ფეხბურთი

12:15 | 7.01.2014 | ნანახია 3548 - ჯერ

ხურცილავა და სიჭინავა ეუსებიოსთან შეხვედრების შესახებ

 ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელის, ეუსებიოს გარდაცვალებამ მთელი მსოფლიო შეძრა. სტაჟიან გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ მისი ელეგანტური, ვირტუოზული და შედეგიანი თამაში. თუმცა, მის შესახებ უფრო დაწვრილებით, ცხადია ვეტერანები მოგვიყვებიან, რომლებისთვისაც ეუსებიოს გარდაცვალება პირადი წუხილია.

თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ორი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე (1966, 1970) მურთაზ ხურცილავამ ეუსებიოს გარდაცვალებას “მსოფლიო ფეხბურთის აუნაზღაურებელი დანაკლისი” უწოდა. ამ სტრიქონების ავტორთან საუბარში თბილისში მცხოვრებმა 71 წლის ხურცილავამ გაიხსენა, რომ ჰქონდა ბედნიერება ორჯერ ეთამაშა ეუსებიოს წინააღმდეგ. “პირველად ეს 1966 წელს იყო, როცა მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 ადგილისთვის მატჩში სსრკ-ის ნაკრები პორტუგალიისას შეხვდა. ეს მატჩი ორივე გუნდის შესრულებით, ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი იყო (პორტუგალიელებმა 2:1 გაიმარჯვეს). მაგრამ განსაკუთრებით დამამახსოვრდა ეუსებიოს გასაოცრად ლამაზი თამაში,” – გვითხრა ხურცილავამ. მისი თქმით, “ეუსებიო ფეხბურთის ვირტუოზი იყო, ძალიან ტექნიკური და დახვეწილი მოთამაშე და ჩვენ, ფეხბურთელები განსაკუთრებით ვცემდით პატივს ასეთ მოთამაშეებსო.”

ხურცილავამ (ის 1972-74 წლებში სსრკ-ის ნაკრების კაპიტანი იყო) აღნიშნა, რომ “მეორედ ეუსებიოს წინააღმდეგ თამაში მას 1971 წელს, მოსკოვში, ლეგენდარული მეკარის, ლევ იაშინის გაცილების მატჩში მოუწია. “მაშინ მოსკოვში ერთმანეთს მსოფლიოსა და საბჭოთა კავშირის “დინამოების” (რომელიც მოსკოვის, კიევის, თბილისისა და მინსკის “დინამოების” ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული) ნაკრებები შეხვდნენ. ეს თამაში 2:2 დამთავრდა და ეუსებიომ ისევ სოლიდური შთაბეჭდილება დატოვა.” ხურცილავამ აღნიშნა, რომ ამ მატჩის შემდეგ ბანკეტი გაიმართა, სადაც მაგიდასთან მის პირდაპირ ეუსებიო იჯდა. “გამაოცა მისმა თავმდაბლობამ. მაშინ ხომ ეუსებიო მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი გახლდათ.” ხურცილავას მიაჩნია, რომ “60-იან წლებში, პელეს შემდეგ, ეუსებიო მსოფლიოში საუკეთესო იყო.” შემდეგ კი ბატონმა მურთაზმა პორტუგალიელ ხალხს და მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოებას მიუსამძიმრა ეუსებიოს გარდაცვალების გამო.

თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, გიორგი სიჭინავამაც გაიხსენა საინტერესო ამბები ეუსებიოს შესახებ. ამჟამად სოჭში მცხოვრებმა სიჭინავამ ამ სტრიქონების ავტორთს უთხრა: “ეუსებიო საბჭოთა კავშირისა დაEევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველთან, ვალერი ვორონინთან მეგობრობდა. მათ ევროპისა და მსოფლიო ნაკრებებში ერთად ეთამაშათ და მეგობრობაც აქედან დაწყებულა. 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის მატჩი დაძაბული და დრამატული გამოდგა,” - იხსენებს 70 წლის სიჭინავა. მისი თქმით, 1966 წლის ივლისში, ლონდონში, საბჭოთა კავშირისა და პორტუგალიის ნაკრებები ერთ სასტუმროში ცხოვრობდნენ. “პორტუგალიელები ერთი სართულით მაღლა ბინადრობდნენ და ცხადია, ჩვენ დერეფანში ხშირად გვხვდებოდნენ. ძალიან გვინდოდა მე-3 ადგილისთვის მატჩში მათი დამარცხება. ამ შეხვედრაში, ლეგენდარულ “უემბლიზე,” საბჭოელთაგან ძალიან კარგად ითამაშეს სლავა მეტრეველმა და ვალერი ვორონინმა (სიჭინავამ საკუთარ თავზე არაფერი თქვა, თუმცა ყველა სპეციალისტი აღნიშნავდა მის შესანიშნავ თამაშს და ეს ვიდეოჩანაწერშიც კარგად ჩანს – ავტ.). მეტრეველი მოწინააღმდეგის დაცვას ხშირად აწუხებდა, ვორონინი კი საიმედოდ მოქმედებდა მოედნის ცენტრსა და დაცვაში, მაგრამ ეუსებიო შეუჩერებელი იყო,” – იხსენებს სიჭინავა.

