სტატიები

10:16 | 22.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

“ტორნადო”, რომელიც დაამარცხებს შტურმს

ავთანდილ ხურციძე, პროფესიონალი მოკრივე (საშუალო წონა)
30 წლის
ჩატარებული აქვს 23 ბრძოლა
20 მოგება (12 ნოკაუტი), 2 ფრე, 1 წაგება
ფლობს WBA- ს (მსოფლიო კრივის ასოციაცია) ვერსიით ინტერკონტინენტალის ქამარს და ტიტულს (რეიტინგში მე-5) და EBA- ს (ევროპის კრივის ასოციაცია) ტიტულს


დღესდღეობით ყველაზე წარმატებული ქართველი პროფესიონალი მოკრივე, რომელიც ცხოვრობს და ვარჯიშობს უკრაინაში, საახალწლოდ მშობლიურ ქუთაისს ეწვია.
ქუთაისურად - “ჩაქუჩა” და უკრაინულად - “ტორნადო”, მოკრივეთათვის ნაკლებად დამახასიათებელი იუმორით გამოირჩევა, რინგზეც და მის მიღმაც.
ავთო ხურციძეს ქუთაისში ვესტუმრეთ და მასთან ერთად გავატარეთ ერთი ჩვეულებრივი დღე. ერთად დავდიოდით ქუთაისის ქუჩებში და კითხვის დასმაც არ სჭირდებოდა, ისე ყვებოდა თავისი ცხოვრების ისტორიებს.

სიზმრებში დამარცხებული მეტოქეები

საქართველოში ჩამოსვლამდე, 2009 წლის ბოლო ბრძოლა ხურციძემ 20 ნოემბერს გამართა და მეტოქე, უზბეკი ტოიგონბაიევი, ბრძოლის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე უკვე დამარცხებული ჰყავდა (!) - სიზმარში...
“20 ნოემბრის დილას რომ გამეღვიძა, ემოციები სულ არ მქონდა, საკუთარ თავში დაჯერებული და მშვიდი ვიყავი. იმ ღამეს, მთელი ბრძოლა სიზმარში ვნახე. საერთოდ, სპორტსმენებში ასეთი რამ ხშირია. რინგზე გასვლამდე ათი დღით, ან ერთი კვირით ადრე, აუცილებლად ვნახულობ სიზმარს და მომავალი ბრძოლის შედეგი წინასწარ ვიცი. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა: მეტოქე დავამარცხე, მაგრამ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მქონდა და რაღაცით უკმაყოფილო ვიყავი.
გავედი რინგზე და... ბრძოლა რვა რაუნდს გაგრძელდა. მერვე რაუნდში უზბეკს წარბი გაუსკდა და ექიმმა ბრძოლის შეწყვეტა მოითხოვა. ძალიან დამწყდა გული. უკვე მაგარი გახურებული ვიყავი, უზარმაზარი ემოციების ქვეშ და მეტოქე ისეთი დაქანცული მყავდა, სანოკაუტედ იყო გამზადებული. ამ დროს კი, ბრძოლა შეწყვიტეს.”

