ინტერვიუები

9:48 | 2.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ხავი: “მწვრთნელობა არ მიზიდავს”

ხავი – ეს ფეხბურთია. იგი არის ესპანური და კატალონიური ფეხბურთის არსი. მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული, სიდნეის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბუთელი, იგი ასევე იმყოფება ფიფას და “ფრანს ფუტბოლის” ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორის. ამ ფეხბურთელის მიღწევების ჩამოთვლის გაგრძელება კიდევ შეიძლება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესპანეთში მისი დარი ფეხბურთელი არ მოიძებნება. შეგვიძლია მოვძებნოთ და შევადაროთ. მაგრამ ფეხბურთის “არქიტექტორის” შესაძლებლობებს მხოლოდ მაშინ დავაფასებთ, როდესაც იგი ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს.
კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი, ყოველ კვირას ვირტუოზულ ფეხბურთს თამაშობს. ჩავი ერნანდესი სიამოვნებას არა მხოლოდ ფეხბურთის თამაშით, არამედ მასზე საუბრითაც ღებულობს. ინტერვიუს დროს, იგი თავს კომფორტულად გრძნობს და ყოველთვის გულახდილად საუბრობს. “ბარსას” ვიცე-კაპიტანი დარწმუნებულია, რომ კატალონიელები კვლავ ისეთ ფეხბურთს თამაშობენ, რომლის წყალობითაც, ნახევარი მსოფლიოს გაოცება მოახერხეს.
– აცნობიერებ საკუთარ წარმატებებს?
– დიახ და ვამაყობ იმით, რომ ამდენი მატჩის ჩატარება და ამდენი ტიტულის მოგება მოვახერხე. ამჟამად, კლუბს შესანიშნავი პერიოდი უდგას და ყველანაირი მიზეზი მაქვს კმაყოფილებისა.
– არ გეჩვენება, რომ უფრო და უფრო შეუცვლელი ფეხბურთელი ხდები?
– არა, თავს შეუცვლელ მოთამაშედ არ მივიჩნევ. ბოსნიასთან გამართულ მატჩში მოედანზე არ მითამაშია, მაგრამ ჩვენმა გუნდმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და 5:2 მოიგო. ასეთივე სიტუაციაა „ბარსელონაშიც“, რომელიც ჩემს გარეშეც შესანიშნავად თამაშობს. ფეხბურთში შეუცვლელი მოთამაშეები არ არსებობენ. მეორეს მხრივ, გულშემატკივრებიც, მწვრთნელებიც და კლუბის ხელმძღვანელებიც, გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად მთვლიან.
– სწორედ ამიტომაა მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი უპირველესი საზრუნავი შენი თამაშიდან გამოთიშვა?
– ისინი ამის გაკეთებას ცდილობენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს რამოდენიმე ალტერნატივა. “ბარსელონაში” არაერთი მაღალი კლასის ნახევარმცველი თამაშობს. ჩემის მხრივ, ვცდილობ გუნდს რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოვუტანო
– მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე ტრავმა მიიღე. იყო ეს, შენს კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი?
– კი, რადგან იმ დროს, იდეალურ ფიზიკურ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი. ჯამრთელობასთან დაკავშირებით მცირედი პრობლემაც კი არ მაწუხებდა, მაგრამ უცებ, ჯვარედინა მყესები გამიწყდა.
– გჯეროდა, რომ მწყობრში ჩადგომის შემდეგ, კვლავ მოახერხებდი ძველებურად თამაშს?
– ასეთ დროს უამრავ რამეზე ფიქრობ. ცდილობ გაიხსენო, სად არ მიაქციე ყურადღება მცირე დეტალს. მე გამიმართლა, რომ ამ დროს ჩემთან იყვნენ ძალიან კარგი ექიმები. 6 თვის განმავლობაში, მათ ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს.
