ბარსელონა-სიტი (პირველი მატჩი 2:0)
გასული კვირის წარუმატებლად დასრულების შემდეგ, “ბარსელონა” და “სიტი” განწყობის გამოკეთებას ჩემპიონთა ლიგაზე შეეცდებიან. ამის უკეთესი შანსი კატალონიელებს აქვთ, რადგან 3 კვირის წინათ, მანჩესტერში, მათ 2:0 მოიგეს და 1/4-ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.
როგორც აღვნიშნეთ, გასული კვირა ორივე გუნდისთვის წარუმატებელი იყო. “ბარსელონამ” ლა ლიგის აუტსაიდერთა შორის მყოფ “ვალიადოლიდთან” წააგო და ტატა მარტინოს გუნდმა, რომელიც ლიდერ “რეალს” 4 ქულით ჩამორჩება, მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.
“სიტიმ”, 2 მარტს, ინგლისის ლიგის თასის ფინალში, “სანდერლენდი” კი დაამარცხა, მაგრამ 1 კვირის შემდეგ, ასოციაციის თასის 1/4-ფინალში, “ქალაქელები” “უიგანთან” საკუთარ კედლებში დამარცხდნენ და ასპარეზობას გამოეთიშნენ.
გუნდები ოფიციალურ მატჩში ერთმანეთს პირველად 3 კვირის წინათ შეხვდნენ.
“ბარსელონას” ინგლისურ გუნდებთან დაპირისპირების დიდი გამოცდილება აქვს. კატალონიელებმა, 61 თამაშიდან, 25 მოიგეს, 19 ფრედ დაასრულეს და 17 წააგეს. საკუთარ კედლებში გამართულ 27 მატჩში “ბარსას” 15 მოგება, 10 ფრე და 2 მარცხი დაუგროვდა. “კამპ ნოუზე” კატალონიელთა დამარცხება ორივე შემთხვევაში “ლივერპულმა” მოახერხა.
გაცილებით მწირია “სიტისა” და ესპანური გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია. მანჩესტერელებმა, 10 თამაშიდან, 3-3 მოიგეს და ფრედ ითამაშეს, ხოლო 4 წააგეს. ესპანეთში ჩატარებული 5 თამაშიდან “სიტიმ” ერთი მოიგო, ამდენივე ფრედ ითამაშა და 3 დათმო. პირენეებზე მოგებულ ერთადერთ მატჩში “ქალაქელებმა” ის ანგარიში დააფიქსირეს, რომელიც მათ დღეს ხელს აძლევთ. 2011 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “სიტიმ” “ვილიარეალი” 3:0 დაამარცხა.
“ბარსელონას” ისააკ კუენკა და ჯონათან დოს სანტოსი აკლია, მაგრამ ეს ფეხბურთელები მარტინოს გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები ნამდვილად არ არიან.
“მანჩესტერ სიტის” სათადარიგოთა სკამზე ვერ იქნება მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი. მის მსგავსად, დისკვალფიცირებულია მარტინ დემიკელისი. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სტევან იოვეტიჩისა და მატია ნასტასიჩის თამაში.
UEFA-მ მატჩის განსჯა სტეფან ლენუას დაავალა. ფრანგ არბიტრს “ბარსელონას” თამაშში მონაწილეობა 2-ჯერ მიუღია. 2007 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, კატალონიელებმა “შტუტგარტს” 3:1 სძლიეს. 3 წლის შემდეგ, იმავე ეტაპზე, კატალონიელებმა უკვე “კოპენჰაგენს” მოუგეს, ამჯერად 2:0. მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე, ლენუას მონაწილეობით გამართულ თამაშში, “ბარსელონამ” “სელტიკი” გლაზგოში ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
“სიტის” მატჩში სტეფან ლენუას ერთადერთხელ უმსაჯია. 2011 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “ქალაქელებმა” “ბაიერნი” 2:0 დაამარცხეს.
