კალათბურთი

12:22 | 30.12.2013 | ნანახია 3151 - ჯერ

ვაჟა კვარაცხელია: “ამ პირობებში მაქსიმუმის მაქსიმუმი გავაკეთეთ”

“სოხუმის” საკალათბურთო კლუბს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში ის, რომ ესაა ქაართველთათვის საყვარელი ქალაქის სახელწოდების გუნდი. გუნდის წარმატებებში დიდი როლი მიუძღვის საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, გუნდის დამრიგებელს  ვაჟა კვარაცხელიას. კალათბურთზე ფანატიკურად შეყვარებული სპეციალისტი გულიანად, ერთგულად უძღვება საქმეს და თავის შეგირდებს საუკეთესო თვისებების სრულად გამოვლენაში ყოველმხრივ უწყობს ხელს. სეზონის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ ბატონ ვაჟას შევხვდით და გულშემატკივრისთვის საინტერესო ინტერვიუც ჩამოვართვით.  

- რა შეფასებას მისცემთ მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარს და თქვენი გუნდის გამოსვლას?

- სეზონის პირველ ტურნირი დუდუ დადიანი ხსოვნის მემორიალი იყო. ამ შეჯიბრების წინ სხვებთან შედარებით ჩვენი გუნდი კარგად შეიკრა. დავიმატეთ საქართველოს ნაკრების წევრი ნიკა მეტრეველი, ლეგიონერები ჯოშუა ჯექსონი და პეტარ ივანიჩი. კარგად ითამაშეს ვახტანგ ქადარიამ, გრიგოლ შვანგირაძემ და გუნდის კაპიტანმა ირაკლი ჩლაიძემ. მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტისათვის კიდევ ერთი ლეგიონერი ჯერემი საიმენსი არ გვყავდა, ფინალამდეც მივედით და გადამწყვეტ მატჩშიც “არმიის” დამარცხება შევძელით. ეს “სოხუმის” ძირითადი გუნდის მიერ მოპოვებული პირველი ტიტული გახლავთ.

სუპერლიგის მორიგი სტარტი არადამაჯერებლად ავიღეთ, რაც ფსიქოლოგიური მომენტითა და რთული კალენდრით იყო გამოწვეული. დავუმატოთ ამას მეტრეველის, ჩლაიძის, გრიგოლ შვანგირაძის ტრავმები, ვახტანგ ქადარიას ავადმყოფობა და პირველი მატჩი “ქუთაისთან” ჩავაგდეთ. შემდეგ იყო მძიმე შეხვედრა “დინამოსთან”. მოგეხსენებათ, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან საკალათბურთო გუნდს მაღალი კლასის 3 ლეგიონერი და ამავე დონის ქართველი მოთამაშეები ჰყავს. ამის მიუხედავად, ირაკლი ხოშტარიას გუნდს ბოლომდე ვეომეთ და საბოლოოდ 7 ქულით დავმარცხდით. რუსთავში მოგების შემდეგ ბათუმში მოგვიწია ჩასვლა. ამ შეხვედრამდე ორკვირიანი პაუზა გვქონდა, რამაც სეზონის დასაწყისში უარყოფითად იმოქმედა. საერთოდ, მომხრე ვარ, ჩვენი ჩემპიონატი 4 წრედ ჩატარდეს და კვირაში ორჯერ გვიწევდეს ასპარეზობა. “ბათუმთან” თამაშს რაც შეეხება, დიდწილად ცუდი მსაჯობის მსხვერპლი გავხდით. არბიტრებმა საიმენსს თავიდანვე 3 ჯარიმა “აჰკიდეს”. ამასთან მოწამვლის გამო ჩლაიძე უძინარი იყო. კარგად ითამაშეს ჯექსონმა, ივანიჩმა, ქადარიამ. ერთი პერიოდი მასპინძლები 18 ქულითაც კი დაწინაურდნენ, მაგრამ ქულათა დეფიციტი ამოვქაჩეთ და წინ გასვლაც მოვახერხეთ. მატჩის ბოლო 50 წამის განმავლობაში ქადარიამ 4 საჯარიმო ტყორცნა გააცუდა და საბოლოოდ ერთადერთი ქულით დავთმეთ. ამ ურთულესი მატჩების შემდეგ გუნდს აღმასვლა დაეტყო. “მაკაბისა” და “ოლიმპის” ძლევის შემდეგ დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩავატარეთ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ “შსს აკადემიასთან”. მატჩის მსვლელობისას 22 ქულითაც კი ვმარცხდებოდით, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოვიგეთ. ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ კარგი და ლამაზი კალათბურთის თამაში შეუძლიათ. პირველი წრის დასკვნითი შეხვედრა “არმიასთან” გვქონდა. ეს ასპარეზობაც დამაჯერებლად მოვიგეთ.

