ეროვნული საფეხბურთო ასპარეზობები უკეთესი სანახავი რომ იყოს, ფეხბურთის თამაშის დონესთან ერთად, მსაჯობის დონემაც უნდა მოიმატოს. ამ კომპონენტებს მაყურებლით სავსე ტრიბუნებიც დაუმატეთ და რაღაც პროგრესზე საუბარი უკვე შეგვეძლება. საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად გვიწევს მსაჯების უსაფრთხოებაზე საუბარი. გვერწმუნეთ, აღნიშნული გარემოება სულაც არაა ბოლოხარისხოვანი, რადგან თუ მსაჯს პროფესიული დონის გამოსავლენი შესაბამისი გარემო არ შეუქმენი, მისგან მატჩის უშეცდომო განსჯას ვერ მიიღებ.
“მსოფლიო სპორტს” არაერთხელ დაუწერია მსაჯისთვის სამთავრობო ლოჟიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიმყენებელთა თაობაზე. იმის პრეტენზია ნამდვილად არ გვაქვს, რომ ჩვენგან ასეთი უმსგავსობის დაგმობა და თანამდებობის პირთა (სამთავრობო ლოჟაში უჩინოთა ჯდომა თითქმის გამორიცხულია) “საჩვენოდ მორჯულება” ერთი იქნება. უბრალოდ, გვსურს, რასაც საკუთარი თვალით ვნახავთ და ყურით გავიგონებთ, საჯარო გავხადოთ. ჰოდა, იქნებ გადავაჩვიოთ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის აპრილის ერთ-ერთ სხდომაზე უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა. განხილვის საგანი იყო და დიდხანსაც არ უმსჯელიათ, ს/კ რუსთავის “მეტალურგის” პრეზიდენტის, გიორგი (ბუბა) ტყავაძის მიერ არბიტრ გიორგი ვადაჭკორიას სიტყვიერი შეურცხყოფის თაობაზე. როგორც 6 აპრილს გამართული “დინამო”-“მეტალურგის” (1:1) განმსჯელი ოფიციალურ ოქმში წერს, ნამატჩევს მსაჯთა გასახდელში შესულმა რუსთაველთა მმართველმა დირექტორმა (“მეტალურგის” შემთხვევაში, მასზე მაღალი თანამდებობის პირად ოფიციალურ წყაროებში არავინ სახელდება და კლუბის პრეზიდენტადაც იმიტომ მოიხსენიება) მისი მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა. დისციპლინარებმა ქვემოქართლელთა ხელმძღვანელს ჯარიმის სახით 600 ლარის გადახდა დააკისრეს.
სადისციპლინო კომიტეტის მდივანმა ზვიად დარასელმა “მეტალურგის” კიდევ ერთი წარმომადგენლის მიერ მსაჯის მისამართით ნახმარი უწმაწური მიმართვის 600 ლარად შეფასების შესახებ გვამცნო. როგორც ირკვევა, 18 აპრილს, დავით ყიფიანის სახელობის თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, რუსთაველთა მეკარეების მწვრთნელმა არჩილ ღურწკაიამ “მეტალურგი”-“ზესტაფონის” (0:1) მომსახურე მთავარ არბიტრ მალხაზ ბეუქლიშვილს აგინა. პრეზიდენტთან შედარებით მწვრთნელს უფრო მკაცრი სასჯელი დააკისრეს - ნახსენები ფულადი სანქციის გარდა, მას 2 მატჩით დისკვალიფიკაციაც მიესაჯა.
სხვათა შორის, ნახსენებ სათასო მატჩს ამ სტრიქონების ავტორიც ესწრებოდა და ვიპ-ლოჟაში მსხდომი ჩინოსნების მხრიდან არბიტრის გინება მანაც არაერთხელ გაიგონა. არადა, როგორც მიმდინარე სატურნირო მდომარეობიდან ჩანს, “მეტალურგი” ზესტაფონელთა ერთადერთი თუ არა, უპირველესი კონკურენტები არიან საჩემპიონო ბრძოლაში. თუ ვინმემ ამ ბრძოლის შემადგენელ ნაწილად გახადა მსაჯების გინება და მათი ამ გზით “სათავისოდ შემობრუნება” დაისახა მიზნად, სჯობს მაგალითი ქართული ფეხბურთის სხვა ლიდერებისგან (“ზესტაფონი”, “ტორპედო”, “დინამო”) აიღოს - ისინი არც ლოჟიდან იგინებიან და არც მსაჯის გასახდელში.
თემის აქტუალური გაგრძელებაა კვირის მატჩში თორნიკე გვანცელაძის მიერ გოგიტა გოგუას გაძევება. დინამოელმა გორელებთან მატჩისას არბიტრს დედა შეაგინა, თანაც ორჯერ. სფფ-ის რეგლამენტით, ასეთი ქმედებისთვის ფეხბურთელს 600-ლარიანი ჯარიმა და 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ეკუთვნის. თუმცა არაა გამორიცხული, ორჯერ შეგინებისთვის მეტიც მიუსაჯონ.
ფრიდონ კერვალიშვილი







