ჭადრაკი

16:16 | 27.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ხუთეული დაწინაურდა

გიბრალტარის საჭადრაკო ფესტივალის (საპრიზო ფონდი 150 ათასი ევრო) სამი ტურის თავზე, ქულათა მაქსიმუმით ხუთი დიდოსტატი – ნაიჯელ შორტი (ინგლისი, 2677), მაიკლ ადამსი (2724), იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2605), საბინო ბრუნელო (იტალია, 2581) და რუბენ ფელგაერი (ბრაზილია, 2571) დაწინარდა, ქართველთაგან საუკეთესო ნანა ძაგნიძე (2535) კი მათ ნახევარი ქულით ჩამორჩება.
მე-3 ტურში ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით ზელანდიელი ალისტერ კომპტონი (2051) დაამარცხა, მისი შემდეგი მეტოქე კუნძულელზე გაცილებით ძლიერი ბრაზილიელი ალექსანდრ ფიერი (2603) იქნება.
2-2 ქულა აქვთ აქტივში ნინო ხურციძეს (2444), ლელა ჯავახიშვილსა (2454) და სალომე მელიას (2398), რომლებიც დამატებითი მაჩვენებლებით, შესაბამისად, 54-ე, 62-ე და 69-ე ადგილებზე იმყოფებიან, ხოლო ნანა ძაგნიძის მეუღლე შალვა კაკულია (2133) 1.5 ქულით, 256 მონაწილეს შორის 130-ეა.
გიბრალტარის საჭადრაკო ფესტივალი შვეიცარიული სისტემით, ათ ტურად წარიმართება და 2 თებერვალს დასრულდება, საპრიზო ფონდიდან კი თანხები ასე გადანაწილდება: I ადგილი – 20 ათასი ევრო, II – 12 ათასი, III – 10 ათასი, IV – 8 ათასი, V – 5 ათასი, VI – 3 500, VII – 3 ათასი, VIII – 2 500, IX – 2 ათასი, X – 1 000, XI – 1000, XII – 1000. ქალთა შორის გამარჯვებული 10 ათას ევროს მიიღებს, მეორე-მესამე ადგილოსნები კი შესაბამისად, 7 და 5 ათასით დაჯილდოვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094369