სტატიები

10:05 | 8.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

უმაღლესში გუნდების მატება ისევ "პროგრამაშია"

სათაურში მოყვანილი მოსაზრების მტკიცების საშუალებას, პროფლიგის პრეზიდენტის, გია ფირცხალავას საკმაოდ ორაზროვანი პასუხი იძლევა კითხვაზე - გაიზრდება თუ არა უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდების
რაოდენობა ახალი სეზონიდან: “ჯერ ეს ჩემპიონატი ჩავამთავროთ, თუმცა, ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება, თუ როგორ დაეცა უმაღლესი ლიგის დონე გუნდების რაოდენობის გაზრდისას. ერთწლიანი კლუბების მაგალითი ბევრი ვნახეთ. ჯერ გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობთ. დამთავრდება ეს ჩემპიონატი და ვნახოთ”. გამოდის, ქართული ფეხბურთის ფუნქციონერები ჯერ კარგად დააკვირდებიან, ვის მოუწევს მოქმედი რეგლამენტით უმაღლესი ლიგის დატოვება და მერე გადაწყვეტენ, შეცვალონ თუ არა იგი. სპორტული პრინციპებისთვის მიუღებელი ამგვარი გადაწყვეტილებები, საქართველოში სხვა დროსაც არაერთხელ მიუღიათ და რაღა ახლა უნდა გაგვიკვირდეს. საწყენი და დასანანი უბრალოდ ისაა, თუ წლების მატებასთან ერთად, ევროპის, საფეხბურთო თვალსაზრისით უფრო ცივილიზებულ ქვეყნებში, სულ სხვა “მატერიებზე” ზრუნავენ, ჩვენთან, ადგილის ტკეპნას რომ თავი დავანებოთ, უკან ბრუნდებიან.
ისე, დრო კია ერთხელ “უმაღლესში ჩატოვებულ” კლუბებს მოსწყინდეთ ფუნქციონერთა დათვური სამსახურის დაუმადლებლად მიღება და ერთხელ თავადაც თქვან უარი იმაზე, რაც არ დაუმსახურებიათ. თუმცა, ჩვენთან ხომ ფეარ ფლეის პრინციპები ისევე უცხოა, როგორც მწვანე ბალახი უმეტეს ადრესაგაზაფხულო საფეხბურთო მინდორზე.
მშვენიერი იდეა წამოსწია პროფლიგამ სპონსორთა ქართულ ფეხბურთში მოზიდვის მიზნით, მაგრამ გვერწმუნეთ, არის ამ ინიციატივაში რაღაც ისეთი, “ზემოდან დავალებულს” რომ ჰგავს. იმ 14 წვრილ-მსხვილი სპონსორის წარმომადგენელთა საჯარო გამოსვლას და ხატზე დაფიცებას - გეფიცებით, დიდი სურვილი მაქვს წელიწადში მილიონი ამ უსახური ჩემპიონატის ერთ-ერთ მონაწილეს დავახარჯოო, არავინ ელის (ეს თანხა, შესაძლოა, სულის მღაფავი კლუბისთვის იყოს მაშველი რგოლი, თორემ მასზე გაცილებით მეტი, ზოგიერთ ქართულ კლუბში უკვე ხელფასებში რომ გაიცემა, საიდუმლო არაა). უბრალოდ, ჩვენი სურვილი იქნება, პოპულისტური გამოსვლებიდან საქმეზე გადასვლა მალე მოხდეს.
ვიმეორებთ, ცოტა საეჭვო კი ჩანს სპონსორთა ამგვარი ნებაყოფლობითი მოზღვავება. რატომ? ქვემოთ “ცოცხალ” მაგალითს მოვიყვანთ და თავად განსაჯეთ.
ვის არ უნდა ახარებდეს ახალი სეზონიდან უმაღლეს ლიგაში ქუთაისური გუნდის კვლავ გამოჩენა.  მართალია, სამართალმემკვიდრის საკითხებში აქ მავანთა მეშვეობით გვარიანი აჯაფსანდალი მომზადდა (ეს ის “ტორპედო” არაა, რომელმაც 3-ჯერ ქვეყნის ჩემპიონობა და 2-ჯერ თასი დაისაკუთრა), მაგრამ ფაქტია, რომ რიონისპირული ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფინანსებული “ტორპედო-2008” უძლიერესთა რიგებში გადმოდის.
სწორედ ამ კლუბის, მისი “ყველაფრიანად” ყიდვა ისურვა 2009 წლის გაზაფხულზე ერთმა ფულიანმა (ამის ხაზგასმა აუცილებელია, რადგან უფულოც შეიძლება არსებობდეს) ინვესტორმა. დაინტერესებულ პირთა მეშვეობით, ინვესტორმა მოითხოვა თანხის დასახელება, რომლის გადახდის შემდეგ, მის ახლომახლო, ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი (ოცნებას კაცი არ მოუკლავს) ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი (ეს მთლად ნამეტანი) არ გაჭაჭანდებოდა. წარმოიდგინეთ, პასუხი დღემდე არ ჩანს.
მიზეზი მარტივია. ჯერ ერთი, გამყიდველის (ხელისუფლების) “ამფსონებს” არ სურდათ იმ “ქონიანი ლუკმის” (წლიური 300-600 ათასი ლარი პატარა ფული არ გეგონოთ) ვადაზე ადრე ხელიდან გაშვება, რასაც საბიუჯეტო სახსრების საკუთარი მოსაზრებით ხარჯვა ჰქვია (მერიის 100%-იანი წილით დაფუძნებული შპს-ს ბუღალტერი ან სხვა ჩინოსანი, ბაზარში საყიდლებზე დიდი კალათებით რომ ივლიან, ნეტავ რა მოლოდინისთვის?). მეორეც - ინვესტორს კლუბის სახელზე და მის ფეხბურთელებზე კი არ ამოსდიოდა მზე და მთვარე, არამედ იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც “ტორპედო-2008”-ს თან მიაყოლებდნენ. ჰოდა, უსტადიონო და უბაზო გუნდი რა თავში სახლელად უნდა იმ უცხოელს? “მაჭანკლობაც” ამიტომაა დამუხრუჭებული.
გვესმის, რომ სახელმწიფო სახსრებით ქუთაისის მთავარი საფეხბურთო არენის რეკონსტრუქცია, უმაღლეს ლიგაში ადგილის მქონე გუნდს მეტ ფასს დაადებს, მაგრამ ეს ზომიერად რეალური უნდა იყოს, თორემ ქართული კლუბების განსახელმწიფოებრიობა ძველებურად გაჩერდება.
არ გვინდა, ამ მაგალითით დასკვნების განზოგადება მოვახდინოთ, მაგრამ თუ მართლა აპირებენ ქართულ ფეხბურთთან ფულიანი და არა უფულო ინვესტორის მიკარებას, თუნდაც ქუთაისელთა მაგალითზე გამოჩნდება.

ფრიდონ კერვალიშვილი
 

0.0897