ფიდე-ს გრან-პრის მორიგ ეტაპზე, რომელსაც სომხეთის ქალაქი ჯერმუკი მასპინძლობს, ქართველმა ნინო ხურციძემ (2456) წაუგებლად პირველი პარტი ჩაამთავრა. მე-4 ტურში იგი თეთრი ფიგურებით სომეხ ელინა დანიელიანს (2480) დაუპირისპირდა და ყაიმი გააფორმა.
ნინომ 0.5 ქულა მოაგროვა და 12 მონაწილეს შორის ბოლო ადგილზე რჩება, ერთპიროვნული ლიდერი კი ჩინელი ვენჯუნ ჟუა (2518), რომლის აქტივშიც 3.5 ქულაა. მომდევნო ტურში ხურციძე შავებით კიდევ ერთ ჩინელ იიფან ჰოუს (2617) დაუპირისპირდება, რომელიც 2.5 ქულით მეორეა.
შეგახსენებთ, რომ ჯერმუკის ეტაპი რიგით მეხუთეა, სულ კი ექვსი ტურნირია დაგეგმილი, რომელთაგან მოჭადრაკეებს სამ საუკეთესო შედეგს დაუთვლიან და გამარჯებულიც გამოვლინდება.
ეტაპის მოგებისთვის 160 ქულაა გათვალისწინებული, შემდეგ კი ქულები ასე ნაწილდება: II – 130, III – 110, IV – 90, V – 80, VI – 70, VII – 60, VIII – 50, IX – 40, X – 30, XI – 20, XII – 10.
ამ დროისთვის გრან-პრის მოწინავე ხუთეულს ქულათა ასეთი მონაგარი გააჩნია: ჰოუ – 420, ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2606) – 375, ლაჰნო – 260, ჟაო – 235, ვიკტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2525) – 235.
ჰოლანდიის ქალაქ ამსტერდამში მიმდინარე კლასიკური ჭადრაკის ტურნირზე თამაში ვერაფრით გამოასწორა საქართველოს საუკეთესო მოჭადრაკე ბაადურ ჯობავამ (2730). მე-6 ტურში ბაადურმა შავი ფიგურებით ებრაელ ემილ სუტოვსკისთან (2687) წააგო და 0.5 ქულით უკანასკნელ ადგილზე დარჩა. დასკვნით მე-7 ტურში ჯობავა თეთრებით ამერიკელ გატა კამსკის (2744) ეთამაშება. ისიც ვთქვათ, რომ “ოქროს კლასიკას” 4.0 ქულით უკრაინელი ვასილი ივანჩუკი ლიდერობს.







