ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩში, მესამე პარტია ყაიმით დასრულდა. საწყის შეხვედრებში გამარჯვებათა გაცვლის შემდეგ, ამჯერად, ვესელინ ტოპალოვმა და ვიშვანათჰან ანანდმა დაზავება არჩიეს და 46 სვლაზე ყაიმი გააფორმეს.
გუშინდელ პარტიაში თეთრი ფიგურებით ბულგარელი მოჭადრაკე ირჯებოდა, დღეს კი უპირატესობა უკვე ინდოელს ექნება.
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე სატიტულო შეხვედრა 12 პარტიისგან შედგება, რომელიც დროის კლასიკური კონტროლით მიმდინარეობს: 2 საათი 40 სვლაზე, საათი მომდევნო 20 სვლაზე და 15 წუთი პარტიის ბოლომდე, 61-დან თითო სვლაზე 30 წამის დამატებით.
მატჩის ყაიმით დასრულების შემთხვევაში, მეტოქეები სწრაფ ჭადრაკში ტაი-ბრეიკსა და ბლიცს ითამაშებენ. საჩემპიონო შერკინების საპრიზო ფონდი 2 მილიონი ევროა. აქედან გამარჯვებულს 1 200 000 ერგება, ხოლო დამარცხებული კი 800 000-ს მიიღებს.