ამის შემდეგ მიხეილ ქორქია-ზურაბ საკანდელიძის მემორიალში ჩავებით. ფინალამდე უპრობლემოდ მივედით. სეზონში მესამედ მოვახერხეთ საქართველოში საუკეთესო სავარჯიშო პირობების მქონე არმიელთა დამარცხება. “დინამოსთან” გადამწყვეტ მატჩში შანსი 50/50-იყო, მაგრამ ზურგის ტრავმა მიიღო შვანგირაძემ, ჩლაიძემ პირველ ტაიმში ითამაშა, მესამე პერიოდის მსვლელობისას კი ტრავმირებულ ფეხთან ერთად, დატვირთვის გამო მეორეც “წაერთვა” და კაპიტნის სათადარიგოთა სკამზე დასმა მომიწია. ირაკლიმ დაამტკიცა, კალათბურთი უყვარს და გუნდის ჭეშმარიტი კაპიტანია. საბოლოოდ ძალა არ გვეყო და დაძაბულ ორთაბრძოლაში 5 ქულის სხვაობით დავმარცხდით.

სეზონის პირველ ნახევარს მოკლედ ასე შევაფასებდი – ამ პირობებში მაქსიმუმის მაქსიმუმი გავაკეთეთ. დიდი მადლობა მსურს ვუთხრა გუნდის კალათბურთელებს, რომლებიც გვერდით დამიდგნენ და ვაჟკაცურად ითამაშეს.

- პირობები ახსენეთ და იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რას გულისხმობთ?

- მოგეხსენებათ, 2010 წლის სექტემბრიდან ჩვენი კლუბის მეპატრონე და პრეზიდენტი სოხუმის მკვიდრი, უცხოეთში მცხოვრები  ბიზნესმენი მინდია გულუაა. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ “სოხუმი” ერთადერთი კლუბია, რომელსაც კერძო, ერთი პიროვნება აფინანსებს. 3 წლის განმავლობაში ბატონმა მინდიამ უანგაროდ თითქმის მილიონნახევარი დოლარი დახარჯა გუნდის შენახვისა და განვითარებისთვის. ”სოხუმის” გაძლიერებამ  დამატებითი ინტრიგა შესძინა საქართველოს ჩემპიონატს, რაც ქართული კალათბურთის სასიკეთოდ მოქმედებს. “სოხუმის” მაგალითს დიდწილად “არმიამაც” მიბაძა და ხომ გახსოვთ, როგორი უძლიერესი ლეგიონერები ჩამოიყვანა საქართველოში. 2010-11 წლების სეზონში მეოთხედფინალში “შსს აკადემიას” მოვუგეთ, ნახევარფინალში კი ტოლ-სწორად ვეპაექრეთ მომავალ ჩემპიონ “არმიას”. ამავე სეზონში პირველად ვითამაშეთ ქორქია-საკანდელიძის მემორიალის ფინალში. 2011-12 წლების სეზონის პლეი ოფში კვლავ აკადემიელებს შევხვდით. მათ 5 ლეგიონერი და გამოცდილი ბერძენი მწვრთნელი გიორგოს კეცელიდის ჰყავდათ. ჩვენ სეზონის მეორე ნახევარში ჯექსონი, მილოშევიჩი, რიჩარდსი დავიმატეთ და მიუხედავად იმისა, შეთამაშება რომ გვაკლდა, კიდევ ერთხელ მოვახერხეთ “შსს აკადემიის” დამარცხება. შარშანდელ პლეი ოფში ჩვენი გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა და ამჯერად მაღალი დონის ლეგიონერებით დაკომპლექტებულმა აკადემიელებმა მოგვიგეს და ჩემპიონებიც დამსახურებულად გახდნენ. წლევანდელზე უკვე ვისაუბრეთ – დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირის მოგებას, ქორქია-საკანდელიძის მემორიალის ფინალში გასვლა მივამატეთ. უნდა აღინიშნოს “სოხუმის” ახალგაზრდული გუნდების წარმატებაც. 18 წლამდელები 2011-ში ჩემპიონები გახდნენ, 20 წლამდე გუნდი კი ზედიზედ ორჯერ (2012, 2013) უძლიერესები იყვნენ.

