ნიუ იორკში, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც დავინახე - პოსტსაბჭოური მემკვიდრეობა ყველაზე მეტად სწორედ აქ ცოცხლობს და ფასდება. ეს, ალბათ, იმის გამო, რომ ლამის ნახევარი საბჭოთა კავშირი აქაურობას, კერძოდ კი ბრუკლინსა და ბრაიტონს შეეხიზნა... შესაბამისად, რაკი "დვა ტრიდცატიანი" ძეხვი და "სემიჩკაპეროიანი" ავტოკალამი "წავიდა, გაჰქრა", პოსტსაბჭოელი პატივცემულები წარსულის მო¬ნატრებას წარსულიდანვე გა¬მოყოლილი ადამიანების, ფაქტების, მოვლენების მოგონებით იქარვებენ დარდს.
ჰოდა, მიკვირს ხოლმე: ის, ასე ერთბაშად რომ ვაქციეთ ზურგი პოსტსაბჭოურ ტერიტორიაზე დარჩენილმა და გადასხვაფერებულ სისტემაში მცხოვრებმა ადამიანებმა, რატომ არის მოთხოვნადი აქ, ამერიკის რუსულენოვანი ობშინის რიგებში?! დავაკონკრეტებ: საუბარი მაქვს უკრაინულ "სალაზეც" და ციმბირულ პელმენებზეც, დოსტოევსკიზეც (რომელსაც საოცრად ვერ იტანენ რუსულენოვანი ებრაელები) და ლევ ლეშჩენკოზეც (ვთქვათ), დერიბასოვკაზეც და "ხრეშჩატნიკზეც"... მოკლედ, ზუსტად ისე, როგორც კლასიკაშია - "ბევრი რამ არის უცნაური, ჩემო ჰორაციო, ამქვეყნად"...
ამ ერთგვარი "კვასის პატრიოტიზმის" (ქართულად ხაჭაპურის ან ტყემლისა დავარქვათ) გამოა, იხსენებენ და იხსენებენ წარსულს - ნოსტალგიითაც, სხვათა შორის და მომავალი კი... ვფიქრობ, აღრევა, ათქვეფა, ასიმილაციისაა - ერთადერთი მუსულმანი შავკანიანების რაღაც ნაწილი ფიქრობს კანადის ტერიტორიაზე "შავი, რასისტული სახელმწიფოს" დაარსებაზე და ამ მიზნით, მათმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დღეში 6 თეთრკანიანი ადამიანის ლიკვიდაცია დაისახა მიზნად (ღმერთო შემინდე და, კიდევაც "აირტყა" სასიკვდილო ინექცია გასულ უქმეებზე, ვირჯინიის შტატის სათანადო დაწესებულებაში - მანამდე მხოლოდ 11 ადამიანის მოკვლა მოასწრო)...
ჰო, ჰომოსოვიეტიკუსებზე ვსაუბრობდი და ითხოვენ, ითხოვენ ადამიანები - პახმუტოვასა და ალა ბარისოვნას, იაშინსა და მასლაჩენკოს, "მატრიოშკასა" და ივანუშკა-დურაჩოკს...
სხვათა შორის, მასლაჩენკოზე გამახსენდა, ამას წინათ, ცნობილ უკრაინელ ჟურნალისტსა და გამომცემელს, დმიტრი გორდონს მისცა ვეებერთელა ინტერვიუ და რუსულის მცოდნე მთელი ამერიკული მოსახლეობის გასაგონად განაცხადა, რამდენიმე მეკარე, მათ შორის პირაევი, მარღანია და სტეფანია, საერთო მონაცემებით, ლევ იაშინზე მაგრები იყვნენო...
სულ ახლახანს კი ვალერი გაზაევთან ინტერვიუმ იხილა დღის სინათლე - ისევ დმიტრი გორდონი მართავდა სიტუაციას და "ცხელსისხლიანმა ოსმა", გარდა იმისა, რომ ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ დაჭყლიტა გასახდელში ორი ფორთოხალი, როგორ მოექცა ერთ ფეხბურთელს დაახლოებით ისე, როგორც სერ ალექს ფერგიუსონი დევიდ ბექჰემს, ისაუბრა ნოდარ ახალკაცზეც, დავით ყიფიანზეც, ვლადიმერ გუცაევზეც - მოკლედ, ზოგადად იმდროინდელ თბილისის "დინამოსა" და თავის გამოსვლაზე ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბში...
