ციგაობის საერთაშორისო ფედერაცია, ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების შესახებ ჩატარებული გამოძიების პასუხს დღეს გამოაქვეყნებს. გთავაზობთ, საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ დასკვნამდე “ბი ბი სი”-ს საიტზე გამოქვეყნებულ, რებეკა კესბის სტატიას, რომელიც ჟურნალისტური გამოძიების დეტალებსაც მოიცავს...
ვანკუვერის ოლიმპიური თამაშები ტრაგიკულად დაიწყო. ნოდარ ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში მე-4 დაღუპული სპორტსმენია და ის, გახსნის ოფიციალურ ცერემონიალამდე რამდენიმე საათით ადრე, უისლერის საციგაო ტრასაზე გარდაიცვალა. სპორტსმენებმა და გულშემატკივრებმა უყურეს, როგორ ამოვარდა მოციგავე ერთ-ერთ მოსახვევში ციგიდან, გადააფრინდა ბეტონის ჯებირს და შეეჯახა მეტალის კონსტრუქციას. ექიმები მაშინვე ადგილზე გაჩნდნენ, მაგრამ მათი ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებმა სწრაფადვე განაცხადეს, რომ სპორტსმენის დაღუპვის მიზეზი მის მიერ დაშვებული შეცდომა გახდა, ხოლო ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელებმა უარყვეს ვერსია, რომლის თანახმადაც შემთხვევა ტრასაზე არსებულმა დეფექტებმა გამოიწვია.
ნოდარ ქუმარიტაშვილის სიკვდილის შემდეგ, ტრაგედიის ადგილზე ახალი დამცავი ჯებირი ამოაშენეს, ხოლო მოსახვევში სისწრაფის შესამცირებლად ყინულის ზედაპირი გამოცვალეს. ორგანიზატორთა თქმით, ეს ზომები მხოლოდ მოცი¬გავეთათვის თავდაჯერებულობის შენარჩუნების მიზნით მიიღეს.
გარდაცვლილი ქართველი სპორტსმენის ზოგიერთი კოლეგა საორგანიზაციო კომიტეტის პოზიციამ ძალიან გააბრაზა. მოციგავე პატრიკ სინგლტონმა ოფიციალურ განცხადებებს “საზიზღრობა” უწოდა.
საციგაო და ბობსლეის ყველა ტრასამ უნდა გაიაროს ტექნიკური შემოწმება, სანამ იგი საერთაშორისო შეჯიბრების მასპინძლობის უფლებას მიიღებს. 2008 წლის მარტში უისლერში კონსულტაციისთვის გამოცდილი მოციგავეები მიიწვიეს. “ბი ბი სის” ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფი რამდენიმე მათგანს გაესაუბრა და ყველამ განაცხადა, რომ ტრასის უსაფრთხოებაში ეჭვი მაშინვე შეეპარათ. სპორტსმენებმა ასევე ერთხმად აღიარეს, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად ორგანიზატორებმა ყველა საჭირო ზომა არ მიიღეს.
“სპორტსმენი შეიძლება აჩქარდეს ან შეიძლება მას რაიმე პრობლემა შეექმნას, მაგრამ როცა ორივე ეს ფაქტორი ერთმანეთს ემთხვევა, სწრაფი რეაგირება შეუძლებელი ხდება. უისლერის ტრასა ზედმეტად რისკიანი იყო” – განაცხადა ამერიკელმა მოციგავე ტონი ბენსხუფმა.
ცნობილმა გერმანელმა ბობსლეისტმა ანდრე ლანგემ კი თქვა, რომ უსაფრთხოების შესახებ თავისი მოსაზრება ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებს ადრიანადვე გაუზიარა, მაგრამ მისი სიტყვები არავინ გაითვალისწინა.
ბრიტანელმა კრისტიან ბრომლიმაც დაადასტურა, რომ ლანგემ ტრასას სახიფათო ჯერ კიდევ 2008 წელს, დათვალიერებისას უწოდა. ბრომლიმ იქვე დასძინა, რამდენიმე დეტალი ისე რთულად იყო შედგენილი, მაშინვე ცხადი გახდა, რომ პრობლემები გამოცდილ სპორტსმენებსაც კი შეიძლება შექმნოდათო.
“ბი ბი სის” წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტური გამოძიებისას, ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს არაერთხელ მიმართეს, მაგრამ კომიტეტის წევრებმა კომენტარის გაკეთება ერთხელაც არ მოისურვეს. ანალოგიური პოზიცია დაიჭირა ციგაობის საერთაშორისო ფედერაციამაც. ერთადერთი, ვინც უპასუხა, ბობსლეის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი პოლ პრუჯინსკი იყო. მან თქვა, რომ თვითონ არ დასწრებია ტრასის შემოწმებისშემდგომ საუბრებს და სპორტსმენთა მიერ გამოთქმული ეჭვების შესახებაც არაფერი სმენია...
მოამზადა ოთარ მაღლაკელიძემ







