ფეხბურთი

21:31 | 5.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

უჰრინი “გლადიატორებს” დაემშვიდობა

“გურია” წელს ჩაამთავრებს


მატჩის შემდეგ, “დინამოს” მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი იმ ტრიბუნასთან მივიდა, სადაც თბილისელთა ფანკლუბის “გლადიატორების” წევრები ისხდნენ და დაემშვიდობა. თავის მხრივ, “გლადიატორებმა” ჩეხი სპეციალისტი “დუშან, დუშანის” შეძახილით გააცილეს.

პრესკონფერენციაზე უჰრინმა დაადასტურა, რომ “დინამოდან” მიდის, მაგრამ დეტალებზე უკვე პარასკევს, 13 საათზე “დინამო არენაზე” გასამართ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს. ცნობილია, რომ ის კარიერას ჩეხეთის “პლზენში” გააგრძელებს.

...“გურიამ”, რომელიც უფინანსობის გამო “დინამოსთან” სათამაშოდ გასვლას საერთოდ არ აპირებდა, უვარჯიშებელი გუნდის კვალობაზე კინაღამ სენსაცია გამოაცხო. რომან პოკორას შეგირდებმა თბილისელებს პირველი ტაიმი მოუგეს, მაგრამ უპირატესობის შესანარჩუნებლად ფიზიკური მომზადება აშკარად არ ეყოთ.

შესვენებამდე, “დინამოს” რეალური სახიფათო მომენტი მეტოქის კართან არ შეუქმნია. ყველაზე დასამახსოვრებელი მე-14 წუთზე მარჯვნიდან “გურიას” საჯარიმოში შეჭრილი გიორგი მერებაშვილის გადაცემის შემდეგ, მაკედონიელი დარკო გლიშიჩის დარტყმა იყო, მაგრამ ბურთი კარს ზემოდან გადაცდა.

ანგარიში 30-ე წუთზე გაიხსნა. მარჯვენა ფლანგიდან ალექსანდრე კოშკაძემ კუთხური მოაწოდა და ვილი ისიანმა ბურთს მიმართულება ოდნავ შეუცვალა – 0:1. შესვენებამდე მეტი საინტერესო არაფერი მომხდარა.

50-ე წუთზე, “გურიას” კონტრშეტევის დროს, კოშკაძემ თბილისელთა საჯარიმოში მარცხნიდან გახსნილი ალექსანდრე შენგელია მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი შორეულ კუთხეში მოჭრა და გიორგი ლორიამ “დინამო” გოლის გაშვებისგან ნახტომში იხსნა. 56-ე წუთზე, ტრავმირებული ვლადიმერ ჯოჯუას ნაცვლად მოედანზე შესულმა ნოდარ გაჩეჩილაძემ სახიფათოდ, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა.

58-ე წუთზე, გიორგი მიქაბერიძის მიერ წამოწყებული შეტევა ჩისკომ გააგრძელა, რომელმაც “გურიას” საჯარიმოში მარცხნიდან შესული ვუო მოძებნა, ხოლო კოტდივუარელმა ბურთი ისევ ესპანელს დაუბრუნა და ამ უკანასკნელმა თანაფარდობა აღადგინა – 1:1.

ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, უპირატესობა მთლიანად ხელთ მასპინძლებმა იგდეს. გოლის გატანიდან მალევე, ჩისკომ ლანჩხუთელთა მეკარეს ვუო შეატოვა, მაგრამ აფრიკელმა წინა გამოსულ მინდია ბობღიაშვილს გვერდი ვერ აუარა და ბურთი დაკარგა. 68-ე წუთზე, მარცხნიდან დავით კვირკველიას პასის შემდეგ, ახლო მანძილიდან ვუომ თავით დაარტყა და ბობღიაშვილმა ბურთი მოიგერია, ხოლო კარიდან ერთ მეტრში მყოფმა ჩისკომ ვარდნაში უზუსტოდ დაარტყა.

74-ე წუთზე, ბობღიაშვილმა კიდევ ერთხელ იყოჩაღა და ჩისკოს მიერ შესრულებული ძალიან სახიფათო საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ბურთი ნახტომში კუთხურზე უკუაგდო. სამ წუთში, წაქცეულმა ვუომ მაინც გაუკეთა პასი ლანჩხუთელთა საჯარიმო მარცხნიდან შესულ ჩისკოს, რომელმაც მახვილი კუთხიდან დაარტყა და ბობღიაშვილი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.

79-ე წუთზე, ლანჩხუთელთა მცველმა მარცხენა ფლანგზე თავის საჯარიმოს სიახლოვეს უხეში შეცდომა დაუშვა და გიორგი მერებაშვილმა, რომელმაც ბურთი ჩაჭრა, საჯარიმოში სწრაფად შესულმა შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 2:1.

84-ე წუთზე, ვუომ მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებული საუცხოო პასით ჯაბა დვალი სტუმართა კარის დარაჯთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა “დინამოს” ფორვარდმა ბობღიაშვილს ვერ აჯობა.

90-ე წუთზე, დვალმა ვუო ლანჩხუთელთა მეკარესთან ერთი-ერთზე გაიყვანა და აფრიკელის დარტყმის მერე ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, მაგრამ შეტევა გაგრძელდა და მერებაშვილის პასით დვალმა გაიტანა.