“წულუკიძის ბაღში მნახეთ...”
“აი, ეს იყო ბავშვობაში ჩემი პირველი რინგიც და არენაც” - მითხრა ავთომ, როცა საქვეყნოდ განთქმულ “წულუკიძის ბაღს” ჩავუარეთ. რინგის მომავალი “ტორნადო”, თურმე, აქ სცდიდა თავის მუშტებს.
“სამოყვარულო კრივით არასდროს დავინტერესებულვარ. ალბათ, ამის მიზეზი ჩემი ხასიათია. ბავშვობიდან თავისუფალი ბუნების ვიყავი. გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებდი და ჩარჩოებს ვერ ვიტანდი. თუ ჩხუბია, ჩხუბი უნდა იყოს! გაქცეული ჩხუბი არ მწამს. დამარტყი – დაგარტყამ!
დავიწყებდი ვარჯიშს, მერე უცბად, “რაღაც მომივლიდა”, წავიდოდი და დარბაზში თვეობით აღარ მივდიოდი. მწვრთნელი სულ მეძებდა, სახლშიც ბევრჯერ მოსულა და წავუყვანივარ. დამაბრუნებდნენ, მავარჯიშებდნენ, გამიყვანდნენ რომელიმე ტურნირზე და... მერე ისევ ვიკარგებოდი. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ თვითონ არ დავრწმუნდი, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი საქმე კრივია. ეს გადაწყვეტილება ოცი წლის ასაკში მივიღე.
ერთხელ, მორიგი “გაქცევის” პერიოდი მაქვს. მოვიდა მეგობარი და მეუბნება, წამოდი, ძალიან მაგარ ჩხუბებს გაყურებინებო. ჩამირთო ლეგენდარული მაიკ ტაისონის ბრძოლები. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი ზეგავლენა მოახდინა ამან ჩემზე. ვიჯექი და გულში ვფიქრობდი, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდო და ვარჯიში დავიწყო-თქო. სიგარეტი გადავაგდე და დავიწყე და დავიწყე...”
ამერიკული ოცნება
“ამერიკაში გატარებული დრო, ჩემთვის ყველაზე ნაყოფიერი იყო და იქაურმა სკოლამ ძალიან ბევრი რამ მომცა. უპირველესად, რეჟიმის დაცვა და მისი ფასი მასწავლა. ყველაფერი თავის დროზეა საჭირო - დაძინება, გაღვიძება, ვარჯიში, ჭამა... ქუთაისში აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ ვიქცეოდი; ვარჯიშის მერე წინ და უკან დავბორიალობდი, შუაღამეს ვიძინებდი; მერე, დილით ვეღარ ვდგებოდი, ვარჯიშზე ვაგვიანებდი და ასე დაუსრულებლად. სპორტი და თავაშვებული ცხოვრება შეუთავსებელია. დიდ შედეგებსა და მიღწევებზე თუ ფიქრობ, უამრავ რამეზე უნდა თქვა უარი.  
იქ ყოფნის პერიოდში ცხრა ბრძოლა გავმართე. აქედან, ორი ფრედ დავამთავრე, მაგრამ ჩემთვის ეგეც მოგება იყო. ამერიკაში კარიერის ასაწყობად ჩასულ ქუთაისელ კაცს “ნიჩიას” რომ მოგცემენ, მოგებაა, აბა, რა არის?!
ამერიკაში გამართულ ბოლო ბრძოლაში კი დავმარცხდი - 2005 წლის 13 მაისს. ჩემი მოწინააღმდეგე ტონი მარშალი იყო, ნიუ-იორკელი მოკრივე. ეს კაცი, თავის დროზე, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა. მაგრამ ამ ამბავში მთავარი ის იყო, რომ მარშალი ნიუ-იორკის მკვიდრია და იქაურები გიჟდებოდნენ მასზე. ჩვენი ბრძოლიდან ცოტა ხანში, ის საერთოდ წავიდა აქტიური სპორტიდან.
