მოახლოვდა 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი. 25 მაისს ვასილ . მაისურაძის გუნდი მასპინძელ შვეიცარიასთან ითამაშებს. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება ლოზანას სტადიონ “ხუან ანტონიო სამარანჩზე”. მანამდე, 16:00 საატზე ისრაელი-კვიპროსი ხვდებიან ერთმანეთს.
როგორც იცით, ჯგუფიდან ერთი გუნდი გავა ფინალურ ეტაპზე. მისია რთულია, აღარ დავიწყებთ იმაზე ლაპარაკს, თუ რამდენად კარგი გუნდი ჰყავს მაისურაძეს და როგორ შედეგებს აღწევს. ქართველ გულშემატკივარს ძალიან უყვარს ეს ნაკრები და ეიმედება.
აქვე, ოთხივე ნაკრების მწვრთნელთა კომენტარი:
მაისურაძე: “შვეიცარია ჩვენი პირველი მეტოქეა. ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ასევე მაღალი წარმოდგენისა ვარ ისრაელზე და კვიპროსზე. ჩვენ კი სხვა გუნდების გაოცებაც შეგვიძლია”.
ჟერარ კასტელია (შვეიცარიის მწვრთნელი): “ამასწინათ იტალიასთან 2:4 წაგებულ ამხანაგურში კარგად ვერ ვითამაშეთ. შეტევაში ბევრი სასარგებლო სვლა გაკეთეთ, მაგრამ დაცვაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. გადამწყვეტ ეპიზოდებში ვერ ვასწრებდით მეტოქეს”.
იანოს სტავრინოსი (კვიპროსის მწვრთნელი): “ვეცდებით, ჩვენი შანსი გამოვიყენოთ. ჩვენ ყოველთვის აუტსაიდერებად გვთვლიდნენ, მაგრამ საკმაო რაოდენობის ქულები აგვიღია ფავორიტებთან მატჩებისას”.
ელი ოჰანა (ისრაელის მწვრთნელი): “ჩვენ იტალიას მოვუგეთ პირველ საკვალიფიკაციოზე. ვფიქრობ, გვაქვს შანსი, რომ ამჯერადაც დადებით შედეგებს მივაღწიოთ. ჩვენს სტილში უნდა ვითამაშოთ, მოსაგებად უნდა ვიყოთ შემართულები”.
აქვე ვთვათ, რომ საქართველო-შვეიცარიის მატჩის არბიტრი დანილო გრუიჩი (სერბეთი) იქნება. ასევე გრუიჩი იმსაჯებს მეორე ტურში საქართველო-კვიპროსის დაპირისპირებისას. და ვინ იქნება არბიტრი ბოლო ტურში ისრაელთან, ჯერ უცნობია.
საინტერესოა, რომ ამ ჯგუფზეა “მიმაგრებული” რუმინელი მარიუშ ავრაამი, რომელიც შვეიცარია-ისრაელს იმსაჯებს მეორე ტურში. მან 2 წლის წინ, ევროპის 17-წლამდელთა ნახევარფინალში, როცა საქართველო-ჰოლანდიას ხვდებოდა, მე-15 წუთზე უცნაურ სიტუაციაში გააძევა ნიკა ჭანტურია. ის შეხვედრა ქართველებმა 0:2 წააგეს, ორივე გოლი ბოლო წუთებზე გაუშვეს.