ფეხბურთი

21:54 | 28.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ტორპედო“ – „დინამო“ : ოფიციალურად 95-ე

30 მარტს,  თითქმის 2-კვირიანი პაუზის შემდეგ, ეროვნული ჩემპიონატის  უმაღლესი ლიგის თამაშები განახლდება. განსაკუთრებულ ყურადღებას ამ ტურში  ქუთაისში გასამართი პლეი ოფის  მატჩი იწვევს. ცენტრალურ სტადიონზე, მესამეადგილოსანი  „ტორპედო“  გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს, თბილისის „დინამოს“  უმასპინძლებს. ეს თამაში ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობისაა და, უნდა ვივარაუდოთ, სტუმარ-მასპინძელი  საინტერესო,  მძაფრ სანახაობას შემოგვთავაზებენ.

 ფესბურთის ქომაგთ შევახსენებთ, რომ აქამდე,  „ტორპედო“ და „დინამო“  ეროვნულ ჩემპიონატებში 53-ჯერ არიან შენახვედრი ერთმანეთს. სათამაშო ბალანსში დინამოელთა უპირატესობა სოლიდურია. მათ 25 მატჩი   მოიგეს  და 15 წააგეს, 13 დაპირისპირება ფრედ დასრულდა, ბურთების შეფარდება -  89:53.

„ტორპედო“  და „დინამო“   საქართველოს თასის გათამაშებებშიც  დამდგარან ერთმანეთის პირისპირ. 7 მატჩიდან  4 დედაქალაქელებმა მოიგეს, 3 კი ფრედ დამთავრდა, ბურთების შეფარდებაა 12:4, ცხადია, „დინამოს“ სასარგებლოდ.

ეს ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში გამართულ  ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება. მაგრამ 2 წამყვანი ქართული კლუბის  “ჯახებს“,  უფრო  ადრეული  ისტორია აქვს.

 ოფიციალურ დონეზე მათი პირველი თამაში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველ ჯგუფში, იგივე უმაღლეს ლიგაში შედგა. ამ დონეზე, ქართული „დინამო“ და „ტორპედო“ ერთმანეთს 1962-1970, 1982-1983 და 1985-1986  წლებში ხვდებოდნენ. 26 მატჩიდან  4 „ტორპედომ“ მოიგო, 13 „დინამომ“, 9 დაპირისპირება ფრედ დასრულდა, ბურთების შეფარდება 38:21 დინამოელთა სასარგებლოდ.

1962 წლის 25 მაისს, თბილისში, „ბურევესტნიკის“  სტადიონზე, 40 ათასი მაყურებლის თანდასწრებით გამართული პირველი „დინამო“-„ტორპედო“ უგოლო ფრით დასრულდა. მეტოქეებმა მაშინ ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

„დინამო“: როინ კვასხვაძე, ბორის სიჭინავა, მურთაზ ხურცილავა, გივი ხოჭოლავა, გიორგი სიჭინავა, ჯემალ ზეინკლიშვილი, სერგო ფიფია, ავთანდილ ხელაძე, ზაურ კალოევი, შოთა იამანიძე, ილია დათუნაშვილი;

„ტორპედო“: რამაზ ურუშაძე, იუზა ლოსაბერიძე, ედუარდ თორაძე, გურამ ცხოვრებოვი, გივი მუმლაძე, გურამ ნიშნიანიძე, ალბერტ ავალიანი, ვალერიან ჩხარტიშვილი, მიხეილ მიროშნიკოვი, ჯუმბერ ხაჟალია, ზაურ ბულია.

იმავე წლის 22 აგვისტოს,  დინამოელებმა  ქუთაისში შეძლეს ტორპედოელთა დამარცხება -3:1. ცენტრალურ სტადიონზე თამაშის საცქერად 30 ათასი კაცი მივიდა. სტუმართაგან თენგიზ მელაშვილმა, ზაურ კალოევმა და ჯემალ ზეინკლიშვილმა გაიტანეს, მასპინძელთაგან რომან სირაძემ.

1963 წლის ჩემპიონატში, ჩვენმა გუნდებმა ორივე მატჩი ფრედ დაასრულეს,  ქუთაისში 0:0, თბილისში 1:1( რომან სირაძე - შოთა იამანიძე).  

