“ვიტესის” ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა ტედ ვან ლეუვენმა სისულელე უწოდა მერაბ ჟორდანიას განცხადებას, რომ არნემელები ჰოლანდიის ჩემპიონები ლონდონის “ჩელსის” ზეწოლის გამო არ გახდნენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების მისაცემად, ვან ლეუვენი ჰოლანდიის საფეხბურთო ასოციაციაში დაიბარეს. იქიდან გამოსულმა მან ჟურნალისტებთან არ ისაუბრა თუ რა ჩვენება მისცა ჟორდანიასა და “ვიტესის” თემაზე, რადგან ეს საკითხი კონფედენციალურია. თუმცა, აღნიშნა, რომ თავად არსად გაუგია და წაუკითხავს, ვინმეს “ვიტესისთვის” ჩემპიონობა აეკრძალოს.
“კარგად მესმის, რომ ჟორდანიამ შესაძლოა იმედგაცრუების გამო თქვას რაიმე, მაგრამ თავად მსგავსი რამ დაწერილი არსად მინახავს. ეს ლოგიკური არ იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში რა აზრი ჰქონდა ისეთი მწვრთნელების მიწვევას, როგორიც ფრედ რუტენი ან პეტერ ბოშია. ან ლუკას პიაზონისა და კრიასტიან აცუს მსგავსი ფეხბურთელების შეძენას. შესაძლოა, შენს მიზნებში არ შედიოდეს, რომ ტოპ-კლუბის საწვრთნელი გუნდი იყო, მაგრამ “ვიტესისთვის” ჩემპიონობის აკრძალვა მართლაც სისულელეა” – იუწყება ვან ლეუვენის სიტყვებს ინტერნეტპორტალი goal.com-ი.
აქვე გეტყვით, რომ ვან ლეუვენი, რომელიც “ვიტესის” მერე მალტაში “ვალეტაში” მოღვაწეობდა, ახლა ფამაგუსტას “ანორთოსისის” ტექნიკურ დირექტორად იმუშავებს.