როცა ჩვენი ბრძოლა შედგა, ის უკვე ასაკში იყო და საუკეთესო წლები უკან ჰქონდა მოტოვებული. ჩვენს შეხვედრას ის მთავარი მიზანი ჰქონდა, რომ მოგების შემთხვევაში, ჩემი კარიერა უფრო სწრაფად წავიდოდა წინ. მოკლედ, საკმაოდ მოტივირებული ვიყავი და ბრძოლაც ისე წარიმართა, რომ თითქმის ყველა რაუნდში უპირატესობას ვფლობდი. თუმცა, მოხდა ასეთი რამ: მოწინააღმდეგემ აკძალული დარტყმა მომაყენა - ე.წ “ქამრის ქვემოთ” დარტყმა და რეფერი ვალდებული იყო ბრძოლა შეეჩერებინა, ამერიკელი გაეფრთხილებინა, ჩემთვის კი, მომგებიანი ქულა მოეცა. მან ბრძოლა კი შეაჩერა, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი პირიქით გააკეთა. ჩათვალა, რომ მე ნოკაუტში ვიყავი და ბრძოლა შეწყვიტა მარშალის სასარგებლოდ. რას ვიზამთ, ასეთები ხშირად ხდება... ძალიან დამწყდა გული. მენეჯერები მეუბნებოდნენ, გავაპროტესტებთო, მაგრამ ვერაფერი.
ამის შემდეგ, დავბრუნდი საქართველოში და დაიწყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი. მენეჯერები მირეკავდნენ, ჩამოდი უკანო და ასეც მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ვიზის პრობლემა შემექმნა და შევრჩი ამ ჩემს პატარა ქუთაისში. ჩავარდნის პერიოდი თითქმის ორ წელიწადს გამიგრძელდა.”
გზების ძიებაში
“რა უნდა მეკეთებინა ქუთაისში?! გავაგრძელე ვარჯიში, მაგრამ არანაირი პერსპექტივა არ ჩანდა, ვერსად მივდიოდი. მერე, წავედი საბერძნეთში არალეგალურად და დიდი სისულელეც ჩავიდინე! საბუთები თუ წესრიგში არ გაქვს, რა ბრძოლების გამართვაზეა ლაპარაკი?! თან, პროფესიონალური კრივის ინჩი-ბინჩი არ იციან, კინაღამ გავგიჟდი. გამოდიოდა, რომ მოყვარულებში უნდა მებრძოლა, სადაც, საჩვენებელ ბრძოლებში ცალი ხელით გავლახე ყველა. მითხრეს, ბერძნულ პასპორტს მოგცემთ და ჩვენი სახელით გამოდიო და მეც დავთანხმდი, თუმცა, მერე ინტერნეტში ნახეს ჩემი ბრძოლები პროფესიონალებში და სიტყვები უკან წაიღეს - შენ, ძმაო, ცნობილი კაცი ყოფილხარ, რა მოყვარულები, რის მოყვარულები, დაგვიჭერენ ყველასო და ასე დამთავრდა ეს ამბავიც.
ამის შემდეგ, კონტაქტზე გამოვიდნენ გერმანიიდან და მორიგი შემოთავაზება მივიღე: კაცი მეუბნება, მენეჯერი ვარ, აქამდე ჩამოდი და ყველაფერში დაგეხმარებიო. მე კიდევ, ავდექი და ჩავატარე ასეთი “მახინაცია”: ჩემს პასპორტში არსებული ძველი ვიზა გადავაკეთებინე, ანუ გავაყალბე; ვიზა გავიგრძელე და მიდი, ავთო, იარე ევროპაში რამდენიც გინდა! მარწმუნებდნენ, ყველაფერი კარგად იქნებაო. ვიცოდი, რომ არც მასე იოლად იქნებოდა ეგ საქმე, მაგრამ...
წასვლისას, გამოვეწყე შარვალ-კოსტუმში - სოლიდურად გამოვიყურებოდე-თქო და... მოკლედ, აეროპორტში დამაპატიმრეს და სამი თვე იქ ვიყურყუტე. მერე, ნელ-ნელა ყველაფერი გაირკვა, რომ სპორტსმენი ვიყავი და იქ საყაჩაღოდ და საქურდაოდ არ ჩავდიოდი და გამომიშვეს.
დავბრუნდი საქართველოში, გავაკეთე ახალი პასპორტი, მოვაწესრიგე ყველანაირი საბუთი და წავედი უკრაინაში.”
“ტორნადოს” დაბადება
