. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა futbol11.az-ი იუწყება.
ფეხბურთელის გვარი არ ხმაურდება, მაგრამ ყველა მონაცემით ის გერმანიის მეორე ბუნდესლიგის “ბოხუმის” ფორვარდი ნიკა გელაშვილი უნდა იყოს. ბოხუმელთა კიდევ ერთ ქართველ შემტევ ალექსანდრე იაშვილს კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა და კარიერას ბაქოს “ინტერში” გააგრძელებს. გელაშვილს კი, გერმანელებთან ხელშეკრულება კიდევ 2 წლით აკავშირებს. თუმცა, განვლილი სეზონის ბოლო ტურებში იგი პირველი გუნდის 18-კაციან განაცხადში ვერ ხვდებოდა და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. აქედან გამომდინარე, გუნდის დატოვების წინააღმდეგი არ იქნება.