ჭადრაკი

13:15 | 1.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

უდანაკარგოდ მოსკოვში

რუსეთის დედაქალაქში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირ Moscow Open 2010-ზე დანაკარგის გარეშე ასპარეზობენ საქართველოს ჩემპიონი სალომე მელია (რეიტინგი 2431) და საერთაშორისო ოსტატი ნაზი პაიკიძე (2278).
შეჯიბრის მეორე ტურში მელიამ მეტოქე რუსი ალიონა კუშკა (2179) თეთრი ფიგურებით დაამარცხა, ხოლო პაიკიძემ ასევე თეთრებით ყაზახ დინარა სადუაკასოვას (2100) სძლია.
შედეგად, ქართველი გოგონები იმ 28 მოჭადრაკეს შორის აღმოჩნდნენ, რომლებიც ტურნირის სათავეში იმყოფებიან.
მესამე ტურში ჩვენებურები შავი ფიგურებით გაირჯებიან. მელია, რომელსაც Moscow Open 2010-ზე მე-6 განთესვა გააჩნია, რუს შანდუგაჩ შაიდულინას (2256) დაუპირისპირდება, ხოლო ოცდამეშვიდე ნომრად განთესილი პაიკიძე – პირველ ნომრად მიჩნეულ ჩინელ ჟუ ვენჟუნს (2512).
Moscow Open 2010 7 თებერვლამდე გასტანს და ექვსი ტურნირისგან შედგება: მთავარი ტურნირი – A კატეგორიაში, მოყვარულთა ტურნირი – B-ში, ქალთა ტურნირი – C-ში, ვეტერანთა – D-ში, ბავშვთა – E-ში და მეორე მსოფლიო თასი საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში – F-ში.
შეჯიბრი ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, 9 ტურად ჩატარდება. თითოეულ მონაწილეს პარტიის ბოლომდე 105 წუთი ეძლევა, შემდგომი 30 წამიანი დამატებით.
ფესტივალის საერთო საპრიზო ფონდი – 5 მილიონი რუსული რუბლია. აქედან, მთავარი ტურნირის გამარჯვებული 500 ათასს მიიღებს, ხოლო 21-ე ადგილზე გასული 15 000-თ დაჯილდოვდება.
ასევე დაწესებულია სამი ფულადი პრიზი საუკეთესო შედეგისათვის ვეტერანებსა და იუნიორებში, თხუთმეტი პრიზი – მოყვარულთა ტურნირში და სამი ჯილდო – საუკეთესო შედეგისათვის ურეიტინგოთა შორის.
ქალთა პირველობაზე, რომელშიც მელია და პაიკიძე ჩაერთვნენ, საპრიზო ფონდი 500 ათასს შეადგენს და 15 ადგილზე გადანაწილდება, ჩემპიონი კი 150 ათასს მიიღებს.
ტურნირში მონაწილეობას 12 ქვეყნის 136 მოჭადრაკე იღებს, რომელთა შორის სამოცამდეს საერთაშორისო წოდება გააჩნია, ოცამდე მოჭადრაკე კი საერთაშორისო დიდოსტატის სტატუსს ატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172148