ფეხბურთი

12:04 | 14.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

U19-ის ევროპული დღიური - სრული შემადგენლობით, სრული სვლით

გუშინ დილით, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა შეკრების განმავლობაში პირველად, სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

16 ივლისამდე, სულ ორჯერადი ვარჯიშები იქნება. ლიტვაში წასვლის დღეს კი, დილით, ადგილობრივი დროით 11 საათზე. ცეცაძის გუნდი მეორე ტესტ-მატჩს გამართავს რიგის „დაუგავასთან“, რის შემდეგაც კაუნასში ავტობუსით გაემგზავრება.

სრული დატვირთვით ივარჯიშეს „ტორპედოელებმა“ - ნიკა ჭანტურიამ და ნიკა სანდოხაძემ. ვარჯიშის შემდეგ კი, ჩვენ ორივეს გავესაუბრეთ.

ნიკა ჭანტურია: „უპირველესად, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნაკრებთან ერთად ვარ. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატზე თამაში. საქმეს მაქსიმალური სერიოზულობით მოვეკიდებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებით ვიასპარეზოთ და ევროპის ლიგაზე მიღებული გამოცდილება ნაკრების სასარგებლოდ გამოვიყენოთ. ამასთან, უკვე აღვნიშნე, რომ ჩემთვის და ლაშა დვალისთვის ეს მეორე ევროპის ჩემპიონატია. პირველი გამოცდილება, როგორც ყველამ იცის, შარშან, 17-წლამდე ნაკრებში მივიღეთ. თუმცა, ვფიქრობ, ამ ასაკში უკვე სხვა ფეხბურთია, სხვა დონეა... იმედია, შარშანდელი გამოცდილება მაინც დაგვეხმარება.

საფრანგეთთან შარშანაც ვითამაშეთ და ის ნაკრები ფიზიკურად ყველაზე ძლიერი გუნდი იყო, ვისთანაც კი ოდესმე გვითმაშია. როგორც ასეთი, მათი 19-წლამდე ნაკრების შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ კონკრეტულ ფეხბურთელებზე წარმოდგენაც მაქვს და ინფორმაციაც.“

ნიკა სანდოხაძე: „უკვე მთლიანად სანაკრებო სამზადისზე გადმოვერთე. კლუბი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სერიოზული თამაშიც გვქონდა სლოვაკეთში, თუმცა, ახლა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე ვფიქრობ. წინ ძალიან რთული სამი თამაში გველის. ჩვენ ჯგუფური ეტაპის წარმატებით გავლას და მინიმუმ ნახევარფინალში გასვლას ვგეგმავთ. ეს მართლაც რომ დიდი სამუშაოა... და ამ დარჩენილ ერთ კვირაში, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ძალიან მაგრად მომზადებულები შევხვდეთ პირველ თამაშს. ძალიან მიხარია, რომ უკვე ნაკრებთან ერთად ვარ და მზადებას სრული შემადგენლობით შევუდექით.

ვფიქრობ, საერთაშორისო დონეზე ჩემი გამოცდილება ამ ჩემპიონატზე აუცილებლად გამომადგება, რადგან ფეხბურთელს რაც უფრო მეტი თამაში აქვს მაღალ დონეზე ჩატარებული, ეს უფრო მეტს და მეტს მატებს მას.

ალბათ, ჯგუფის ფავორიტად ყველა ფრანგებს მიიჩნევს - მათი სახელიდან და თუნდაც, საფეხბურთო ჩემპიონატიდან გამომდინარე... ძალიან მნიშვნელოვანია პირველი თამაშის შედეგი. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდეს. პირდაპირ ვიტყვი - საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ყველას უნდა ეშინოდეს! ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ გუნდი ვართ და არავის არ ვუფრთხით. შეგვწევს იმის ძალა, რომ ყველა გრანდი დავამარცხოთ. ამიტომ, პირველ რიგში, ფრანგები უნდა დაფიქრდნენ, რადგან პირველი თამაში ჩვენთან აქვთ. მე კარგად ვიცი ჩემი თანაგუნდელების შესაძლებლობები და რაც ვთქვი, მხოლოდ რეალობას ემყარება.

საღამოს ვარჯიშმა კი, ტრადიციულად, ძალზე დინამიურად და ნაყოფიერად ჩაიარა. ცეცაძე თავის ფეხბურთელებს სხვადასხვა კომპონენტებისა და კომბინაციების დამუშავებაში ავარჯიშებდა. კაუნასში გამგზავრებამდე კი, უკვე სამი დღეღა რჩება.

სფფ-ის პრესსამსახური

www.gff.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092498