როგორც იცით, 1964 წელს თბილისის „დინამომ“ პირველად მოიპოვა საბჭოთა კავშირის  ჩემპიონის ტიტული. უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართულ  დამატებით, ე.წ  „ოქროს  მატჩში“, დინამოელებმა მოსკოვის „ტორპედოს“ 4:1 სძლიეს. იმავე ტაშკენტში, დამატებითი  თამაშის გამართვა მოუხდათ ტორპედოელებსაც, ოღონდ, უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. ქუთაისელებმა 4:2 მოუგეს გორკის(ახლანდელი ნიჟნი ნოვგოროდის) „ვოლგას“. რაც შეეხება ურთიერთდაპირისპირებებს, დინამოელებმა შინ  1:0 სლავა მეტრეველის გოლით მოიგეს, ხოლო ქუთაისში 1:1(ვალერიან ჩხარტიშვილი - ილია დათუნაშვილი) დაფიქსირდა. 30 ოქტომბერს, ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე აქამდე მიუწვდომელი (ალბათ, მარადიულიც -ავტ.)) დასწრების რეკორდი დამყარდა. გაზეთ  „სოვეტსკი სპორტის“ ვერსიით,  თამაშს  38 ათასი კაცი ადევნებდა თვალს, თუმც სტაჟიანი ქუთაისელი ქომაგები ირწმუნებიან, რომ  ეს რაოდენობა სინამდვილეს არ შეეფერება და სტადიონზე,  სულ მცირე, 45 ათასი კაცი იქნებოდაო. საქმე ის არის, რომ ამ მატჩზე წესრიგის დასაცავად საგანგებოდ მობილიზებულმა მილიციის მრავალრიცხოვანმა რაზმმა,  მოძალებული გულშემატკივრის  შეჩერება ვერ შეძლო და  სარბენი ბილიკებიც კი  ხალხით  გადაივსო. ამბობენ,  თამაშზე დასასწრებ  1-მანეთიან  ბილეთებს, გადამყიდველები  30-50-ჯერ მეტ ფასად ასაღებდნენ. ათასობით უბილეთოდ დარჩენილმა, შესვენებისას გაარღვია სტადიონის შესასვლელები. სხვა უწესრიგობას იმ დღეს ადგილი არ ჰქონია, თამაში მშვიდობიანად ჩამთავრდა.

მომდევნო ჩემპიონატში „დინამომ“ ორივე თამაში მოუგო  „ტორპედოს“, თან ერთნაირი ანგარიშით -2:0. საშინაო მატჩში ნოდარ მაისურაძემ და ელგუჯა ხუციშვილმა გაიტანეს, სტუმრად  კი სლავა მეტრეველმა დუბლი მიითვალა.

1966 წლის სეზონში, თანამემამულეთა პირველი, თბილისური  შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით , 3:1 დასრულდა. ილია დათუნაშვილის, კახი ასათიანის და ნოდარ მაისურაძის გოლებს, ერთით ვალერიან  ჩხარტიშვილმა უპასუხა. ქუთაისურ  მატჩში კი უხვგოლიანი ფრე,  3:3 დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ექვსივე ბურთი მე-2 ტაიმში გავიდა. მასპინძლები 3-ჯერ იგებდნენ, მაგრამ...ილია დათუნაშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, ტორპედოელთაგან  ჯუმბერ ხაჟალიამ(2) და ჯემალ ხერხაძემ გაიტანეს.

1967 წელს ქუთაისში ფრე, 1:1(სლავა მეტრეველი-არველოდ ჭითანავა) იქნა დაფიქსირებული, თბილისში „დინამომ“ 2:0 მოიგო. ყოფილ თანაგუნდელებს, ორივე გივი ნოდიამ გაუტანა.

1968 წელი. 21 აპრილს თბილისელებმა საშინაო შეხვედრა სლავა მეტრეველის გოლით 1:0 მოიგეს. 31 ივლისს, ქუთაისში, ტორპედოელებმა „დინამოსთან“ დიდი ხნის ნანატრი გამარჯვება მოიპოვეს - 4:2. თამაშის მსვლელობისას, მასპინძლები 3:0 იგებდნენ(რევაზ ნაჭყებია, არველოდ ჭითანავა, გურამ პეტრიაშვილი,ს.კ), შემდეგ კახი ასათიანმა და სერგო კუტივაძემ მინიმუმადე დაიყვანეს სხვაობა, თუმც საბოლოო შედეგს წერტილი ტორპედოელმა  ოთარ გადელიამ დაუსვა.

ახალ სეზონში, ქუთაისურ 0:0-ს დინამოელებმა საშინაო 3:1 მიაყოლეს(სერგო კუტივაძე, გივი ნოდია, გოჩა გავაშელი - ჯემალ ხერხაძე).

1970 წელი უიღბლო გამოდგა „ტორპედოსთვის“,  გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა. ქუთაისელებს „დინამოსთან” საშინაო გამარჯვებამ (2:1; ავთანდილ წვერავა,რევაზ ნაჭყებია- გივი ნოდია) ვერ უშველა. მანამდე, დინამოელებმა 2:0  მოუგეს(სერგო კუტივაძე, ვახტანგ რეხვიაშვილი) „ტორპედოს“.

თანამემამულეები ერთმანეთს კვლავ, 1982 წლის ჩემპიონატში შეხვდნენ. „დინამომ“ საკუთარ არენაზე 2:1 მოიგო(ზაურ სვანაძე, დავით მუჯირი - მერაბ მეგრელაძე), ქუთაისში ტორპედოელებმა რევანში აიღეს - 1:0(დევის დარჯანია).

