ფეხბურთი

15:32 | 1.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხუმარაშვილის დუბლი ლატვიაში, ხიზანიშვილის მარცხი, დვალიშვილის 90 წუთი

ლატვიის ჩემპიონატში ქართველმა მცველმა გიორგი ხუმარაშვილმა დუბლი მიითვალა: მისმა "ილუკშტესმა" გასვლაზე 4:2 სძლია "სპარტაკს" და ბოლოდან მესამე ადგილზეა. ხუმარაშვილმა 23-ე და 26-ე წუთებზე გაიტანა. ცნობისთვის, ხუმარაშვილი 24 წლის მცველია, 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა. გახლდათ "ზესტაფონში", "ლოკომოტივში", "სამტრედიასა" და "ვიტ ჯორჯიაში". ერთი ბურთი "ილუკშტესის" ფორვარდმა გიორგი ტუხაშვილმაც შეაგდო მე-17 წუთზე.

"ილუკშტესიდან" ხუმარაშვილისა და ტუხაშვილის გარდა, შეუცვლელად ითამაშა ნახევარმცველმა ჯემალ ჯალიაშვილმაც.  

თამაზ პერტიას გაწვრთნილმა "სკონტომ" 5:0 აჯობა "იურმალას" და კვლავაც ლიდერობს 6-ქულიანი ჰანდიკაპით, თუმცა მდევარ "ვენტსპილსს" (სადაც თორნიკე თარხნიშვილია) 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. "სკონტოში" მხოლოდ ირაკლი კლიმიაშვილმა ითამაშა – შეუცვლელად. პერტიას გუნდს ბურთების შთამბეჭდავი შეფარდება აქვს: 56:5.

პოლონეთში "ლეგიამ" გასვლაზე 1:0 აჯობა "კრაკოვიას" და მეორე პოზიციაზეა. "ლეგიას" მწვრთნელმა ამჯერად სასტარტოში დააყენა ლადო დვალიშვილი და არც შეუცვლია. გამოდის, რომ მხოლოდ "სტიაუასთან" მატჩში შემოსწყრა.

"ვიძევი"-"იაგელონია" 1:1 დასრულდა. გიორგი ფოფხაძე სასტარტოში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს, ნიკა ძალამიძე კი, როგორც იცით, ჯერ სათამაშოდ არაა მზად. "იაგელონია" მეხუთე ადგილზეა.

რუსეთში "ტერეკი"-"ანჟი" 1:1 დასრულდა. გია გრიგალავა განაცხადში გახლდათ, თუმცა მინდორზე არ შეუყვანიათ. როგორც იცით, გრიგალავა "კრილიადან" გადავიდა მახაჩყალის გუნდში.

თურქეთის ჩემპიონატის მესამე ტურში, ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორმა" შინ 1:3 წააგო "ელაზიგსფორთან" და 3 ქულით მე-15 ადილზეა. ხიზანიშვილმა 90 წუთი ითამაშა.   

გერმანულ ბუნდესლიგაში "ჰერტამ" გასვლაზე წააგო "ვოლფსბურგთან" – 0:2. ლევან კობიაშვილი ამჟამად სათადარიგო გახლდათ და არ უთამაშია. შეხსენებისთვის, წინა სამ ტურში, ლევანი განაცხადშიც არ იყო. "ჰერტა" მეექვსე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114459