ფეხბურთი და ტრავმა რომ განუყოფელნი არიან, ამას თქმა არ უნდა, მაგრამ ქართველებში ძალიან სჭარბობს მათი "მეგობრობა". იქნებ, ბავშვობაშივე არასწორი მიდგომის ბრალია, ან ზედმეტი გადატვირთვის? სამწუხაროდ, გაცილებით ხშირია შემთხვევები 18-23 წლამდე ფეხბურთელების ტრავმებისა. ზოგი იოლად სძლევს ამ სირთულეს, ზოგს უჭირს, თუმცა რა თქმა უნდა, გააჩნია დაზიანების სიმძიმეს.
90-იან წლებშიც იყო შემთხვევები, როცა ქართველი ფეხბურთელები ტრავმას იღებდნენ და ზოგჯერ 6 თვით ეთხოვებოდნენ მინდორს. იმდროინდელი წამყვანი მოთამაშეებიდან, განსაკუთრებით მაინც არჩილ არველაძე დაიტანჯა – მას სიჭაბუკიდანვე თან სდევდა ოპერაციები.
გამოჩნდებოდნენ ასაკობრივ ნაკრებებში ბიჭები, განსაკუთრებულ იმედებს რომ გვაძლევდნენ, თუმცა შემდეგ სულ ანტიბიოტიკები, ნემსები, ქირურგიული ჩარევები... ძალიან ხშირად, ეს თავის ასაკში ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელებს ემართებოდათ – ლაშა ჯაკობიას, რატი წინამძღვრიშვილს, გიორგი განუგრავას, ლევან ყენიას, ლევან მჭედლიძეს, ბაჩანა არაბულს.
აქვე, იმ 10 მოქმედ ფეხბურთელს ჩამოვთვლით, რომლებსაც ყველაზე ხშირად აქვთ ტრავმები და ამან მათ კარიერას დიდი დაღი დაასვა:
ლევან ყენია. თითქმის 3 წელი უთამაშებელი იყო. კოჭზე სამი ოპერაცია გაიკეთა. 2009 წლის ნოემბერში დაშავდა. ახლაც ხშირად აქვს ტრავმა...
მათე ვაწაძე. საკმაოდ ხშირად აქვს ტრავმები: თბილისის "დინამოშიც", "ვოლგაშიც", "ორჰუსშიც". შარშან გაზაფხულზე, სანამ მძიმე ტრავმას მიიღებდა, კარგ ფორმაში იყო.
ჯაბა კანკავა. დღესდღეობით ჯაბა საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ გავიხსენოთ, ოქროს წლები როგორ დაეკარგა. მასაც ოპერაციები დასჭირდა, ზედიზედ 4 მატჩს ვერ აბამდა ერთმანეთზე. ეს 2008 წლის გაზაფხულიდან 2010 წლის მიწურულამდე.
ნიკა ძალამიძე. შარშან მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა პოლონეთის ჩემპიონატში. თებერვალში ჯვარედინ მყესებს, ოპერაციასა და რეაბილიტაციას, შემდეგ კოჭის ტრავმაც დაემატა.
ოთარ ხიზანეიშვილი. ხშირად ჰქონდა ტრავმა, რაც ზედიზედ ვერ ატარებინებდა ბევრ მატჩს. არადა, თავად აქვს ნათქვამი, რომ "ფრაიბურგში" როცა თამაშობდა, "შალკეში" გადასვლაზე იყო საუბარი და სწორედ იმ დროს მორიგი უიღბლობა ეწვია.
გიორგი ხიდეშელი. ნიჭიერ მცველს, რომელიც 17 წლის ასაკში უკვე ნაკრებში იწვევდნენ, 2 წელი გაუცდა და ამ სეზონში დაიწყო თამაში. ცუდი პერიოდი გამოიარა მუხლის ჯვარედინი მყესების გამო.
რატი წინამძღვრიშვილი. 7 წლის წინ, "ამერში" თამაშისას ისე დაშავდა, წელიწადზე მეტი გაუცდა. მას შემდეგაც ხშირად აქვს ტრავმები – ისეთი აღარ, მაგრამ მაინც, ხშირად აწუხებს.
დავით დევდარიანი. 2-3 თვე არაერთხელ გამოუტოვებია. სამწუხაროდ, ეს არ აძლევს "ორჰუსში" უკეთ წარმოჩენის საშუალებას.
ლევან მჭედლიძე. 16 წლის ასაკიდან მოყოლებული, ფეხი სულ აწუხებდა და საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში იკლო ამ ყველაფერმა. 4-5 შემთხვევა იყო, როცა ნაკრებში ძირითადში დაიწყო თამაში და ტრავმის გამო შეცვალეს.
ბაჩანა არაბული. მან 2011 წლის გაზაფხულზე ისეთ დროს მიიღო ტრავმა, რომ არავინ შეხებია. მედიკოსების თქმით, ეს ყველაზე რთული დაზიანებაა. ჯვარედინი იოგები გაუწყდა და დიდხანს მკურნალობდა – წელიწადზე მეტს.
სიის გაგრძელება კიდევ შეიძლებოდა, თუმცა მაინც ეს ათეული გამოვარჩიეთ. მათ გაუძლეს და თამაშობენ, თუმცა არიან ისეთებიც, კარიერის დასაწყისში მიღებული ტრავმა ფეხბურთისთვის თავის დანებებად რომ დაუჯდათ.