გაზაევის თქმით, მან მოსკოვის "დინამოში" გამოსვლა დაამთავრა მაშინ, როცა ედუარდ მალოფეევმა "გაბედა და შეცვალა", მერე ნახევარი წელიწადი წინადადებას ველოდი და როგორც იქნა, ნოდარ ფარსადანოვიჩ ახალკაცმა მიმიწვია "დინამოშიო"...
გუნდი აქო - ჩივაძეს, შენგელია, ჩელებაძეს, გუცაევს, სულაქველიძეს, გაბელიას ოსტატობას რა ჩემი ხსენება სჭირდება და დიდხანს მივდიოდით პირველ და მეორე ადგილებზეო... მე კი, მახსოვს, მაგრამ ნამდვილად არ დამითვლია და გაზაევს სულ "დინამოში" 12 მატჩი მოგროვებია გოლები რომ გაჰქონდა, ეს კი სტაჟიან მკითხველს უთუოდ ემახსოვრება, განსაკუთრებით ეფექტური მისი და გუცაევის დუეტი იყო...
გაიხსენა 1979 წელს გაბელიას კარში ვერგატანილი პენალტიც და ის მომენტი საკუთარი კარიერის ყველაზე რთულ ეპიზოდად მონათლა: "გავიტანდი, პანი ვიყავი, ვერა და არაფერიო" და გეხსომებათ, ვერ გაიტანა, გამოუცნო "ამბროსიჩმა"...
უკრაინის ჩემპიონატში საქმე ასეა - გაზაევის ფორმაციის "დინამომ" "შახტარს" 3:0 გადაურბინა და როგორც ჩანს, რუსების მიერ "გეორგიჩ პაბედანოსეცად" მონათლული ოსი სპეციალისტი სწორ გზაზე დადგა. ეგ არის, კლუბმა რომ რამედ ივარგოს, კონჩე ზასპის დარი ბაზა სჭირდებაო და ამას ამბობს მწვრთნელი, რომელიც ბოლო 5 წელიწადია, ფიფას ეგიდით მოწყობილი ელიტარული სამწვრთნელო სემინარების უცვლელი სტუმარი და მონაწილეა. რატომ ვამახვილებ ყურადღებას ამაზე: იმიტომ, რომ ჩვენში ყველაზე უკეთესი, "დინამოს" ბაზა, დაახლოებით, 20-25 წლით ჩამორჩება თუნდაც საშუალო დღევანდელობას...
იმათ გასაგონად, ვისაც ყველა ქართული უბედურების სათავედ მხოლოდ რუსეთი და რუსული მიაჩნიათ და შესაბამისად, რუსეთში გაზრდილ-დავაჟკაცებულ-დაბერებული გაზაევის აზრი სულ კიდურებზე ჰკიდიათ, გეთანხმებით, ბატონებო, ბევრი ზიანი მოგვაყენეს რუსებმა, ის ულვაშა გეორგიჩიც არ არის ალექს ფერგიუსონი, მაგრამ... "ზაპოროჟეცი" რომ "გლუშიტელს" (ქართულად მაყუჩი ჰქვია) ვერ მოიქნევს, იმხელა მოედნების მშენებლობას, ერთი ნორმალური სანაკრებო ბაზა აეშენებინათ არ სჯობდა? ანდა წელიწადნახევარში რომ სტაბილურობას გვპირდებიან "სადაც ჯერ არს", რისი და ვისი იმედი აქვთ? ყველაზე კარგად გია გეგუჩაძეს ეცოდინება, შესაბამისად, დაადასტურებს ან უარყოფს, იმ ელიტარული სამწვრთნელო სემინარებიდან გამომდინარე, ხუთ წელიწადში ერთხელ საფუძვლიანად იცვლება სამწვრთნელო მიდგომა და მეთოდოლოგიაო და...
და ნეტა რამდენწლიანია ქართული ხუთწლედი?
კონსტანტინე გოგიშვილი
სპეციალურად „მსოფლიო სპორტისთვის“ ნიუ იორკიდან







