ჭადრაკი

16:08 | 17.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

წარუმატებელი ლეგნიცა

პოლონეთის ქალაქ ლეგნიცაში დასრულებულ ევროპის XIV ინდივიდუალურ ჩემპიონატში ძალიან წარუმატებლად ითამაშეს ქართველმა მოჭადრაკეებმა ბაადურ ჯობავამ (2702), მერაბ გაგუნაშვილმა (2592), თორნიკე სანიკიძემ (2549) და დავით ლომსაძემ (2370).

საქართველოს ნაკრების ლიდერ ჯობავას ტურნირზე მე-9 რეიტინგი ჰქონდა, თუმცა, 11 ტურში მხოლოდ 6.0 ქულა მოაგროვა და 286 მონაწილეს შორის 101-ე ადგილი დაიკავა.

ქართველთაგან საუკეთესო შედეგი – 6.5 ქულა მერაბ გაგუნაშვილს აღმოაჩნდა, რომელიც 54-ე ადგილზე გავიდა, თორნიკე სანიკიძე 5.5 ქულით 139-ე იყო, ხოლო ლომსაძე 4.0 ქულით 247-ე საფეხურს დასჯერდა.

უაღრესად დაძაბული გამოდგა ბრძოლა პირველობისთვის. საბოლოოდ, ერთნაირი მონაგარი – 8.0 ქულა ერთბაშად 10 მოჭადრაკეს აღმოაჩნდა, დამატებითი მაჩვენებლებით კი საპრიზო სამეული ასე დაკომპლექტდა: 1. ალექსანდერ მოისეენკო (უკრაინა, 2698); 2. ევგენი ალეკსეევი (რუსეთი, 2700); 3. ევგენი რომანოვი (რუსეთი, 2640);

ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 ათასი ევრო გახლდათ, საიდანაც გამარჯვებულმა 14 ათასი მიიღო, მოწინავე 23-მა მოჭადრაკემ კი მსოფლიოს თასის საგზური მიიღო.

ისიც ვთქვათ, რომ ძირითადი ტურნირის პარალელურად მოჭადრაკეები ერთმანეთს ბლიცშიც შეეჯიბრნენ, სადაც ქართველებს გაცილებით კარგი შედეგენი ჰქონდათ. ჯობავამ 10.0 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა, ხოლო სანიკიძე 8.0 ქულით მეცამეტეზე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090332