სომხეთის ქალაქ ჯერმუკში ფიდე-ს გრან-პრის ეგიდით მიმდინარე ეტაპის მე-2 ტურში ნინო ხურციძემ (2456) მე-2 მარცხი განიცადა. ქართველი მოჭადრაკე ამჯერად ინდოელ ჰამპი კონერუსთან (2598) თამაშობდა და ფავორიტად მიჩნეულ მეტოქესთან შავი ფიგურებით წააგო.
ხურციძე ასევე უქულოდ მყოფ ჩინელ ქსუე ჟაოსთან (2556) ერთად აუტსაიდერებში იმყოფება და მე-3 ტურში თეთრებით სწორედ მას დაუპირისპირდება. ლიდერები ჩინელი ვენჯუნ ჟუ (2518) და ხსენებული კონერუ არიან, რომელთაც ქულათა მაქსიმუმი გააჩნიათ.
შეგახსენებთ, რომ ჯერმუკის ეტაპის რიგით მეხუთეა, სულ კი ექვსი ტურნირია დაგეგმილი, რომელთაგან მოჭადრაკეებს სამ საუკეთესო შედეგს დაუთვლიან და გამარჯებულიც გამოვლინდება.
ეტაპის მოგებისთვის 160 ქულაა გათვალისწინებული, შემდეგ კი ქულები ასე ნაწილდება: II – 130, III – 110, IV – 90, V – 80, VI – 70, VII – 60, VIII – 50, IX – 40, X – 30, XI – 20, XII – 10.
ამ დროისთვის გრან-პრის მოწინავე ხუთეულს ქულათა ასეთი მონაგარი გააჩნია: ჰოუ – 420, ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2606) – 375, ლაჰნო – 260, ჟაო – 235, ვიკტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2525) – 235.