რომან პოკორა: “რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. გუნდი არ ვარჯიშობდა. მართალია, 1:3 წავაგეთ, მაგრამ მადლობა ბიჭებს, რადგან რაც შეეძლოთ გააკეთეს. “დინამოს” არ ვაკნინებ, მაგრამ რომ არა ჩვენი წამყვანი ფეხბურთელის ტრავმა, არ ვიცი, რა მოხდებოდა. შედეგით კმაყოფილი არ ვარ. იმ გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელსაც “გურიამ” სახლში მოუგო. სათადარიგოთა სკამიც მოკლე გვაქვს. ჩემს ფეხბურთელებს ვერ დავადანაშაულებ. მათი თავდადებით კმაყოფილი ვარ”.

ერეკლე კილაძე: “ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. პრობლემები იყო და არ გვივარჯიშია. დასანანია რომ წავაგეთ. მომდევნო თამაში “ტორპედოსთან” გვაქვს და ახლა ესაა საფიქრალი. არავის გვიფიქრია, რომ “დინამოსთან” ფრეზე გვეთამაშა. ამბიცია გვაქვს და “ტორპედოსთანაც” მოსაგებად ვითამაშებთ. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ქალბატონ მარინა თოთლაძეს (“გურიას” დირექტორის კობა მირზაშვილის და-რედ.). ის გვერდით დაგვიდგა და თანხა მოგვიტანა. დიდი სიყვარულით დავითანხმეთ ერთმანეთი, რათა მოედანზე გავსულიყავით. რადგან დღეს სათამაშოდ გავედით, წელსაც ჩავამთავრებთ”.

კობა მირზაშვილი (“გურიას” დირექტორი): “ამ ეტაპზე გუნდში ფინანსური პრობლემებია. ხელფასი არ დაგვირიგებია, მხოლოდ პრემიები გავეცით. გუნდის შენახვაში ჩემი და მეხმარება. რაიონის გამგებელი ჩვენ გვერდითაა. ყველაფერი კეთდება, რომ “გურია” არ დაიშალოს. ბიჭების მიმართა მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ერთი დიდი ოჯახი ვართ. ბიჭები ბოლომდე თამაშობენ. ამ წელს ჩვეულებრივად ჩავამთავრებთ. ხელფასებს იანვარში გავისტუმრებთ. მუნიციპალიტეტმა გადმოგვცა ფურცელი, რომ ვალი დაიფარება. ლანჩხუთის “გურიას” 400000 ლარი აქვს “პრივატბანკისა” და “პროგრესბანკის” ვალი. ეს კლუბმა ჯერ კიდევ პირველ ლიგაში ყოფნის დროს აიღო”.

დინამო (თბილისი) – გურია (ლანჩხუთი) 3:1 (0:1)

5 დეკემბერი. თბილისი. “დინამო არენა”.

დინამო: ლორია, გივი კვარაცხელია, სეთურიძე, გველესიანი, კვირკველია, გლიშიჩი (მიქაბერიძე, 58), ძარია (პაპუნაშვილი, 63), მერებაშვილი, ხმალაძე (კ), ჩისკო (დვალი, 83), ვუო.

მთავარი მწვრთნელი: დუშან უჰრინი (ჩეხეთი).

გურია: ბობღიაშვილი, ჩუენსუ არნაუ, იობაშვილი, ჩიკვილაძე, ჯიშკარიანი, ჯოჯუა (გაჩეჩილაძე, 46), კილაძე, ჯოხაძე (ტორონჯაძე, 68), კოშკაძე, შენგელია, ისიანი.

მთავარი მწვრთნელი: რომან პოკორა (უკრაინა).

გოლები: 0:1 ისიანი (30), 1:1 ჩისკო (58), 2:1 მერებაშვილი (79), 3:1 დვალი (90).

გაფრთხილება: ჩუენსუ არნაუ (69), კილაძე (75), მერებაშვილი (83).

მთავარი მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი.

 

მეტალურგი (რუსთავი) – დილა (გორი) 0:0

 

ზესტაფონი – ჩიხურა (საჩხერე) 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ნიკა კვასხვაძე (48), 1:1 ვახტანგ ჭანტურიშვილი (62) 

 

სიონი (ბოლნისი) – ზუგდიდი 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ლადო ახალაია (63) 

 

მერანი (მარტვილი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 გიორგი კორიფაძე (12), 1:1 ლაშა ღონღაძე (20), 1:2 ნიკოლოზ მაისურაძე (76)

 

ტორპედო (ქუთაისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 თორნიკე კაპანაძე (20) 

 

1      დინამო (თბ)                                                15           11           3           1            37:12           36          
2 ჩიხურა 15 9 3 3 33:21 30
3 გურია 15 8 0 7 17:21 24
4 დილა  15 6 5 4 20:14 23
5 მეტალურგი 15 6 5 4 20:19 23
6 ზესტაფონი 15 6 4 5 17:12 22
7 ტორპედო 15 6 4 5 18:15 22
8 სიონი 15 6 4 5 19:18 22
9 ვიტ ჯორჯია 15 5 3 7 19:23 18
10 მერანი 15 4 1 10 14:30 13
11 სპარტაკი 15 3 1 11 11:24 10
12 ზუგდიდი 15 1 5 9 5:20 8

 

მეგოლეები:

11 - დიმიტრი ტატანაშვილი (2, “ჩიხურა”)

9 - ირაკლი მოდებაძე (2 პენ, “დილა”)

8 – დორინ გოგა (“დინამო”)

7 - ჩისკო (“დინამო”)

6 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)

5 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა დვალი (“დინამო”)

4 – გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე (2, “გურია”), ლადო ახალაია (“სიონი”)  

3 – ლაშა თოთაძე, გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი გველესიანი, დავით კვირკველია (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი, ლაშა კუჭუხიძე (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (“მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ალექსანდრე კოშკაძე (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)

 

  შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.085219