ხაზგასასმელია ისიც, რომ ლევან ფაცაცია და ლაშა ფარღალავა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სწორედ ჩვენი გუნდიდან მოხვდნენ.

ჩემ სურვილს გამოვთქვამ და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრებიც დამეთანხმებიან – მთლიანად ქართული კალათბურთისთვის სასიკეთო იქნება, თუკი ჩვენი პრეზიდენტი გუნდს შეინარჩუნებს და არსებულ დავალიანებას დაფარავს. მოთამაშეთა მიმართ დავალიანება ადრეც გვქონია, მაგრამ ბატონ მინდიას ის ბოლო თეთრამდე დაუფარავს. წლეულს ცოტა მეტი დაგვიგროვდა, ქართველ კალათბურთელებს ხელფასი 4 თვეა არ აუღიათ, ლეგიონერებს - 3 და არასაკალათბურთო პრობლემა რომ არა, ქორქია-საკანდელიძის მემორიალის ფინალისთვის უკეთ მოვემზადებოდით და ალბათ მოვიგებდით. ბატონიმ მინდია პატრიოტი კაცია და დარწმუნებული ვარ, “სოხუმს” შეინარჩუნებს. ეს შემადგენლობის შენარჩუნების საშუალებასაც მოგვცემს და სუპერფინალში გასასვლელად ვიბრძოლებთ. ეს იოლი სულაც არ იქნება. საქართველოს სუპერლიგაში 7 ძლიერი გუნდია, მეორე წრიდან კიდევ უფრო მომძლავრებას აპირებენ “შსს აკადემია” და “არმია”. თუმცა, 2011-12 წლების არმიელთა დონის გუნდი არავის ეყოლება, ფინალში გასვლა გარანტირებული არცერთს ექნება, ამიტომაც დაძაბული პაექრობები გველის.

- სახელმწიფო სტრუქტურები თუ გეხმარებიან?

- ჩვენ დევნილთა გუნდი ვართ, ამიტომაც იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სამინისტროს თავკაცის დავით დარახველიძის შუამდგომლობითა და სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მაია ცქიტიშვილის კეთილი ნებით კანცელარიის კარგად მოწყობილ დარბაზში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ”სოხუმის” ძირითადი გუნდი ვარჯიშობს. დიდი მადლობა მათ “სოხუმისთვის” გაწეული დახმარებისთვის. 


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:47 | 01.01.2014
sardioni (335)

გულუამ დიდი საქმე კი გააკეთა სოხუმის გუნდისთვის ამ 3 წელიწადში ,მაგრამ ახლა რა ჭირს ასეთი,რომ 3-4 თვის ხელფასები არ გადაუხადა კალათბურთელებს.მინდია,სასწრაფოდ მიხედე გუნდს და დაფარე ვალები!გულუა,თუ არ შეგიძლია გუნდის მოვლა -დაანებე თავი ამ საქმეს!

19:27 | 31.12.2013
darispani (1002)

საინტერესოა ეხლა ვინ უშლის ხელს გულუას ფულის გადმორიცხვაში? კიდევ ნაცები? ახლანდელი მთავრობა? ადრე ექომაგებოდა ქა, თუ არ ვცდები სარდიონი. ახლა რას იტყვის?

01:24 | 31.12.2013
rejimiler (736)

აბა დარბაზს ავაშენებო?

23:02 | 30.12.2013
svaneti (102)

supermen4 (11) გეთანხმები იმაში,რომ ბევრი მდიდარი ბიზნესმენი საერთოდ არ დებს ინვესტიციებს კალათბურთში. ამიტომ თუ მათ სტკივათ გული,დაეხმარონ ახლა სოხუმის გუნდს! შეიძლება,გულუას რაღაც პრობლემა აქვს ახლა და ამიტომ ვერ უხდის ხელფასებს გუნდს! დებილი ხომ არ არის,რომ ქონდეს საშუალება და არ უხდიდეს ხელფასებს.....მინდია,ზოგ კონკურენტს გაუხარდება სოხუმის დაშლა ან დასუსტება,ამიტომ არ დროზე მიხედე გუნდს.

