ფეხბურთი

1:59 | 5.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვისთვის როგორი ფრე?

 

ამ მატჩის შედეგს, ორივე გუნდისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩემპიონატი ფინიშს უახლოვდება და უმაღლესიდან უკვე გავარდნილ ფოთის „კოლხეთს“ თუ არ ჩავთვლით, პლეი აუტში დღევანდლამდე  ყველაზე მეტად, სწორედ „ჩელე არენაზე“  დაპირისპირებულთ უჭირდათ. მით უფრო დინამოელებს, რომლებიც სატურნირო ცხრილში 2 ქულით ჩამორჩებოდნენ ბოლნისელებს და თუ მათ ვერ მოუგებდნენ, უფრო მეტად იმძიმებდნენ მდგომარეობას. როგორც ვთქვით, დღევანდელ თამაშში  ქულები „სიონსაც“ ჰაერივით სჭირდებოდა და ზღვისპირელებთან ძალების დაზოგვის უფლება არ ჰქონდა, არადა, ქვემოქართლელებს, სხვა საფიქრალიც აქვთ: მათ სულ მალე, 8 მაისს, საჩხერის „ჩიხურასთან“ ქვეყნის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩი ელით, ოღონდ...

 თასი მაინც თასია და, როგორც გამოჩნდა, მოცემულ ვითარებაში ფორმალური  მასპინძლებისა არ იყოს, უმაღლეს ლიგასთან განშორების პერსპექტივა სტუმრებსაც არანაკლებ აღელვებდა და „ჩელე არენაზე“  მართლაც რომ უკომპრომისო ბრძოლა გაჩაღდა.

მასპინძლები მონდომებით ეკვეთნენ მეტოქეს და ზედიზედ ჰქმნიდნენ საგოლე მომენტებს. პირველი ხიფათი მირზა მერლანის კართან მე-6 წუთზე შეიქმნა, როდესაც ნოდარ კიკნაველიძემ  სისწრაფეში აჯობა მეურვეს და საჯარიმოში შეჭრისთანავე დაარტყა კარისკენ, მაგრამ ბოლნისელთა კიპერმა დროულად აუღო  ალღო ბურთს. კიკნაველიძე მალევე ისევ აღმოჩნდა მოვლენათა ეპიცენტრში, საჯარიმოს წინა ხაზიდან გაგზავნა კარისკენ, მაგრამ მიზანს ააცილა. ამ ეპიზოდიდან ნახევარ წუთში, მირზა ფარტენაძემ სახიფათოდ შეუტია, მაგრამ მის დარტყმულს, ბოლო მომენტში  სტუმართა მცველი გადაეფარა.

მე-14 წუთზე, პარტნიორის ზუსტი გადაცემის შემდეგ, კიკნაველიძე ,,სიონის“ საჯარიმოს სიახლოვეს ისევ დაუსხლტდა მეურვეს და მერლანთან პირისპირ დარჩა, მაგრამ რად გინდა,  მეკარეს ამ შემთხვევაშიც ვერ აჯობა.

ზღვისპირელებს ძვირად დაუჯდათ საგოლე მომენტების ფლანგვა. რაც მათ რამდენიმე ცდიდან ვერ მოახერხეს, ბოლნისელებმა პირველ ჯერზევე შეძლეს. სტუმრებმა დიდი ძალებით განახორციელეს კონტრშეტევა, რომლის შედეგად, გიორგი მანწკავას მიერ საჯარიმოს მარჯვენა კუთხიდან დარტყმული, მასპინძელთა კარის ხარიხამ აისხლიტა, თუმც ამით ,,სიონის“ შეტევა არ დასრულებული, ბურთი  საჯარიმოს საპირისპირო მხარეს ირაკლი კლიმიაშვილს მიუვიდა, რომელმაც ძლიერად გაგზავნა მეკარის ბაქნისკენ, იქ კი მანწკავამ მცველებს აჯობა და თავურით შეარხია კარის ბადე.

გაშვებული გოლის შემდეგ, მასპინძლები კარგა ხანს დაბნეულნი ჩანდნენ და თამაშიც ,,სიონის“ უპირატესობით მიმდინარეობდა. დინამოელებს 20 წუთი დასჭირდათ გონზე მოსასვლელად. 35-ე წუთზე სანდრო გურულს მიეცა ანგარიშის გათანაბრების შანსი, მაგრამ ბოლნისელი მცველის შეცდომით ბოლომდე ვერ ისარგებლა, კარში დარტყმა დაახანა. 2 წუთის შემდეგ კი, ბოლნისელ გიორგი ცხადაიას მიეცა ანგარიშის გაზრდის კარგი შესაძლებლობა, მაგრამ ვერც მან იყოჩაღა, ახლოდან ხელებში დაურტყა მეკარეს.

მასპინძლებმა მაინც პირველ ტაიმშივე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. სტუმრებმა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს დაარღვიეს თამაშის წესი. ბათუმელთაგან სტანდარტულებს, როგორც წესი, მუჯირი ასრულებს. მასპინძელთა კაპიტანმა ბურთი  სანდრო გურულს დაუგორა, მანაც ძლიერად დაჰკრა კარისკენ, ,,ცოცხალ კედელში“ ჩამდგარმა დავით სვანიძემ დარტყმა საკუთარ თავზე მიიღო, ოღონდ ბურთზე აშკარად ხელით ითამაშა, გადმოვარდნილთან მყისვე გიგა ჟვანია გაჩნდა და მიზანშიც ზუსტად გაგზავნა - 1:1. ჟვანია რომ სიტუაციაში  სწრაფად არ გარკვეულიყო, არბიტრი, ალბათ, 11-მეტრიანს დანიშნავდა. ოღონდ, ეს ჩვენი ვარაუდია.