- ჩემპიონთა ლიგის წინა 6 გათამაშებაში “ბარსელონა” 1/4-ფინალში გასვლას ყოველთვის ახერხებდა;
- ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში სულ 2-ჯერ მოხდა, რომ ფლეი ოფის პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე წამგები გუნდი შემდეგ ეტაპზე გასულიყოს;
- ევროტურნირების ისტორიის გათვალისწინებით, ფლეი ოფის პირველი საშინაო მატჩის 0:2 წაგების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გასვლით შანსი მხოლოდ 2 პროცენტია;
- “სიტი” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პირველად თამაშობს, მაგრამ ქალაქელთა მთავარ მწვრთნელს, მანუელ პელეგრინის 1/4-ფინალში გუნდი 3-ჯერ გაუყვანია. ჩილელმა სპეციალისტმა, 2-ჯერ ეს “ვილიარეალთან”, ხოლო ერთხელ “მალაგასთან” ერთად მოახერხა;
- “ბარსელონას”, ევროტურნირის ფლეი ოფის პირველი მატჩი სტუმრად 34-ჯერ მოუგია. კატალონიელები შემდეგ ეტაპზე 32-ჯერ გავიდნენ. 1985 წელს, თასების მფლობელთა თასის პირველ ეტაპზე, “ბარსამ” ხელიდან ორბურთიანი უპირატესობა გაუშვა. ესპანელებმა “მეტცი” გასვლაზე 4:2 დაამარცხეს, მაგრამ კატალონიაში ფრანგებმა 4:1 მოიგეს;
- “სიტიმ”, ევროტურნირის ფლეი ოფის პირველი მატჩი, საკუთარ კედლებში, ერთხელ წააგო. 2008 წელს, უეფას თასის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე, “ქალაქელები” “მიდტიულანდთან” 0:1 დამარცხდნენ. განმეორებით მატჩში “სიტიმ” იმავე ანგარიშით მოიგო, რასაც თერთმეტმეტრიანების სერიაში გამარჯვება მოაყოლა;
- მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე, “ბარსელონა”, საკუთარ კედლებში, ყველაზე შედეგიანი გუნდი იყო. კატალონიელებმა 3 მატჩში 13 გოლი გაიტანეს;
- “ბარსელონამ”, ევროტურნირებზე გამართული ბოლო 24 საშინაო თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო. დანარჩენი 23 მატჩიდან კატალონიელებმა 19 მოიგეს;
- “ბარსელონამ”, ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 24 საშინაო თამაშიდან 22 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და ერთი წააგო;
- “სიტის”, ყველა ტურნირზე გამართულ ბოლო 11 გასვლით მატჩში წაგება არ აქვს;
- “სიტიმ”, მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე, სამივე გასვლითი თამაში მოიგო;
- ესპანეთში მუშაობის დროს, მანუელ პელეგრინი “ბარსელონას” 22-ჯერ დაუპირისპირდა. ჩილელმა სპეციალისტმა ოთხ-ოთხჯერ მოიგო და ფრედ ითამაშა, ხოლო 14-ჯერ წააგო;
- “სიტის” ნახევარმცველი იაია ტურე, 2007-2010 წლებში, “ბარსელონაში” თამაშობდა. კატალონიური გუნდის მაისურით მან 117 თამაში ჩაატარა;
- პაბლო საბალეტა, “ესპანიოლში” თამაშის დროს, “ბარსელონას” 4-ჯერ დაუპირისპირდა. 2 თამაში ფრედ დასრულდა, ხოლო 2-ჯერ “ბარსამ” მოიგო;
- 2006-2011 წლებში, “ატლეტიკოში” თამაშის დროს, სერხიო აგუერომ “ბარსელონას” 10 თამაშში 5 გოლი გაუტანა;
- “არსენალში” თამაშის დროს, სესკ ფაბრეგასი “სიტის” 13-ჯერ დაუპირისპირდა. მისმა გუნდმა 9-ჯერ მოიგო, 2-ჯერ ფრედ ითამაშა და 2-ჯერ წააგო;
- ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 8 თამაშში სერხიო აგუერომ 8 გოლი გაიტანა;
- ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, “ბარსელონამ” 5771 გადაცემა გააკეთა, რომელთაგან 4963 ზუსტი გამოდგა. ორივე ეს მაჩვენებელი საუკეთესოა. ფეხბურთელებს შორის ლიდერი ჩავი ერნანდესია, რომლის 790 პასიდან 727 ზუსტი გამოდგა;
- სერხიო აგუერომ, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 8 თამაშში 8 გოლი გაიტანა;
- “სიტიმ”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 13 თამაშში კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ შეინახა;
- ლიონელ მესიმ, მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 4 მატჩში კარში 9-ჯერ დაარტყა ზუსტად და 7 გოლი გაიტანა.
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვესი, პუიოლი, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ფაბრეგასი, სანჩესი, მესი, პედრო.
სიტი (4-4-2): ჰარტი, საბალეტა, კომპანი, ლესკოტი, კოლაროვი, ნასრი, ტურე, ფერნანდინიო, სილვა, აგუერო, ჯეკო.
მსაჯი: სტეფან ლენუა (საფრანგეთი).
პსჟ-ლევერკუზენი (4:0)
ამ წყვილში, გამოკვეთილი ფავორიტი თავიდანვე “პარი სენ ჟერმენი” იყო და 3 კვირის წინათ გამართულმა შეხვედრამ “ლევერკუზენს” ყველანაირი იმედი გადაუწურა. ევროტურნირებზე არასდროს მომხდარა, რომ საკუთარ მოედანზე 4 ბურთით წამგებ გუნდს ორრაუნდიანი დაპირისპირება შემოებრუნებინოს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არც ახლა მოხდება.
