ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩში ზედიზედ მე-3 ყაიმი დაფიქსირდა. შედეგად, ინდოელმა ვიშვანათჰან ანანდმა ბულგარელს ვესელინ ტოპალოვათან ერთქულიანი უპირატესობა (4:3) შეინარჩუნა.
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე დაპირისპირების მე-7 პარტიაში თეთრი ფიგურებით ანანდი ასპარეზობდა, ყაიმი კი 58-ე სვლაზე აღინიშნა. ხვალ, მეტოქეები ერთმანეთს მერვეჯერ შეხვდებიან, თეთრებით კი ტოპალოვი გაირჯება.
სატიტულო შეხვედრა 12 პარტიისგან შედგება, რომელიც დროის კლასიკური კონტროლით მიმდინარეობს: 2 საათი 40 სვლაზე, საათი მომდევნო 20 სვლაზე და 15 წუთი პარტიის ბოლომდე, 61-დან თითო სვლაზე 30 წამის დამატებით.
მატჩის ყაიმით დასრულების შემთხვევაში, მეტოქეები სწრაფ ჭადრაკში ტაი-ბრეიკსა და ბლიცს ითამაშებენ. საჩემპიონო შერკინების საპრიზო ფონდი 2 მილიონი ევროა. აქედან გამარჯვებულს 1 200 000 ერგება, ხოლო დამარცხებული კი 800 000-ს მიიღებს.
აქვე დავძენთ, რომ შეხვედრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პარტიების კომენტირებას ბულგარულად ანტუანეტა სტეფანოვა ახორციელებს, ინგლისურად კი ქართველი – ზურაბ აზმაიფარაშვილი.







