ფეხბურთი

20:36 | 1.10.2013 | ნანახია 1734 - ჯერ

ხუბუტიამ პირველი ადგილი დაიბრუნა

რუსეთის პირველი დივიზიონის მე-16 ტურში სარანსკის “მორდოვიამ”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი აკაკი ხუბუტია იცავს, შინ ბელგოროდის “სალიუტს” 1:0 მოუგო. ხუბუტიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისი გუნდი გალიდერდა. სარანსკელებს 32 ქულა აქვთ და 19-გუნდიანი სატურნირო ცხრილის სათავეში არიან.

ნალჩიკის “სპარტაკმა” მოსკოვის “ტორპედო” მიიღო და უგოლო ფრეს გამორჩა. მასპინძელთაგან გუჯა რუხაია თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო სირაძე – 82-ეზე. ნალჩიკელებმა თავი მხოლოდ 13 ქულას მოუყარეს და მე-17 პოზიციაზე არიან. 

ორენბურგის “გაზოვიკმა”, რომელშიც ზურაბ არზიანი გამოდის, საკუთარ მოედანზე “ნეფტეხიმიკს” ვერ მოუგო – 1:1.

ქართველი ფეხბურთელი განაცხადში არ იყო, რადგან დისკვალიფიცირებულია. მერაბ ურიდია “ნეფტეხიმიკის” თადარიგში იმყოფებოდა, მაგრამ თამაში არ მოუწია. “გაზოვიკს” 25 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა.

იგივე ანგარიშით დასრულდა კალინინგრადში ადგილობრივი “ბალტიკასა” და  “სიბირის” დაპირისპირება. “ბალტიკაში” კვლავ არ უთამაშია გიორგი შელიას, რომელიც სკამზე “მყარად” ლატვიის ნაკრების მეკარემ ალექსანდრ კოლინკომ დასვა. “ბალტიკა” 19 ქულით მეთორმეტეა.



კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:20 | 01.10.2013
Z.LO (802)

სად მოძებნიან ხოლმე ასეთ გუნდებს?

0.071087