ხშირად გაიგონებთ, რა გვეშველება, ჩვენთან ფეხბურთელები აღარ იზრდებიან და ასე შემდეგ... საქართველოში ფეხბურთელები ყოველთვის გაიზრდებიან, ტალანტები ყოველთვის ჰყავდა ჩვენს ქვეყანას, მთავარი მათი განვითარება, პირობების შექმნა და მოფრთხილებაა. აბა, ამ ბიჭების შემხედვარე, დღეს შვეიცარიელ თანატოლებს ნამდვილი გაკვეთილი რომ ჩაუტარეს, უიმედოდ როგორ უნდა იყო?
არადა, ვის, ვის და შვეიცარიას ასაკობრივი ნაკრებები არ დაეწუნება. ბოლო 10 წელია, მათ არცერთ ასაკობრივ გუნდს ჩავარდნა არ ჰქონია, მეტიც, რვაგუნდიან ფინალურ ეტაპებზეც ხშირად გადიან. მითუმეტეს საამაყოა, როცა შვეიცარიას მისსავე სტადიონზე, ასე ლამაზად და დამაჯერებელი თამაშით უგებ.
რაც კი ფეხბურთში კომპონეტები არსებობს, ვასილ მაისურაძის გუნდმა მასპინძლები ყველაფერში დაჩაგრა. საწყის 10 წუთშივე გამოჩნდა, რომ ქართველებს უკეთესი გუნდი ჰყავთ, უპირატესობა ნელ-ნელა გაიზარდა და პირველი ხიფათი 21-ე წუთზე შეიქმნა, როცა გიორგი პაპუნაშვილის პასის შემდეგ, "სევასტოპოლის" ფორვარდი დავით დარციმელია მარჯვნიდან პირისპირ დარჩა მეკარესთან – კუთხე ცოტა მახვილი იყო და დარციმელიას დარტყმულს მეკარე ალბრეხტი გაუმკლავდა.
მოედნის ცენტრში ქართველები აშკარად სჯობდნენ სტუმრებს, რომელთა ერთადერთი ნათელი წერტილი მარცხენაფლანგელი მბაბუ გახლდათ. გოლმაც არ დაახანა: 31-ე წუთზე "საბურთალოს" მარცხენა მცველი გიორგი თევზაძე ფლანგზე გაიჭრა, კარგ გარღვევას კი პასი და დარციმელიას ახლოდან ზუსტი დარტყმა მოჰყვა – 1:0.
მალევე, გიორგი გოროზიასა და გიორგი პაპუნაშვილის დარტყმების შემდეგ გადარჩა შვეიცარიელთა კარი.
მეორე ტაიმის საწყისი 15 წუთი საუკეთესო მონაკვეთი იყო მატჩისა: ბურთი თითქმის მუდმივად მაისურაძის გუნდს ჰქონდა და მასპინძლები მხოლოდ დასდევდნენ. უბურთოდ სირბილზე მტანჯველი კი, ფეხბურთში არაფერია... ქართველებმა ამ მცირე პერიოდში 4 საგოლე მომენტი შექმნეს – გიორგი აბურჯანიამ მრავასვლიანი კომბინაციის შემდეგ ახლოდან ააცილა; პაპუნაშვილის გრძელი რეიდი საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმით დასრულდა და ბურთი ოდნავ გადასცდა კარს; დარციმელიამ ნახევარბრუნში ბრწინვალედ დაარტყა და ალბრეხტმა ნახტომით კუთხურზე გადააგდო; კიკაბიძე შევიდა საჯარიმოში, ერთ მცველს აუარა გვერდი და მეკარემ ფეხით მოიგერია ბურთი.
ქართველები მთლიანად აკონტროლებდნენ თამაშს და იგრძნობოდა მათი კონცენტრაცია – წამითაც არ ეშვებოდნენ, მეტოქის მოედანზევე ცდილობდნენ ბურთის ართმევას. ალბრეხტმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავი, როცა თბილისის დინამოელი მათე ცინცაძის შორიდან დარტყმული მოიგერია. არადა, მშვენიერი გოლი იქნებოდა.
