სტატიები

12:08 | 13.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

უიღბლონი

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ქართველების კიდევ ერთ მეტოქეს - ისრაელს წარმოგიდგენთ. ეპითეტად “უიღბლო” ამ ქვეყნის ნაკრებზე რომ ზედ გამოჭრილია, ამაზე ციფრებით “გამაგრებული” ფაქტები  მეტყველებენ. გასული საუკუნის ბოლო შესარჩევ ტურნირში ებრაელებმა ავსტრიელებს ბურთების სხვაობით აჯობეს და ევრო-2000-ზე მოსახვედრად დანიასთან ფლეი-ოფში (0:5, 0:3) თამაშის უფლება მოიპოვეს. მომდევნო, ამჯერად მუნდიალის საკვალიფიკაციოში, ისრაელს უკვე ავსტრიამ აჯობა და ჯგუფში მესამე ადგილზე დატოვა. არადა, ბოლო საშინაო მატჩში რომ ებრაელებს ემარჯვათ (1:1), მათ ამჯერადაც ფლეი-ოფი ჰქონდათ “გამოწერილი”.
ისრაელი ევრო-2004-ზე მოსახვედრ ბრძოლაშიც მე-3 ჯგუფურ ადგილს დასჯერდა, იმ განსხვავებით, რომ ოთხივე საშინაო შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე (ორი პალერმოში, ორი ანთალიაში) გამართა. ებრაელებს სტატისტიკურად უნიკალური საკვალიფიკაციო ტურნირი ჰქონდათ გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ რომ იბრძოდნენ. 20 ქულით პირველ ადგილზე გასულ ფრანგებს, ისრაელი და შვეიცარია 2-2 ქულით ჩამორჩა, მაგრამ შუაევროპელებმა, თელ ავივში ჯგუფური ეტაპის შეხვედრისას გატანილი მეტი გოლით (2:2, 1:1) მოიპოვეს ფლეი-ოფის საგზური. ტურნირის უნიკალურობა კი იმაში გამოიხატებოდა, დასახელებული სამი გუნდიდან არცერთს საკვალიფიკაციო მატჩი არ წაუგია.
უინტერესო არც შემდგომი კონტინენტური პირველობის შესარჩევი გათამაშება ყოფილა ჩვენი მეტოქისთვის. ევრო-2008-ზე გასვლისთვის პაექრობაში “ებრაული” ჯგუფის საუკეთესო ოთხეული ასეთი მიმდევრობით დაეწყო: ხორვატია - 29, რუსეთი - 24, ინგლისი - 23, ისრაელი - 23. და ბოლოს, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრ ბრძოლაში ებრაელებმა, ათწლეულში უცუდესი შედეგი აჩვენეს და 16 ქულით, შვეიცარიასთან (21), საბერძნეთთან (20) და ლატვიასთან (17) ჭიდილი მხოლოდ მეოთხეებმა დაამთავრეს.
ჰოდა, რა გასაკვირია, თუ ისრაელის ფეხბურთის ასოციაცია ისეთი უცხოელი მწვრთნელის ძიებაშია, რომელსაც მიზნად მხოლოდ უახლოესი შესარჩევი ციკლის წარმატებით გადალახვას დაუსახავს მიზნად. იმიტომაც მიდის ამდენხნიანი “ვაჭრობა” ასოციაციასა და ევროპელ კანდიდატებს შორის - ებრაელები ფულზე უკან არ იხევენ, მაგრამ მათ მეორე მხრიდან პოლონეთი-უკრაინის მინდვრებზე მოხვედრის უმყარესი გარანტია უნდათ.
ვინ აღარ დასახელდა ლურჯ-თეთრების სათავეში მოსვლის კანდიდატად. იტალიელ რობერტო დონადონის წლიური 2 მილიონი ევრო ეცოტავა; ჰოლანდიელი რონალდ კუმანი იგივე პერიოდში მილიონნახევარ ევროს ითხოვდა, მაგრამ ასოციაციის პრეზიდენტი ავი ლუზონი მის ნახევარზე “ცოტათი” მეტს სთავაზობდა; ვერ გაიგებ ამ პრეზიდენტებისას - თუ ნიდერლანდელს “ცენტებს” სთავაზობდა, ამჟამად ყველაზე აქტუალური პრეტენდენტის, ფრანგი ლუის ფერნანდესის თვიურ ჯამაგირად 400 ათასი ევრო სახელდება. ეს რომ ოფიციალური ებრაული წყაროებიდან გამოსული ციფრები არ იყოს, კაცი იფიქრებდა ჭორიაო.