22:47 | 30.12.2013
supermen4 (13)

lukich (75) მინდია საკუთარი ფულით აფინანსებს სოხუმს და თუ ცოტა ხნით მოხდა და დაუგვიანდა გადმორიცხვა ამის გამო ნუ გააკრიტიკებ, წარმოიდგინე რამდენი თანხა აქვს დახარჯული კალათბურთისთვის მის გაკრიტიკებას თავი დაანებე და ის მილიონერები გააკრიტიკე ვინც არაფერს არ აკეთებს კალათბურთისთვის.!

22:45 | 30.12.2013
mamanti (97)

"სოხუმის" დიდი ხანია არსებობს,ამ გუნდში ყოველთვის იყვნენ ნიჭიერი კალათბურთელები ,მაგრამ ძლიერი გუნდი სოხუმი გახდა 2010 წლიდან,როცა გულუა გახდა მეპატრონე .ამიტომ ნუ დაუკარგავთ ამ კაცს ამ კარგ საქმეს. ახლა 4 თვის უხელფასობაა გუნდში -ეს ძალიან ცუდია და ამისთვის გულუა იმსახურებს წითელ ბარათს და ძალიან ცუდ სიტყვებს.მინდია,დაფარე ვალები და თუ მეტი არ შეგიძლია გუნდის დაფინანსება,დაანებე თავი ამ საქმეს

22:36 | 30.12.2013
mamanti (97)

კარგია,რომ ვაჟამ ღიად,საჯაროდ თქვა სათქმელი და ამ ფორმით მოუწოდა გულუას დაეფარა სახელფასო დავალიანება. დავრწმუნებული ვარ, რომ გულუა ნახავდა ამ ინტერვიუს და ამის შემდეგ უფრო მეტს იფიქრებს იმაზე რომ უახლოეს დროში ჩაურიცხოს გუნდს ხელფასები.

22:02 | 30.12.2013
bikenti (23)

ეეეჰ, ვეთანხმები jabar (382)-ს რომ მართლა სერიოზულ გუნდად ჩამოყალიბდა სოხუმი და მაგრად მწყდება გული რომ დაშლის პირას დგას, გულუა რაც სიკეთე გააკეთე, წყალში არ ჩაყარო ყველაფერი, მიხედე გუნდს, თამაში არ გამომიტოვებია სოხუმის მონაწილეობით, რასაც ეს ბიჭები ამ პირობებში აკეთებენ, მართლაც გმირობაა... ნუ დაშლი გულუა გუნდს, დღეს მხოლოდ ეს გუნდი გვახსენებს იმ ულამაზეს კუთხეს

21:13 | 30.12.2013
supermen4 (13)

სოხუმი საკმაოთ კარგ და სანახაობრივ თამაშს თამაშობს მე ძალიან მიხარია როდესაც ამ გუნდის თამაშს ვუყურებ და ალბათ არამარტო მე მრავალ ჩვენგანს. მადლობა მინდა გადაუხადი ბატონ მინდიას რომ ასეთი გუნდი შექმნა და ასევე მადლობა მინდა ვუთხრა იმიტომ რომ ხელს უწყობს ახალგაზრდა კალათბურთელების განვითარებას და უქმნის მათ სათანადო პირობებს სოხუმი კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს და მრავალ ტიტულს მოიპოვებს თუ ეს შემადგენლობა შეინარჩუნა !!!

