ფეხბურთი

2:19 | 1.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვარსკვლავთცვენა - კახა კალაძე ლამაზად გააცილეს

"ისე გავიზარდე, დედაჩემი ერთხელაც არ ყოფილა სტადიონზე ჩემი თამაშის სანახავად და აი, დღეს აქ არის. სევდიანი დღეა, ფეხბურთს ვემშვიდობები, მაგრამ ძალიან ამაყი ვარ. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. დღეს კიდევ ერთხელ დავინახე, როგორ ვყვარებივარ ქართველ ხალხს" - ტიროდა კახა კალაძე და მის ადგილზე, ძალიან უემოციო ადამიანი თუ შეიკავებდა ცრემლებს.

55000 მაყურებელი შენს სახელს სკანდირებს, მსოფლიო დონის ვარსკვლავები გულში გიხუტებენ. როგორ გინდა, ამას გაუძლო. ამ დროს სიამაყის გრძნობა უკვე დაუფარავი ხდება... ტიროდა კახას პატარა ვაჟიც, ოღონდ, მას ეშინოდა ამხელა ხმაურისა.

ეს კალაძის დღე იყო. საქართველოს ყველა დროის უტიტულოვანესი ფეხბურთელისა - კაცის, რომელიც ფიგურა იყო ბუმბერაზ "მილანში" და სხვა ყვეაფერს რომ თავი დავანებოთ, ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ის სწორედ ამ სტადიონზე გაიცნო ქართველმა ქომაგმა, სწორედ აქ გაანეიტრალა მრისხანე კრისტიან ვიერი, რამაც დიდი როლი შეასრულა მის კიევის "დინამოში" გადასვლაში. მერე კი იყო "მილანი" - პიკი!

აქ არ დავიწყებთ იმ ფეხბურთელების რეგალიებზე ჩამოთვლას, რომლებმაც კახას პატივი სცეს და გაცილების მატჩში ითამაშეს. გადავხედოთ დას ახელ-გვარები ყველაფერს ამბობს.

ბერას სიმღერების შემდეგ, გადაჭედილ "დინამო არენაზე" ოვაციების თანხლებით გამოდიოდნენ ფეხბუღტელები. კალაძემ თითო ტაიმი ითამაშა ორივე გუნდში და ბოლო წუთებზე შეცვვალეს - მან წრე დაარტყა სტადიონს და ტრიბუნებზე მყოფთ ასე გადაუხადა მადლობა.

შესვენებაზე "ერისიონი" წარსდგა მაყურებლის წინაშე. ზოგადად, კარგად ორგანიზებული საღამო გამოვიდა. 

თამაშს რაც შეეხება, ყველაზე კარგი ის იყო, რომ გუნდები მთლად სალაღობოდ არ იყვნენ მოედანზე და როგორც ხშირად ხდება, გოლს სპპეციალურად არ უშვებდნენ შეხვედრის ფრედ დასრულების მიზნით. შოთა არველაძემ მალევე გაიტანა, მაგრამ თამაშგარე იყო, ხოლო ანგარიში გიორგი დემეტრაძემ გახსნა პენალტით: შოთა წააქციეს და "დემემ" თეთრი ნიშნულიდან ტექნიკურად დაურტყა სებასტიანო როსის.

ტაიმები 40-წუთიანი იყო, პირველი ნახევარი 1:0 დასრულდა, ხოლო მეორეში "მილანმა" 3 ბურთი გაიტანა. ჯერ გოლის ალღოთი განთქმულმა ფილიპო ინძაგიმ პენალტის უფლება მოიპოვა და თავადვე ზუსტად შეასრულა, შემდეგ ლეგენდარულმა უკრაინელმა ანდრეი შევჩენკომ 13-14 მეტრიდან გაიტანა, ხოლო მესამე გოლი "სამპდორიაში" სახელმოხვეჭილმა მცველმა, 54 წლის პიეტრო ვერხოვოდმა შეაგდო ახლო მანძილიდან.

მშვენიერი იყო დაცვაში ფაბიო კანავარო, პაოლო მალდინიც საიმედოდ იდგა, "შევამ" რამდენჯერმე ჩაიქროლა ძველებურად, ლუკა ტონის გოლის გატანა ძალიან სწყუროდა.      

ვნახეთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელების თამაში. ან რატომ "ერთ-ერთი", რამდენიმე გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველა რჩეული "დინამო არენაზე" იყო - ზოგს ძალიან დასტყობია ასაკი, ზოგს წონა აქვს მომატებული, თუმცა მათი თამაშის ხილვა სასიამოვნო იყო. აბა, ანგარიშს ვინ უყურებდა.

მეგობრებმა კალაძეს სიმღერა მიუძღვნეს: მუჯირმა, დემეტრაძემ, ზამთარაძემ, იაშვილმა, ცქიტიშვილმა და სტურუამ. 

 

თამაშის შემდეგ, მოედნის ცენტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი გამოვიდნენ. მათ ისაუბრეს კახას დამსახურებაზე და წარმატება უსურვეს ახალ საქმიანობაში, რომელიც მან შარშან შემოდგომაზე დაიწყო.

 

კალაძის მეგობრები - მილანი 1:3 (1:0)

კალაძის მეგობრები (სასტარტო): ალექსანდრ შოვკოვსკი, ალექსანდრ ვაშჩუკი, ფაბიო გროსო, ფაბიო კანავარო, ფერნანდო კოუტუ, ლევან კობიაშვილი, დავით მუჯირი, გიორგი დემეტრაძე, შოთა არველაძე, ლუკა ტონი, ალექსანდრე იაშვილი.

შემოვიდნენ: ზვიად სტურუა, ზაზა ზამთარაძე, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი ქინქლაძე, არჩილ არველაძე, რატი ალექსიძე, გოგა გახოკიძე, უმით დავალა, კახა ცხადაძე, მურთაზ შელია, გიორგი ნემსაძე, სერგეი რებროვი, მიხეილ ყაველაშვილი, ჰაქან შუქური.

მწვრთნელები: ალექსანდრე ჩივაძე, ფათიჰ თერიმი.

მილანი (სასტარტო): სებასტიანო როსი, მასიმო ოდო, ფრანკო ბარეზი, კახა კალაძე, პაოლო მალდინი, მეტიუ ფლამინი, დარიო შიმიჩი, ფედერიკო ჯუნტი, სერჟინიო, ანდრეი შევჩენკო, ფილიპო ინძაგი.

შემოვიდნენ: ვალერიო ფიორი, კახა კალაძე, იბრაჰიმ ბა, ზვონიმირ ბობანი, დანიელე მასარო, ანჯელო კარბონე, ჯუზეპე ფავალი, სტეფანო ერანიო, როკე ჟუნიორი, პიეტრო ვერხოვოდი, უმითი.

მწვრთნელები: კარლო ანჩელოტი, ჩეზარე მალდინი.

გოლები: 1:0 დემეტრაძე (26 პენ), 1:1 ინძაგი (43 პენ), 1:2 შევჩენკო (71), 1:3 ვერხოვოდი (74).

მსაჯები: ლუბოშ მიხელი (სლოვაკეთი); ლევან მიქელაძე, გურამ ჩიგოგიძე, გიორგი ყრუაშვილი, გიორგი ვადაჭკორია, თორნიკე გვანცელაძე.

0.110495