ამასობაში კიდევ ერთი უცხოელი კანდიდატის რეალურობა წამოიწია წინა პლანზე. ებრაული ძირის მქონე გერმანელი ვინფრედ შეფერი ბოლოს არაბთა გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთ კლუბს ედგა სათავეში, მანამდე კი ნაკრების თავკაცობის გამოცდილება ჰქონია - კამერუნელ “ლომებს” მან 2002-ში აფრიკის თასი მოაპოვებინა.
ადგილობრივ კადრებს რაც შეეხება, დრორ კაშტანის წასვლის შემდეგ, ერთ-ერთი რეალური კანდიდატურა წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ეიალ ბერკოვიჩი იყო, მაგრამ იგი გულშემატკივარს უფრო ესიმპათიურებოდა, ვიდრე ლუზონს. ამ უკანასკნელმა შორს დაიჭირა ბერკოვიჩის მხრიდან საკუთარი პერსონის ნაკრების თავკაცის პოსტზე შეთავაზება და 3 მარტს ებრაელთა გუნდის რუმინელებთან გასვლით ტესტ-შეხვედრაში მინდორზე გაყვანა ელი ოჰანას დააკისრა.
სხვათა შორის, ბერკოვიჩს და ოჰანას ქართველი “ჯვაროსნების” წინააღმდეგ ფეხბურთელობის რანგში თამაშის (ორთავეს გოლი აქვს გატანილი) გამოცდილება აქვთ. ოჰანასთან არა, მაგრამ ბერკოვიჩთან ნაკრების დონეზე დაპირისპირებული, საქართველოს მთავარი გუნდის დამრიგებელი თემურ ქეცბაიაცაა. ეს 2000 წლის 29 მარტს აშქელონში მოხდა. მატჩში ანგარიში გიორგი ქინქლაძემ 27-ე წუთზე გახსნა და ყველაფერი ქართველთა გამარჯვებისკენ მიდიოდა, მაგრამ ეიალ ბერკოვიჩმა “ფეხი გამოიდო”. მან 83-ე წუთზე გაქვითა და შეხვედრა ფრედ 1:1 დამთავრდა.
და ერთიც, ებრაელთა და ნაკრების დონეზე უცხოელი სპეციალისტის თანამშრომლობაზე. ბოლოს ისრაელის ნაკრების სათავეში დანიელი რიჩარდ მიოლერ-ნილსენი 2002 წელს ედგა. სწორედ მისი მწვრთნელობის პერიოდს ემთხვევა, ქართველების მიერ პირველ ნაკრებთა დონეზე მოგებული ერთადერთი მატჩის ჩატარება. ეს 2001 წლის 24 აპრილს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე მოხდა. შეხვედრა “ჯვაროსნებმა”, მეტწილად თემურ ქეცბაიას დუბლის წყალობით   მოიგეს - 3:2.
სულ საქართველოს და ისრაელის ნაკრებებს ერთმანეთში 4 მატჩი აქვთ ნათამაშევი - 2 ებრაელებმა, მოიგეს ერთიც ქართველებმა (ბურთების სხვაობა 4:6). ყველა შეხვედრა ამხანაგური ხასიათისა იყო.
იმის მიუხედავად, რომ ნაკრებს თავკაცი ჯერ კიდევ არ ჰყავს, ამას ებრაელთა წლევანდელ სასპარინგო გეგმებზე გავლენა არ მოუხდენია. ისრაელის ნაკრები, მაისის ბოლოს ჩილეში ჩასატარებელი 4-გუნდა საერთაშორისო ტურნირის მონაწილე იქნება. მასში მასპინძლების გარდა არგენტინა და ურუგვაი ითამაშებენ და გუნდები ერთმანეთს წრიული სისტემით გაეჯიბრებიან. მეტოქეებს შესარჩევი ციკლის დაწყებამდე კიდევ ერთი ტესტ-მატჩი აქვთ დაგეგმილი - 11 აგვისტოს ისინი კოტდივუარელებს აფრიკაში შეხვდებიან.  
ეს ჩვენი მეტოქის სამომავლო გეგმები. რაც შეეხება, ახლო წარსულს, ოჰანამ ტიმიშოარას მინდორზე რუმინეთს “ლურჯ-თეთრები” ასეთი შემადგენლობით დაუპირისპირა:
ძირითადი - აუატე, საბანი, ბენ ჰაიმი, სტრული, კაიალი, ვერმუთი, კოლაუტი, შეხტერი, ზივი, ბენაიუნი, იადინი;
შემცვლელები - დავიდოვიჩი, მორი, ნაჩო, ბარდა, გოლანი, კეინანი, არბეიტმანი, გაფნი, კოენი.
შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ეს მისი ბოლო სპარინგი 2:0 მოიგო. გოლები გუნდის კაპიტნის იოსი ბენაიუნისა და ბელგიური “გენკის” ფორვარდის ელიანივ ბარდას ანგარიშზეა.
 