სწორედ ეუსებიომ გახსნა ანგარიში მე-12 წუთზე. “მან პენალტის ნიშნულიდან იმდენად ძლიერად დაარტყა, რომ ლეგენდარული ლევ იაშინიც კი უძლური იყო, რაიმე მოეხერხებინა” – აღნიშნა სიჭინავამ. თბილისის დინამოელმა სლავა მეტრეველმა 44-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ მატჩის მიწურულს (87-ე წუთზე) ტორესმა გამარჯვების გოლი გაიტანა. საბჭოთა ფეხბურთელებმა მცირე ბრინჯაოს მედლები მიიღეს, პორტუგალიელებმა კი მესამე ადგილი დაიკავეს.  

კითხვაზე, მატჩის შემდეგ რატომ გადაიღო ეუსებიომ სურათი მასთან და ვორონინთან, სიჭინავამ ნახევრადხუმრობით გვიპასუხა: “მეტრეველი და ვორონინი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეები იყვნენ, თუმცა, ეტყობა, ეუსებიოს ჩემი ჯვარი მოეწონა (იცინის) და ამიტომ ამირჩია. მაშინ საბჭოთა ფეხბურთელები ჯვრებს არ ატარებდნენ, სიჭინავა კი “დინამოსა” თუ ნაკრების მატჩებში ყოველთვის ატარებდა, “ასე უფრო თავდაჯერებული ვარო.” სიჭინავას თავისებური, ჯიუტი ხასიათი ჰქონდა. ამიტომ მწვრთნელები და ნაკრების თანმხლები პირები ჯვრის მოხსნას არ სთხოვდნენ, იცოდნენ, მაინც არ ჰქონდა აზრი.

სიჭინავამ გვითხრა: “ვერ ვიჯერებ, რომ ეუსებიო ცოცხალი აღარ არის. ის მე-20 საუკუნის მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი იყო და მისი სახელი ოქროს ასოებითაა შესული მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაშიო.”

თენგიზ პაჭკორია



კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:34 | 07.01.2014
sandrinio10 (1411)

იმედია წაიკითხავენ და ჟორა სიჭინავაძე გააკეთებენ გადაცემას. დიმა ობოლაძეს აღარ ვეხები. მემგონი მაგას საერთოდ არ გაუგია ვინ იყო. ! ჟორა სიჭინავას გაუმარჯოოოს და გადაცემას ვითხოვვვვ სანა ჩვენთან ერთად არისსსსსს!!!!!!!

15:39 | 07.01.2014
kasper77 (255)

sandrinio10

მართალი ხარ, არადა გიორგი სიჭინავა, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, 16 წლის ასაკში, დინამოში იყო უკვე და 18 წლის ნაკრების წევრი, 25 წლისამ ფაქტიურად დაანება ფეხბურთს თავი, ყიფიანმა 25 წლის მერე დაიწყო დიდი ფეხბურთის თამაში, 20 სიჭინავა როცა ჩემპიონი გახდა, იამანიძესთან ერთად, ყველაზე ძლიერი ნახევარდაცვის წყვილი იყო

13:37 | 07.01.2014
alejandro (44439)

მურთაზ ხურცილავა უზომოდ მიყვარს!!!
დილაობით ფალიაშვილზე დასეირნობსხოლმე და შენს არ ვუშვებ ფეხბურთზე რომ არ ვისაუბროთ...
უმაღლესი პიროვნება და კაცური კაცი ბრძანდებით ბატონო მურთაზ!

12:37 | 07.01.2014
normali (400)

ხურცი და სიჭი ძალიან დიდი ოსტატები იყვნენ. ეისებიო კი პელეს შემდეგ იმ დროს ნომერ მეორე ფუტბოლისტი იყო. sandrinio10 (974) გეთანხმებით,უნდა აჩვენონ 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ის მატჩები,რომლებშიც თამაშობდნენ მეტრეველი,სიჭი,ხურცი,კავაზაშვილი///

12:25 | 07.01.2014
sandrinio10 (1411)

დიდხან გვიმყოფოს ჟორა სიჭინავა ღმერთმა ცოცხალი , მაგრამ ხომ შეიძლება გადაცემა გავაკეთოთ ამ დიდებულ ფეხბურთელზე. მაინც და მაინც რომ წავა ადამიანი მერე ვხსნით ვარსკვლავებს და მერე ვიცით დაფასება. დათო მინაშვილის და პორტუგალიის ჩემპიონატის სიყვარულში ჩაფლულ სასტავს მივმართავ(ჯმჯ ფეხბურთს) , რომ ცოტაა აზე მოდით და ლეგენდარული ფეხბურთელები არ დაივიწყოთ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.0649
სარეკლამო ადგილი - 99
X x X