ფეხბურთი

18:08 | 22.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე მუმლაძე: “სხვა დროს აღარ გავიხდი”

საჩხერის “ჩიხურას” თავდამსხმელი თორნიკე მუმლაძე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა ევროპა ლიგის შეხვედრაში “ბურსასთან”. როცა გატანილი გოლი თურქი ფანების ტრიბუნასთან აღნიშნა მათთვის არასასიამოვნო ჟესტით და მაისურიც გაიხადა, რის გამო გუნდიც დაისაჯა და ფეხბურთელიც.

“ჩიხურა” ევროპა ლიგას გამოეთიშა და ახლა მთლიანად ეროვნულ ჩემპიონატზეა გადართული. საჩხერელებმა წინა ტურში “ზესტაფონი” მიიღეს და დრამატულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხეს. გადამწყვეტი გოლი ამ შეხვედრაშიც თორნიკე მუმლაძემ გაიტანა და ვერც ამჯერად მოთოკა ემოცია საჩხერელთა ფორვარდმა, გოლი ფეხბურთელმა ისევ მაისურის გახდით აღნიშნა, რაც “ბურსასთან” მატჩისგან განსხვავებით, მხოლოდ ყვითელი ბარათის ფასად დაუჯდა.

თორნიკე მუმლაძეს “მსოფლიო სპორტი” ესაუბრა:

- თითქმის ტრადიციად გექცა ყოველი გატანილი გოლის შემდეგ მაისურს იხდი და ემოციურად გამოხატავ. გუნდის ხელმძღვანელობიდან თუ იყო გაფრთხილება შენს მიმართ და სხვა შეხვერდებშიც ხომ არ აპირებ ასე გაგრძელებას?

- არა, არამგონია სხვა დროს გავიხადო. რაც შეეხება “ზესტაფონთან” შეხვედრას, კლუბიდან რაიმე სახის სასჯელი არ ყოფილა, რადგან ამ ბარათის გამო არ მიწევს მომდევნო შეხვედრის გამოტოვება. სხვა შემთხვევაში ალბათ იქნებოდა რაღაც ზომები კლუბიდანაც. საერთოდ ემოციური ადამიანი ვარ და ალბათ ამიტომ ხდება ასე.

- “ჩიხურაზე” რას იტყვი? გუნდი რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა..

-  მართალია რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დაგვტოვა, გაბედავა, რეხვიაშილი, დათუნაიშვილი.. დიდი ძალაა. მაგრამ ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია და “ჩიხურა” ისევ ბრძოლისუნარიანი გუნდია, რაც წინა ტურში “ზესტაფონთან” დავამტკიცეთ. წელს, ისევე როგორც გასულ სეზონში, “ჩიხურა” ევროტურნირებისთვის იბრძოლებს და ნამდვილად შეგვიძლია სამეულში მოვხდეთ.

- როგორ ფიქრობ, რა დააკლდა ჩიხურას” იმისთვის, რომ “ნეფთჩის” ბარიერი გადაელახა?

- ვერაფერს ვიტყვი, ბიჭებს თავდადება და შემართება არ დაგვიკლია, რა რესურსიც გვქონდა გამოვიყენეთ. ალბათ უფრო ევრო ასპარაზზე გამოსვლის გამოცდილება გვაკლდა. იმედი მაქვს, მომავალში უფრო წინ წავალთ და უფრო დიდ სიხარულს მოვუტანთ ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებს.

 

ედემი ელერჯია      

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135055