აქვე ვიტყვით, რომ ეს პრინციპული თამაში არც ოთარ ხეცაძისათვის გამოდგა იოლი. არბიტრის გადაწყვეტილებებს ხან ერთი მხარე არ ეთანხმებოდა, ხან მეორე. უფრო ხშირად, არბიტრის მიმართ უკმაყოფილო შეძახილები ,,დინამოს“ სათადარიგოთა სკამიდან და ტრიბუნებიდან ისმოდა.

დაძაბულობა არც მეორე ტაიმს მოჰკლებია. თამაშის განახლებისთანავე, ზღვისპირელებმა  იერიში განახორციელეს, სანდრო გურულმა მარჯვნიდან  ეფექტურად გადაუტარა თავზე წინ გამოსულ მერლანს, თუმც ბურთი კარის ხაზზე დაეცა, ნიკა დიასამიძე მას  დასამატებლად ვერ მიწვდა, მცველმა კი უმალ მოიგერია. ამას, ,,სიონის“ საპასუხო შეტევა მოჰყვა და მანწკავაც მეტად ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა, მაგრამ პიცანმა ახლოდან დარტყმული აუღო ბოლნისელს.

62-ე წუთზე, მუჯირის ზუსტი ფლანგური გადაცემა გურულმა ვერ გამოიყენა - გვარიანად ააცილა მიზანს. მერე ბორის მახარაძესაც არ გაუმართლა, ხუთიოდე მეტრიდან ურტყამდა, მაგრამ მცველი გადაეღობა. ბევრი მცდელობის მიუხედავად, ზღვისპირელებს თამაშში გარდატეხის შეტანა არ დასცალდათ. უპრინციპულესი მატჩი ფრედ დასრულდა. მასპინძლებისთვის ეს შედეგი მარცხის ტოლფასი იყო. სტუმრები კი კმაყოფილებას არ მალავდნენ.

არმაზ ჯელაძე: ,,პირველი ტაიმის დასაწყისში უპირატესობას მეტოქე ფლობდა, იღბლად, რამდენიმე მომენტში გადავრჩით. მერე ძალიან საჭირო გოლი გავიტანეთ და თამაშის დალაგებაც მოვახერხეთ. მაგრამ ტაიმის ბოლოში მაინც გავუშვით ბურთი. მე-2 ნახევარში, ძირითადად, თავს ვიცავდით, რადგან ფრე ჩვენთვის მისაღები შედეგი იყო. მიუხედავად ამისა, საგოლე მომენტებიც შევქმენით. ჩემპიონატში 2 თამაშიღა დაგვრჩა და ვეცდებით, ყველა უსიამოვნება ავიცილოთ. ,,ჩიხურასთან“ სათასო ნახევარფინალურ შეხვედრას ბოლნისში გავმართავთ. სტუმრად 0:2 გვაქვს წაგებული, მაგრამ უიმედოდ ნამდვილად არ ვართ. შანსი არის და ბოლომდე ვიბრძოლებთ.“

დინამოელთა მწვრთნელ-კონსულტანტმა გია გურულმა, მატჩისშემდეგ კომენტარზე უარი განაცხადა. მის ნაცვლად, ზღვისპირული გუნდის ოფიციალური თავკაცი ალექსანდრე კანტიძე გაგვესაუბრა: ,,მეტად საპასუხისმგებლო და პრინციპული თამაში იყო, ფაქტობრივად,  ორივე  გუნდისთვის უმაღლეს ლიგაში ყოფნა-არყოფნის ბედი წყდებოდა. თამაშის დებიუტში რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ და ამისთვის დავისაჯეთ კიდეც, დაწინაურება მეტოქემ მოახერხა, შესვენებამდე შევძელით ანგარიშის გათანაბრება. მე-2 ტაიმში სასურველი შედეგის მისაღწევად ვიბრძოლეთ, მაგრამ... მსაჯობაზე კომენტარს ყოველთვის ვერიდები, მაგრამ  არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ არბიტრი მომენტებში მიკერძოებული იყო, ვერ ვიტყვი, რომ ,,დაგვწვა“, მაგრამ ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს სტუმართა სასარგებლოდ იღებდა.“

 

„დინამო“(ბათუმი) - „სიონი“(ბოლნისი) - 1:1(1:1)

ქობულეთი. „ ჩელე არენა“. 17 საათი. 800 მაყურებელი

„დინამო“: პიცანი, ფარტენაძე, ჟვანია, ზვ. ლობჟანიძე, მაკარიანი, კოშკაძე(თევდორაძე, 79), მუჯირი(კ), მახარაძე, ა. გურული(ბაციკაძე, 79), ჩიმაკაძე, კიკნაველიძე(დიასამიძე, 46)

მწვრთნელ-კონსულტანტი:  გია გურული

 „სიონი“: მერლანი, სვანიძე(კ), ქემოკლიძე, ფოფხაძე, ელიავა, ჰაიდუჩეკი(ჯოჯუა, 72), ცხადაია, ლექვთაძე, კლიმიაშვილი(უგრეხელიძე, 53), მანწკავა, ახალაია(მიკუჩაძე, 36)

მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

გოლი: 0:1 მანწკავა(15), 1:1  ჟვანია(43)

გაფრთხილება: მანწკავა(13), ფოფხაძე(45), ფარტენაძე(64), მახარაძე(77), ლექვთაძე(86), მიკუჩაძე(87)

მსაჯები: ა.ხეცაძე, ზ.ფიფია, კ.ტეფნაძე,  ხ.გაგნიძე, გ კიკაჩეიშვილი, დ.სანოძე,

 

 

0.206614