ცუდ ფორმაში მყოფ მეტოქეს პსჟ კარგი განწყობით ხვდება. ლევერკუზენში გასეირნების შემდეგ, პარიზელებმა იოლად მოგებები შიდა აასპარეზზეც განაგრძეს. ბლანის შეგირდებმა ლიგა ერთის სამივე თამაში მოიგეს და მე-2 ადგილზე მყოფ “მონაკოსთან” სხვაობა 8 ქულამდე გაზარდეს.
სეზონის კარგად დამწყებ “ლევერკუზენს”, ბოლო დროს, საქმეები ძალიან ცუდად მისდის. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, სამი ჰიიპიას გუნდი ბუნდესლიგაში მე-2 ადგილზე იყო და ლიდერ “ბაიერნს” 7 ქულით ჩამორჩებოდა. ბოლო 3 მატჩში მხოლოდ 1 ქულის აღების შემდეგ, “ლევერკუზენმა” მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.
პსჟ გერმანულ გუნდებს სულ 12-ჯერ შეხვედრია. პარიზელებს 7 მოგება, 2 ფრე და 3 მარცხი აქვთ. საკუთარ კედლებში გამართული 5 დაპირისპირებიდან ფრანგებმა 4 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს.
“ლევერკუზენს”, საფრანგეთის წარმომადგენლებთან ჩატარებულ 12 შეხვედრაში 5 მოგება, 3 ფრე და 4 წაგება დაუგროვდა. მეტოქის მოედანზე, გერმანელებმა ერთხელ მოიგეს, ხოლო ორ-ორჯერ ფრედ ითამაშეს და წააგეს.
“პარი სენ ჟერმენი” მეტოქეს უდანაკარგოდ ხვდება. საეჭვოა მხოლოდ ზუმანა კამარას თამაში. “ლევერკუზენი” ტრავმირებულ კრუზესა და ჰეგელერის გარდა დისკვალიფიცირებულ სპაიჩსაც მოისაკლისებს.
მატჩს ხორვატი არბიტრი ივან ბებეკი მოემსახურება, რომელსაც არც პსჟ-ს და არც “ლევერკუზენის” თამაშში აქამდე არ უმსაჯია.
- ევროტურნირების ისტორიაში არასდროს მომხდარა, რომ ფლეი ოფის პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე 0:4 წაგების შემდეგ გუნდი მომდევნო ეტაპზე გასულიყოს.
- პსჟ-ს ევროტურნირების ფლეი ოფის პირველი თამაში სტუმრად 14-ჯერ მოუგია. პარიზელები შემდეგ ეტაპზე ყველა შემთხვევაში გადიოდნენ;
- “ლევერკუზენს” ევროტურნირის პირველი მატჩი საკუთარ კედლებში 9-ჯერ წაუგია. გერმანელებმა შემდეგ ეტაპზე გასვლა ვერცერთხელ მოახერხეს;
- პსჟ-ს, გერმანულ გუნდთან, საკუთარ მოედანზე არასდროს წაუგია;
- ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 32 თამაშში 39 გოლი გაიტანა;
- “პარი სენ ჟერმენმა”, ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 5 თამაში მოიგო და ყველა მათგანი მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით;
- პსჟ-მ, საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო 11 საშინაო მატჩიდან გოლი მხოლოდ ორში გაუშვა;
- ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 6 თამაშიდან “ლევერკუზენმა” 5 წააგო და ერთი ფრედ დაასრულა;
- პსჟ-ს, ევროტურნირებზე ჩატარებულ ბოლო 27 საშინაო თამაშში წაგება არ აქვს;
- “ლევერკუზენმა”, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის ბოლო 6 თამაში წააგო, გაიტანა 5 და გაუშვა 22 გოლი;
- ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 15 მატჩში პსჟ-ს გოლი ყოველთვის გაჰქონდა;
- “ლევერკუზენმა”, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 თამაშში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა;
- “ლევერკუზენის” მიერ მიმდინარე გათამაშებაში გატანილი გოლების 56% სტანდარტული მდგომარეობის შესრულებას მოჰყვა.
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ (4-3-3): სირიგუ, ჟალე, ალექსი, სილვა, მაქსველი, ვერატი, მოტა, მატუიდი, მოურა, იბრაჰიმოვიჩი, ლავესი.
ლევერკუზენი (4-3-3): ლენო, ჰილბერტი, თორფაქი, ვოლშაიდი, ჩანი, კასტრო, როლფესი, რაინარტცი, სემი, კისლინგი, სონი.
მსაჯი: ივან ბებეკი (ხორვატია).