სულ რამდენიმე საათი გვაშორებს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ყველაზე საინტერესო მეოთხედფინალურ დაპირისპირებამდე. “მილანთან” შეხვედრის წინ ტურნირის მოქმედი გამარჯვებულის მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას წინასამატჩო განწყობაზე კი შთაბეჭდილებას კატალონელთა დამრიგებლის მიერ იტალიელი ჟურნალისტებისთვის მიცემული ინტერვიუ შეგიქმნით.
- რა განწყობით ხვდებით “მილანთან” მორიგ დაპირისპირებას?
- “მილანი” პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მას უმდიდრესი ტრადიცია, შესანიშნავი ისტორია აქვს, გუნდი უმშვენიერეს “სან სიროს” სტადიონზე თამაშობს, ამასთან სადღეისოდათ მის რიგებს უმაღლესი კლასის ფეხბურთელები იცავენ. ყოველივე აქედან გამომდინარე, “ბარსელონა” განსაკუთრებული მატჩისთვის ჩასატარებლადაა განწყობილი. ჩვენ მეოთხედფინალში 2 ბრწყინვალე შეხვედრა უნდა ვითამაშოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნახევარფინალში გასვლაზე ფიქრი ზედმეტია.
- მოწინააღმდეგის კარგი ფეხბურთელები ახსენეთ. რომელ მათგანს უფრთხით ყველაზე მეტად, ზლატან იბრაჰიმოვიჩს ხომ არა?
- იბრა “მილანის” საკვანძო მოთამაშეა. როდესაც ბურთი მას აქვს, მილანელთა მთელი შემტევი ხაზი მოძრაობაში მოდის. კონკრეტულად ზლატანისა და მთლიანად “მილანის” განეიტრალება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მოწინააღმდეგეს ბურთს “დავუმალავთ”. ამ შემთხვევაში ამოცანა გაცილებით გაგვიადვილდება. ისე კი, მასიმილიანო ალეგრიმ მეტად დაბალანსებული გუნდის აწყობა მოახერხა. მისი მოთამაშეები მეტოქისთვის ძნელად ჩასაშლელ და ამოსაცნობ კომბინაციებს “ხლართავენ”, მეტად სახიფათონი არიან “მეორე სართულზე” და გრძელი პასებითაც მოწინააღმდეგის დაცვის მთლიანი ხაზის “მოჭრა” ხელეწიფებათ.
- მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩრდილოიტალიელებს ორჯერ შეხვდით. აქედან გამომდინარე, “მილანს” კარგად იცნობთ და მის წინააღმდეგ პაექრობის გეგმის შემუშავებაც ნაკლებად გაგიჭირდებათ...
- ორივე შეხვედრა კარგად გავაანალიზე. მიუხედავად იმისა, “სან სიროზე” 3:2 რომ ვიმარჯვეთ, “მილანს” მოგების ჩვენზე ნაკლები შანსი არ ჰქონია. ალეგრის ბიჭები მეტოქის კართან სახიფათო მომენტებს მრავლად ქმნიან და ჩვენი ამოცანა, მათთვის სივრცის შეზღუდვა და ბურთის “დამალვაა”.
- “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია, პრიმერა დივიზიონში კი “რეალთან” ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა. როგორ გგონიათ, მოახერხებთ შარშანდელი ტიტულების დაცვას?
- გუნდს ყოველი კონკრეტული მატჩისთვის ვამზადებ. ახალ მთავარია, ჯერ “მილანთან” ვითამაშოთ სათანადოდ, დანარჩენზე კი შემდეგ ვიზრუნებთ.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ







