სტატიები

10:39 | 30.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

წითელი ხარების "ჯორჯი-ბოი"...

ბრუკლინური ბეი რიჯი... ეს ის ადგილია, რომელსაც ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები (ლეგალებიც და არალეგალებიც) დიდი ხალისით ეტანებიან. ის კი არა, ძალიან ბევრი სწორედ ამ უბანში ცხოვრებას და მუშაობას ამჯობინებს. ნუ იფიქრებთ, რომ ბეი რიჯი სხვა ბრუკლინური უბნებისაგან განსაკუთრებით გამოირჩევა, ან სხვა რამ უპირატესობა გააჩნია. სულაც არა - ისეთივე მტვრიანია და კეთილმოსაწყობი, როგორც ფლეტბუში ან ბრაიტონი, მისი ვიწრო სტრიტების თავზეც ძველებურად დახრიგინებს ნიუ იორკული საბვეის მეტნაკლებად განახლებული შემადგენლობები, ორსართულიანი, ამერიკული ყაიდის სახლები ჯერაც "არ უთმობენ" ადგილს მეგაპოლისისთვის აგრერიგ დამახასიათებელ მრავალსართულიან კორპუსებს და მოსახლეობაც ისევე ჭრელია, როგორც მანჰეტენის ქუჩებში აქა-იქ შემორჩენილი აბორიგენის, ინდიელის ქამარი ან თავსართავი...
და მაინც, ბეი რიჯი ქართველებისათვის განსაკუთრებული უბანია-მეთქი. ეს იმიტომ, რომ აქ 86-ე სტრიტია, ქუჩა, სადაც კაფე და მაღაზია "თბილისი" ამუშავდა და მიუხედავად იმისა, ქართული ყაიდის რესტორნები კინგს ჰაივეიზეცაა და კონი აილენდ ევენიუზე, "თბილისი" მაინც სხვებზე პოპულარულია - პოპულარულია თავისი ათდოლარიანი აჭარული ხაჭაპურითა და სოკოში შემწვარი კარტოფილით (ოჯახურს რომ ვეძახით ჩვენში)...
სწორედ ამ უბანში ცხოვრობს ნიუ იორკული სოკერ-კლაბის, "რედ ბულის" ანუ "წითელი ხარების" "ჯორჯი ბოი", ქართველი ბიჭი - გიორგი ჩირგაძე. ეს ის ფეხბურთელია, რომელიც ბედისწერამ და საკუთარმა შრომამ, ამერიკული მეიჯორლიგის კარიბჭესთან მიიყვანა.
მშობლიური თბილისიდან ამერიკასა და ნიუ იორკს 2003 წელს, დედასა და ორ დასთან ერთად ეწვია. ემიგრანტებად მთელი ოჯახი მას შემდეგ იქცა, რაც მამამისმა 11 გრძელი წელიწადი გაატარა აქ. ამბობენ, რომ ამერიკაში დრო ძალიან სწრაფად გარბის, მაგრამ 11 წელიწადი ცალ-ცალკე, მაინც ძალიან ბევრია, არა?
ასეთ რამეს, როცა ამერიკაში ლეგალად ქცეული პერსონა საკუთარ ოჯახს ჩამოიყვანს, აქ "მიერთებას" ეძახიან - სხვათა შორის, ადვილი არაა და ვინც ამას ახერხებს, ემიგრანტების თვალში წარმატებული, უკვე შემდგარი კაცი ჰქვია...
გიორგის ფეხბურთის ნიჭი მამიდან გამოჰყოლია - ისიც თამაშობდა თურმე. რომ არა ემიგრაცია, მაინც ფეხბურთს ავირჩევდი ცხოვრებაში მთავარ საკეთებლად - რომელიმე ევროპულ კლუბთან გავაფორმებდი ხელშეკრულებას, რაკიღა ორი წლის განმავლობაში ჰოლანდიური "უტრეხტის" საფეხბურთო სკოლაში მომიწია ყოფნა და იქაც ასე თუ ისე მიცნობდნენო...