მომდევნო სეზონის თბილისური მატჩი ისევ მასპინძლებმა მოიგეს -2:0(ვლადიმერ გუცაევი, იაგო ჟორჟიკაშვილი), ქუთაისში კი 2:2 აღინიშნა(დურმიშხან თვალაბეიშვილი,რევაზ ბურკაძე - ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი). 1983 წელს „ტორპედო“ ისევ დაემშვიდობა უმაღლეს ლიგას, მაგრამ არცთუ დიდი ხნით.1985 წლის 14 მაისს, „დინამო“-„ტორპედომ“ არნახული ინტერესი გამოიწვია. თამაშს 75 ათასი(!) მაყურებელი დაესწრო. დინამოელებმა უკანასკნელ წუთებზე(83,85) გატეხეს ტორპედოელთა წინააღმდეგობა, რამაზ შენგელიას და მალხაზ არზიანის გოლებით 2:0 მოიგეს. ქუთაისურ მატჩში ერთადერთი გოლი გავიდა, „ტორპედოს“ იაგო ჟორჟიკაშვილმა მოაგებინა.

1986 წელს  ტორპედოელებმა უკვე საბოლოოდ  დატოვეს საკავშირო უმაღლესი ლიგა.იმ სეზონში, ქუთაისელები შინ 0:0 ეთამაშნენ „დინამოს“. თბილისურ მატჩში კი მასპინძლებმა გაიმარჯვეს - 2:1(ალექსანდრე ჩივაძე, გია გურული - ოთარ კორღალიძე). ბოლო უმაღლესლიგური შეხვედრა ქართულმა გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ჩაატარეს:

„დინამო“: ოთარ გაბელია, გელა კეტაშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, სოსო ჭედია, გია გურული, ნუკრი კაკილაშვილი, ზაურ სვანაძე, თენგიზ სულაქველიძე, ვასილ მიქაშავიძე(დავით უგრელიძე,69), გრიგოლ ცაავა(ზაზა რევიშვილი,55), მიხეილ მესხი-უმცროსი;

ტორპედო“: გოჩა მიქაძე, ვასილ შენგელია, ნოდარ ჭელიძე, სოსო მალანია, გურამ ვასაძე, ლევან ბარათაშვილი, ოთარ კორღალიძე, იაგო ჟორჟიკაშვილი(დავით პაიკიძე,69), მერაბ მეგრელაძე,  რომან ხაგბა(გიორგი ტყავაძე,80), მამუკა მანაგაძე.

საკავშირო უმაღლესი ლიგის გარდა, „დინამოს“ და „ტორპედოს“ კიდევ 3 საბჭოურ  ოფიციალურ  საფეხბურთო შეჯიბრში უთამაშიათ ერთმანეთთან - სსრ კავშირის თასზე,  სსრ კავშირის ფეხბურთის ფედერაციის თასზე და გაზეთ „სოვეტსკი სპორტის“ პრიზის - „ენძელას“ გათამაშებაში.

სსრკ თასის 1962 წლის გათამაშებაში,  დინამოელებმა ტორპედოელებს  4:3 მოუგეს(ვლადიმერ ბარქაია(2), გიორგი სიჭინავა, ზაურ კალოევი  - გივი ლეჯავა(2), რომან სირაძე), 1970 წელს ორმატჩიან დაპირისპირებაში “დინამოს“ უპირატესობა მეტოქის მოედანზე გატანილი გოლის წყალობით მიენიჭა. მეტოქეებმა ქუთაისში 1:1(შოთა ოქროპირაშვილი - ალექსი ილიადი), ხოლო თბილისში 0:0 ითამაშეს. 1979  წელს დინამოელებმა 3:0 გაიმარჯვეს(ვიტალი დარასელია, მანუჩარ მაჩაიძე, ვლადიმერ გუცაევი), 1980 წელს - 3:1 (რევაზ ჩელებაძე(2), ამირან მინაშვილი - შალვა მხატვარი).

ფეხბურთის ფედარაციის თასის გათამაშებაში,  ჩვენი გუნდები ერთადერთხელ, 1986 წელს თბილისში   შეხვდნენ ერთმანეთს - 0:0.

1967 წელს „ენძელასთვის“ თბილისში გამართული მატჩი „დინამო“ – „ტორპედო“ ფრედ, 1:1(მიხეილ მესხი-უფროსი -  ფირუზ კანთელაძე,ს.კ) დამთავრდა. თამაშს ანატოლი მილჩენკო სჯიდა. მომდევნო წელს, ტორპედოელებს ისევ სტუმრად მოუწიათ თამაში. ამჯერად,  ჯუმბერ ხაჟალიამ 2 უპასუხო ბურთი გაუტანა  „დინამოს“. სხვათა შორის, 1968-ში ქუთაისელებმა კარგად იასპარეზეს „ენძელაზე“ და მხოლოდ  ფინალი  წააგეს(0:1) წინა წლის საკავშირო ჩემპიონატის  ვერცხლის პრიზიორსა და „ენძელას“ მოქმედ მფლობელ  მოსკოვის „დინამოსთან“.

 

იუზა კაციტაძე

ფოტოები ავტორის არქივიდან

0.112368