"მონაკო" კოლუმბიელი ფეხბურთელის ხამეს როდრიგესის შემცვლელად ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "გალათასარაის" ნახევარმცველ ვესლი სნეიდერს მოიაზრებს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ფრანგულ გრანდს 30 წლის ფეხბურთელის შეძენის სურვილი აქვს.
დღეს ან ხვალ ახალგაზრდა კოლუმბიელის ტრანსფერი მადრიდის "რეალში" ოფიციალურად დადასტურდება. შესაბამისად, "მონაკოს" შემცვლელის უახლოეს პერიოდში დამატება სურს.
ჰოლანდიელ ნახევარმცველს თურქულ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. "გალათასარაის" პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ ფეხბურთელში 20 მილიონ ევროს გადაიხდიან და სნეიდრიც წასვლას გადაწყვეტს, კლუბი მას არ დააკავებს. აქედან გამომდინარე, თუ "მონაკო" ჰოლანდიელის გადასაბირებლად სერიოზულად ფიქრობს, წინასწარ 20 მილიონი ევრო უნდა გადადოს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში სნეიდერმა 28 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. ბრაზილიაში დასრულებულ მუნდიალზე ჰოლანდიელმა გულშემატკივრებს თავი მექსიკის წინააღმდეგ თამაშისას ბოლო წუთზე გარდამტეხი, გამათანაბრებელი გოლით დაამახსოვრა. აღნიშნული მატჩი "ნარინჯისფერებმა" 2:1 მოიგეს.
გიორგი ბალახაძე