რაც არ უნდა მოხდეს, 2011 წელი უეინ რუნისათვის და მისი ოჯახისათვის საუკეთესო წლად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. ჯერ იყო და, თებერვალში რუნის სექსუალურმა სკანდალმა მთელი მსოფლიოს ბეჭვდითი სამყარო მოიცვა და იყო ერთი ენის ტარტარი და გადი-გამოდი. ამას “მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელის მხრიდან ცოლთან ჩხუბი მოჰყვა და ცოტა ხნის განმავლობაში რუნი თავისი სახლიდანაც კი იყო წასული.
შემდეგ კი, ცნობილი ფოტოების სკანდალის ჯერი დადგა, როდესაც რუნიმ და მისმა ცოლმა სრულიად შემთხვევით, მათი მტლაშა-მტლუშის ამსახველი ფოტოებით გაძეძგილი ფოტოაპარატი მავან უცნობს ჩაუგდეს ხელში. ამ უკანასკნელმაც, რა თქმა უნდა, არ დაახანა და მსწრაფლივ საზოგადოებას ამცნო თავისი “ამ დიდი აღმოჩენის“ შესახებ. მაგრამ ყველაფერი ამით როდის დასრულებულა. რუნების ცხოვრებაში ახალი უსაქმური გამომძალველი გამოჩნდა, რომელმაც უეინის ცოლს – კოლინ რუნის ჯერ ტელეფონზე დაურეკა, შემდეგ კი წერილი გაუგზავნა 15 ათასი ინგლისური ფუნტი სტერლინგის მოთხოვნით.
გამომძალველი, რომლის სახელია - ლი პლეტი, იმუქრება, რომ თუკი რუნები ამ თანხას არ გადაიხდიან, ის გაავრცელებს ახალ ფოტოებს, სადაც კოლინი და უეინი ისეთ განცხრომაში არიან, მავანთა გულს რომ გაუხარდება. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელი ფეხბურთელისათვის დასახელებული 15 ათასი ფუნტი განსაკუთრებულად დიდი თანხა ნამდვილად არაა, უეინ და კოლინ რუნებმა მაინც პოლიციასთან თანამშრომლობა არჩიეს და ახალი გამომძალველის არსებობის შესახებ აუწყეს საზოგადოებას. როგორც ფეხბურთელის ცოლი ამბობს, მავანი უსინდისო ადამიანისათვის ფულის გადახდას, ისევ მისი ტიტლიკანად გადაღებული ფოტოების გამომზეურება ურჩევნია.







