საბერძნეთის ქალაქ კავალაში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის მე-7 ტური წარმატებული გამოდგა ქართული ოთხეულისთვის. სამმა ქართველმა მოჭადრაკემა გამარჯვება იზეიმა, ერთი მათგანი კი ყაიმს დასჯერდა.
შვიდი ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი უკრაინელი ადამ ტუხაევი (2518) გახლავთ, რომელმაც 6.0 ქულის მოგროვება შეძლო, ქართველთაგან საუკეთესო შედეგი კი დავით ჯოჯუასა (2530) და ლუკა პაიჭაძეს (2467) გააჩნიათ.
პირველმა მათგანმა ინდოელ ვიშნუს (2341) სძლია, მეორემ კი ასევე თეთრი ფიგურებით რუს იური იაკოვიჩი (2570) დაამარცხა. ჯოჯუასა და პაიჭაძის აქტივში 5-5 ქულაა და ისინი, შესაბამისად, მეთერთმეტე-მეცამეტე ადგილებზე იმყოფებიან.
4 ქულით 35-ე პოზიციაზე დამკვიდრდა სალომე მელია (2442), რომელიც უკრაინელ ზინჩენკოს (2544) დაუზავდა, ხოლო ლელა ჯავახიშვილმა ბერძენ მაკროპულოს (2231) მოუგო და ასევე 4 ქულით 42-ე საფეხურს უწია.
მე-8 ტურში თეთრი ფიგურებით მხოლოდ მელია ითამაშებს და მისი მეტოქე უკრაინელი ბოროვიკოვი (2601) იქნება, დანარჩენები კი შავებით გაირჯებიან: ჯოჯუა სომეხ მელკუმიანს (2606) ეთამაშება, პაიჭაძე – აგრეთვე სომეხ ანდრიასიანს (2588), ხოლო ჯავახიშვილი – ესპანელ ალსინას (2546).