ფიფას წევრი 1929 წლიდან
აზიის კონფედერაციის წევრი 1954-1974
ოკეანიის კონფედერაციის წევრი 1974-1991
უეფას წევრი 1994 წლიდან
ფიფას რეიტინგში: 26-ე ადგილი (საუკეთესო მაჩვენებელი მე-15 - 2008 წლის ნოემბერში)
ნაკრების მთავარი მწვრთნელი: თანამდებობა ვაკანტურია
სტადიონი: თელ ავივის “რამათ განი” (ტევადობა - 41 583)
პირველი მატჩი დამოუკიდებელი ქვეყნის ნაკრების რანგში: აშშ - ისრაელი  3:1 (26.09.1948)
ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: ჩინეთის ტაიპეისთან 9:0 (23.03.1988)
ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: ეგვიპტესთან 1:7 (16.03.1934)
ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: არიკ ბენადო - 94
ყველაზე მეტი გოლი ნაკრებში: მორდეხაი შპიგელი - 33
ქვეყნის საუკეთესო კლუბები: “მაკაბი” (ჰაიფა), “მაკაბი” (თელ ავივი), “ჰაპოელი” (თელ ავივი), “ბეითარი” (იერუსალიმი)
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე: 3 მატჩი, 2 ფრე, 1 წაგება, ბურთები - 1:3
აზიის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე:  13 მატჩი, 9 მოგება, 4 წაგება, ბურთები - 28:15

შემადგენლობა:


მეკარეები
დუდუ აუატე (1977, “მალიორკა”, ესპანეთი) 46 მატჩი, 0 გოლი
ნირ დავიდოვიჩი (1976, “მაკაბი” ჰაიფა) 50 0
ლირან სტრაუბერი (1974, “მაკაბი” თელ ავივი) 8 0
მცველები
დედი ბენ დაიანი (1978, “ჰაპოელი” თელ ავივი) 21 1
ტალ ბენ ჰაიმი (1982, “პორტსმუთი”, ინგლისი) 50 0
დეკელ კეინანი (1984, “მაკაბი” ჰაიფა) 13 0
კლემი საბანი (1980, “მაკაბი” ნათანია) 20 1
იოავ ზივი (1981, “ლოკერენი”, ბელგია) 21 0
ავი სტრული (1980, “ლოკერენი”, ბელგია) 10 0
დინ მორი (1988, “ბნეი იეჰუდა” თელ ავივი) 2 0
ეიალ მეშუმარი (1983, “მაკაბი” ჰაიფა) 4 0
რონი გაფნი (1980, “მაკაბი” თელ ავივი) 2 0
ნახევარმცველები
გალ ალბერმანი (1983, “მიოხენგლადბახი”, გერმანია) 25 1
ტამირ კოენი (1984, “ბოლტონი”, ინგლისი) 16 0
ბირამ კაიალი (1988, “მაკაბი” ჰაიფა) 12 0
იოსი ბენაიუნი (1980, “ლივერპული”, ინგლისი) 76 21
ავირამ ბარუჩიანი (1985, “ბეითარი” იერუსალიმი) 8 1
გილ ვერმუთი (1985, “ჰაპოელი” თელ ავივი) 3 0
ავიჰაი იადინი (1986, “ჰაპოელი” თელ ავივი) 4 0
ბიბრას ნაჩო (1988, “ჰაპოელი” თელ ავივი) 1 0
თავდამსხმელები
ბარაკ იცხაკი (1984, “ბეითარი” იერუსალიმი) 10 1
ელიანივ ბარდა (1981, “გენკი”, ბელგია) 20 11
ბენ საჰარი (1989, “ესპანიოლი”, ესპანეთი) 17 5
იტაი შეხტერი (1987, “ჰაპოელი” თელ ავივი) 4 0
ომერ გოლანი (1982, “მაკაბი” ფეთახ თიკვა) 36 8
რობერტო კოლაუტი (1982, “მიონხენგლადბახი”, გერმანია) 17 6
შლომი არბეიტმანი (1985, “მაკაბი” ჰაიფა) 6 3

ფრიდონ კერვალიშვილი

 

0.09624