21:39 | 30.12.2013
lukich (105)

მადლობა მინდია გულუას? მაგას აფერისტობა და არაკაცობა ჰქვია რასაც ეგ აკეთებს. შენ თუ სოხუმის გულშემატკივარი ხარ და სოხუმის თამაში გხიბლავს მაგას არ უნდა იძახდე! 4 თვეა ბიჭებს ხელფასი არ აუღიათ და მადლობა მინდია გულუას? მეც სოხუმის ყველა თამაშს ვესწრები და უბრალოდ ყველანაირ საზღვარს სცილდება მაგ კაცის საქციელი! ბიჭებს ოჯახები ყავთ და ზოგი კიდე თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და შენ კიდე მინდია გულუას მადლობას უხდი? კი ბატონო ბევრი რამ გააკეთა მაგრამ ეს უკვე ყველაფერზე მაღლა დგას როდესაც ახალი წელი მოდის, და ბიჭებს ატყუებ რომ ხელფასს ჩაგირიცხავო და არ ურიცხავ! მე კიდე ამ ბიჭების მიკვირს რატო არიან ჩუმად? რატო ხმას არ იღებენ? ეგ გულუა თავს იპიარებს ალბათ. საქმე გააკეთოს ჯობია და ნაკლები იპიაროს თავი! მე პირადად იურისტი ვარ, და კარგად ვიცი სპორტული კანონები, და ურჩევნია დროზე დაფაროს ეს ბიჭების დავალიანება თორემ ცუდად ექნება საქმე!

21:46 | 30.12.2013
lukich (105)

მილიონები აქვს დუდუ დადიანის ფინალზე ბენტლით იყო მობრძანებული და დავიჯერო ხელფასის გადახდა უჭირს? თუ ეგრეა საქმე მაშინ ბენტლით რატო დადიხარ მინდია? და თუ ბენტლით დადიხარ და მაგდენი პრეტენზია გაქვს ქველმოქმედებაზე, და გუნდის ყოლაზე ნება იბოძე და ბიჭებს ფული გადაუხადე! მონები კიარ არიან ესენი! უბრალოდ არ შემეძლო რომ არ დამეწერა სირცხვილია ხალხო, მარტო საქართველოში ხდება ესეთი რამ! ბიჭებს მივმართავ სოხუმის კალათბურთელებს: გამოდით და ტელევიზიით თქვით თქვენი სათქმელი, თქვენ სპორცმენები ხართ, და არა მონები! თქვენი უფლებები დაიცავით თქვენით, და მერე უკვე თუ ამანაც არ გაჭრა მიმართეთ შესაბამის ორგანოებს და ისინი იზრუნებენ უკვე თქვენზე! ვის გაუგუა ესე!

17:03 | 30.12.2013
sevdia (1)

საახალწლოდ გუნდს რო ხელფასს არ მისცემ მაგას რა უნდა ელაპარაკო ... ერთადერთი ეს გუნდია რაც სოხუმს მახსენებს და მაგიც დაიშლება ალბათ. მადლობა ბიჭებს ასეთი სანახაობრივი კალათბურთისთვის. ეს მაგალითია როგორ შეიძლება უხელფასოდ გული და სული ჩადო საყვარელ სპორტში, მეორე მხრივ უნამუსობის მაგალითი.

16:02 | 30.12.2013
jabar (494)

სოხუმი უკვე ტრადიციულ გუნდად ჩამოყალიბდა და ეჭვი არ მეპარება გულუა ამ საქმეს სანაგვეზე არ მეისვრის///////უბრალოდ არ იქნება გამართლებული საქციელი მითუმეტეს თბილისის ზღვაზე მაღალი დონის საკალათბურთო ქალაქის გაკეთებას აპირსებსო დ...... რა ვიცი ბალამუტია???????

15:03 | 30.12.2013
sardioni (335)

მინდია გულუა დიდი საქმე კი გააკეთა ამ 3 წელიწადში ,მაგრამ ახლა რა ჭირს ასეთი რომ 3-4 თვის ხელფასები არ გადაუხადა ბიჭებს.მინდია-მიხედე გუნდს!

13:09 | 30.12.2013
GreeNsTreet (6426)

კონკრეტულად არავის მისამართით დამიწერია მეგობარო ყველამ თAვის გულში ჩაიხედოს )და არც პატარა ბავშვი ვარ ეგ მეშლებოდეს ))

12:44 | 30.12.2013
buska (1193)

ღმერთმა ქნას ყველაფერი გამოსწორდეს წარმატებები სოხუმს

12:03 | 30.12.2013
normali (400)

ბოლო 3 წელი სოხუმი ნამდვილად კარგად თამაშობს და ანგარიშგასაწევი გუნდია, წარმატებებიც და ჩავარდნებიც ქონდა.იმედია,რომ კლუბი არ დაიშლება.

0.064588