– გვარდიოლამ ყველა გააკვირვა. რა არის მისი წარმატების საიდუმლო?
– როგორც მისი ახლო მეგობარი, დარწმუნებული ვიყავი, რომ პეპი წარმატებას მიაღწევდა. გვარდიოლა რომანტიკოსია და მზადაა ყველაფერი გაიღოს საკუთარი იდეების განსახორციელებლად. ლუის არაგონესთან ერთად, იგი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. ორივე ამ მწვრთნელმა იცის, თუ რა უნდა. გვარდიოლა დიდ დროს უთმობს მცირე დეტალებს. საფეხბურთო საკითხებში მას ბადალი არ ჰყავს.
– შენ და გვარდიოლა ძალიან გავხართ ერთმანეთს. შენც ხომ არ აპირებ მწვრთნელობას?
– არა, ეს საქმიანობა არ მიზიდავს. მიყვარს ფეხბურთის ყურება, მისი ანალიზი, მაგრამ არ მიზიდავს მწვრთნელობა. ხალხი მეუბნება, რომ ჩემგან კარგი მწვრთნელი გამოვიდოდა, მაგრამ საკუთარი თავი ამ ამპლუაში ვერ წარმომიდგენია.
– უახლოეს მომავალში, ხომ არ აპირებ კარიერის დასრულებას?
– კლუბთან კონტრაქტი 2014 წლამდე მაკავშირებს. მისი ამოწურვის დროს 34 წლის ვიქნები. ამჟამად, თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ სეზონში ამდენი მატჩის ჩატარება ძალიან რთულია. ამას ყოველწლიურად ხვდები. რაც დრო გადის მუხლი უფრო და უფრო წინააღმდეგობას გიწევს. ვითამაშებ მანამ, სანამ ამის საშუალებას ორგანიზმი მომცემს.
– არაერთ უმაღლესი კლასის ფეხბურთელთან ერთად გითამაშია. არის იბრაჰიმოვიჩი ყველასგან გამორჩეული?
– იბრაჰიმოვიჩი ძალზე დიდი ტალანტია. შეიძლება, ბევრს ჰგონია, რომ ასე კარგად იგი თავისი ფიზიკური მონაცემების წყალობით თამაშობს, მაგრამ ზლატანი მართლა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. იგი ისე გაგიკეთებს ზუსტ გადაცემას, რომ არც კი გამოგხედავს.
– რა არის „ბარსას“ კატერანოების წარმატების საიდუმლო?
– მწვრთნელების მუშაობა. ეს ადამიანები, შენში სწრაფი ფეხბურთის და ერთი შეხებით თამაშის ფილოსოფიას ნერგავენ.
– არასდროს გიფიქრია “ბარსელონადან” წასვლაზე?
– არა. როდესაც ყველაფერი კარგად არ მიდის, პრობლემა საკუთარ თავში უნდა ეძებო. შეიძლება, პრობლემების არსებობის დროს, ვინმემ ოპტიმალურ გადაწყვეტილებად კლუბის დატოვება მიიჩნიოს, მაგრამ არა მე. ჩემი სურვილი ყოველთვის იყო „ბარსელონაში“ დარჩენა.
– გასული სეზონის წარმატებების გამეორება?
– ეს ძალიან ძნელი იქნება. ახლა, ჩვენს წინააღმდეგ ყველა გაორმაგებული ენერგიით თამაშობს.
– გახდება “ბარსა” ფეხბურთის ისტორაიში საუკეთესო კლუბი იმ შემთხევაში, თუ კიდევ ერთ ასეთ წარმატებულ სეზონს ჩაატარებს?
– თუ დეკემბერში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს მოვიგებთ, მაშინ წლის განმავლობაში 6 ტიტული დაგვიგროვდება. ეს ძალიან დიდი მიღწევა იქნება. ლოდინი მოგვიწევს იმის გასაგებად, იქნება თუ არა მიმდინარე წელი საუკეთესო. ის კი ახლაც შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ.
– არის შენი ოცნება სამხრეთ აფრიკის მუნდიალის მოგება?
– ჩვენი პროგრამა მინიმუმი, მეოთხედფინალში გასვლაა, შემდეგ კი, მსოფლიოს საუკეთესო 4 გუნდში მოხვედრა. თუმცა, ვინ იცის, იქნებ უფრო შორს წასვლაც მოვახერხოთ.

მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092418