როცა "რედ ბულის" საფეხბურთო აკადემიაში მოხვდა და კლუბთან პირველი კონტრაქტიც გააფორმა, ჩირგაძემ ყოველივე საკუთარი მძიმე და ხანგრძლივი შრომის ბედნიერ დასასრულად მიიჩნია, თუმცა, ნერვიულობით მაინცდამაინც არ უნერვიულია. სამაგიეროდ, მშობლები განსაკუთრებით ღელავდნენ თურმე. ეს გასაგებიცაა, ქვეყანაში, სადაც მარტო სახელმწიფო 100 მილიარდ დოლარს ხარჯავს პოპულარობით სადღაც "მეოთხე-მეხუთე" სოკერზე, იქცე პროფესიონალ მოთამაშედ დიდი წარმატებაა - მით უმეტეს, როცა შენი "ნეითივ ქანთრის" სამშობლოს წარმომადგენლები თვეში ორიოდ ათასი დოლარის გულისთვის, დღეში 12 საათი თავწახრილები შრომობენ...
გიორგიმ "წითელ ხარებთან" ხელშეკრულება 2009 წლის სექტემბერში გააფორმა და თუკი ყველაფერი კარგად წავიდა, სადღაც 2010 წლის სეზონის შუაგულში, ეგებ, პირველი კლუბიც დააჭაშნიკოს. ამერიკაში ეგეთი წესია - რაღაც საფეხურების გავლა და დროა საჭირო, რათა მეიჯორლიგაში ბურთი გააგორო - მანამდე 18 წლის ჯორჯიელი ბიჭი "რედ ბულის" 20-წლამდელთა რიგებში ეცდება საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას. ისე, ნიუჯერსული ჰარისონის სტადიონის (იქ ატარებს თამაშებს "რედ ბული") შესახებ წარმოდგენა უკვე შეიქმნა - ნიუ იორკული კლუბის 20-წლამდელმა წარმომადგენლებმა თანატოლთა შორის ლიგის გამარჯვებულის წოდება მოიპოვეს.
"დიდებული სტადიონია და უფრო დიდებული იქნება, როცა "რედ ბულის" პირველი გუნდის შემადგენლობაში ვითამაშებ" - ამბობს ჩირგაძე.
"რედ ბულის" სპორტული დირექტორი ჯეფ აგუსი: "ეს ჯორჯია და მას ყველა მონაცემი აქვს იმისათვის, რათა კარგი საფეხბურთო კარიერა შეიქმნას. მთავარია იშრომოს და ჩვენს სისტემას შეეჩვიოს. ყველაფერი უფრო სწრაფად, ყველაფერი უკეთესად - აი, ჩვენი დევიზი. იგი ნიჭიერია და ვფიქრობ, არაფერი გაუჭირდება".
კლუბის ახალგაზრდული გუნდის შეფს, ბობ მონტგომერის ძალიან მოსწონს ჩირგაძის მრავალმხრივობა: "გიორგი ათლეტურად კარგად აღნაგია და მშვენიერი მარცხენა აქვს. მარცხნიდან უტევს, მარცხნიდან ურტყამს დიდებულად და საერთოდ, იგი ცაციათა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც შედარებით იშვიათად გვხვდებიან და რომლებზედაც მწვრთნელების მხრიდან ყოველთვის მოთხოვნილებაა. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მან მუშაობა არ უნდა გააგრძელოს და უნივერსალად არ ჩამოყალიბდეს. ეს იმის საწინდარი იქნება, რომ ნებისმიერ ადგილზე გამოადგება გუნდს და საჭიროების შემთხვევაში, კონ-კურენციაც გაუადვილდება - რაკიღა სხვადასხვა პოზიციაზე თამაშს შეძლებს. იგი ბევრს სწავლობს და სულ გისმენს, ეს კი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ფეხბურთელის ფუნქციონალური და ტაქტიკური მომზადება“.
ასეთი ამბებია წითელი ხარების ჯორჯიელი ბიჭის თავს - სანამ მეიჯორ ლიგამდე არ მისულა, გიორგი ჩირგაძე ბეირიჯული სახლიდან ნიუჯერსულ მონტცლერამდე, კვირაში 5 დღე (ხანდახან კი შვიდიც) ავტობუსითა და საბვეით (მეტროთი) ცალ გზაზე მგზავრობაში 2-2,5 საათს ხარჯავს. ეს მომავლის ანგარიშში, რათა პირველი გუნდის მაისურა მოირგოს და მეიჯორ ლიგის პირველ ქართველად იქცეს.

კონსტანტინე გოგიშვილი
სპეციალურად “მსოფლიო სპორტისთვის” ნიუ იორკიდან

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092308