შვეიცარიელთა მარცხენაფლანგელი მბუბა მეორე ნახევარში აღარ ჩანდა და აკი, შეცვალეს კიდეც. არანაირი ეფექტი მეტოქის მწვრთნელის შეცვლებს არ მოუხდენია. საწყენი იყო, რომ აბურჯანიას მოუწია მინდვრის ნაადრევად დატოვება – მის წინააღმდეგ იუხეშეს. საერთოდ, შვეიცარიელები სიხისტეს და ზოგჯერ უხეშობასაც არ ერიდებოდნენ.
კაპიტან ნიკა ჭანტურიასაც ემუქრებოდა შეცვლა, მაგრამ ექიმების ჩარევით, მაინც ბოლომდე ჩაამთავრა მატჩი. ჭანტურია დაცვის უდავო ლიდერია და კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი ჭკვიანური თამაშით.
79-ე წუთზე კი მსაჯმა შვეიცარიელები 10 კაცით დატოვა. მეკარე ალბრეხტი ბოლო იმედის ჯარიმისთვის გაძევეს – ილია კერძევაძეს შეუშალა ხელი. და რადგან მასპინძლებს სამივე შეცვლა გაკეთებული ჰქონდათ, კარში ნახევარმცველი ჰასანოვიჩი ჩადგა.
და აი, სწორედ ათკაციან გუნდს შეეძლო გათანაბრება: კარლენმა ერთ შეხებაში შორიდან ძლიერად დაარტყა და მეკარე ბექა ქურდაძემ მშვენიერი რეაქცია გამოავლინა. ეს მოხდა 83-ე წუთზე, ხოლო 2 წუთში ყველანაირი ნერვიულობა გაქრა: პაპუნაშვილმა შორიდან გაისროლა და შესაძლოა, ალბრეხტს აეღო ეს ბურთი, მაგრამ კარში ხომ ნახევარმცველი იდგა – 2:0.
მთელმა გუნდმა მშვენივრად ითამაშა. წინ კი კვიპროსთან და ისრაელთან მატჩებია. მოდუნება არ შეიძლება – ჯგუფის მასპინძელი დამარცხებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მაისურაძის გუნდი უკვე ფინალურ ეტაპზეა. ამ შეხვედრებშიც სრული კონცენტრაციაა საჭირო.
ლოზანა. "ხუან ანტონიო სამარანჩი"
საქართველო-შვეიცარია 2:0 (1:0)
საქართველო: ქურდაძე, კაკაბაძე, გურეშიძე, ჭანტურია, თევზაძე, ცინცაძე, აბურჯანია (ზარანდია 71), პაპუნაშვილი, კიკაბიძე (კერძევაძე 75), გოროზია (შენგელია 89), დარციმელია.
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
შვეიცარია: ალბრეხტი, გონსალვეში, ელვედი, იანკო, როდრიგესი, კამბერი (ხონ-იანგი 61), კუშტუდიუ (კასპედესი 71), კარლენი, მბაბუ (ჰაიოსი 75), ტარაშაი, ჰასანოვიჩი.
მწვრთნელი: ჟერარ კასტელია
გოლები: 1:0 დარციმელია (31), 2:0 პაპუნაშვილი (85)
გაფრთხილება: ჰასანოვიჩი (9), პაპუნაშვილი (89)
გაძევება: ალბრეხტი (79)
მსაჯი: გრუიჩი (სერბეთი)
პირველ ტურში ისრაელმა 4:0 სძლია კვიპროსს და ჯერჯერობით, ჯგუფში ლიდერობს. აქვე, მომდევნო ტურების კალენდარი (თბილისის დროით):
27 მაისი:
18:30: საქართველო-კვიპროსი, 20:00: შვეიცარია-ისრაელი
30 მაისი
20:00: საქართველო-ისრაელი; 20:00: კვიპროსი-შვეიცარია