“საკუთარ თავში ისეთი დაჯერებული ვიყავი, როგორც არასდროს. ამიშვით რინგზე, დამიყენეთ ნებისმიერი მოწინაღმდეგე და მე ჩემს უპირატესობას დაგიმტკიცებთ-თქო, ვუთხარი უკრაინელებს.
რომ მეკითხებოდნენ, სად მიდიხარო, ვპასუხობდი - კლიჩკოების კლუბში მივდივარ, მიმიწვიეს-თქო, არადა, ჩემი ინიციატივით მივდიოდი, ბილეთიც კი საკუთარი ხარჯებით მქონდა აღებული. ერთადერთი, ჩემს მეგობარს დავურეკე, რომელიც კიევში ცხოვრობდა, დამხვდი, დამაკვალიანე და მერე მე ვიცი ჩემი საქმის-მეთქი.
მართლაც, დამხვდა და ბინის პოვნაში დამეხმარა. მერე მივედი კლიჩკოების სავარჯიშო დარბაზში და მოვითხოვე მათი კლუბის პირველ ნომერთან შეხვედრა. გალახვა არ ჰქვია, რაც მე იმას დავმართე - მეორე რაუნდშივე ნოკაუტში მივაბრძანე! გადაირივნენ მენეჯერები, ყველას ეგრევე შევუყვარდი და დაიწყეს ჩემთან დაკავშირებული გეგმების დაწყობა.
არასდროს დამავიწყდება იქ ჩემი პირველი ოფიციალური ბრძოლა - სულ ვიხსენებ ამ ამბავს. იმ საღამოს რამდენიმე ბრძოლა უნდა ყოფილიყო და მაშინ მათთვის იმდენად არაფერს წარმოვადგენდი, რომ ჩემი სახელი პროგრამაშიც კი არ შეიტანეს. ჩხუბითაც, მანამდე მაჩხუბეს, სანამ ხალხი დარბაზში შემოვიდოდა. უკრაინელი მოწინააღმდეგე მყავდა და მესამე რაუნდში დავამარცხე. ვინც ამ ბრძოლას უყურა, ყველაზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოვახდინე და აქედან დაიწყო ჩემი აღმასვლა. დღესდღეობით, როცა მე გამოვდივარ, მთელი დარბაზი ჩემი პლაკატებით დარბის და ინტერნეტი გინდა თუ ჟურნალი-გაზეთები, ჩემი ფოტოებითაა აჭრელებული. მეც შეფერებული მაქვს, იმიტომ, რომ ეს მართლა დავიმსახურე.”
რინგის შოუმენი
“ძალიან მიყვარს რინგზე იმპროვიზაცია და მაყურებელზე “თამაში”. ეს ჩემი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. თავიდან, სანამ ფიზიკურად კარგ ფორმაში ჩავდგებოდი, 4 რაუნდში უკვე ძალიან ვიღლებოდი და საგონებელში ვვარდებოდი, ახლა რა ვქნა-თქო. სწორედ მაშინ მომივიდა თავში აზრად, ჩხუბის დროს რინგზე ცოტა მემაიმუნა, ცეკვა-თამაში გამემართა და ამით, მოწინააღმდეგეზე ფსიქოლოგიურად მემოქმედა, რამაც  გაამართლა. როგორია, კაცი მთელი სერიოზულობითაა რინგზე გამოსული და კონცენტრირებული, შენ კიდევ, უცბად, ხელებს დაუშვებ, გაუცინებ, ან წაიცეკვებ... იბნევიან, გიჟდებიან! ამ დროს კი, მე გასაღებს ვეძებ მომდევნო შეტევების განსახორციელებლად. ახლა, ეს ყველაფერი აღარ მჭირდება, რადგან 12 რაუნდს თავისუფლად ვჩხუბობ, თუმცა, ამ მაიმუნობისთვისაც საკმარისად მაქვს ენერგია. რაც მთავარია, მაყურებელს ძალიან მოსწონს შოუ. პუბლიკამ თუ არ გაღიარა, ძალიან ძნელია წარმატების მიღწევა. უკრაინელებმა, სიყვარულით, “ტორნადო” შემარქვეს.”
ბრძოლა მსოფლიოს ჩემპიონობისთვის
“უზბეკთან გამარჯვების შემდეგ, მე მთელი მსოფლიოს გასაგონად გამოვიწვიე ბრძოლაში ფელიქს შტურმი, რომელიც მსოფლიო კრივის ასოციაციის (WBA) რეიტინგის პირველი ნომერი და საშუალო წონაში ქამრის მფლობელია. ძალიან ძლიერი და გამოცდილი სპორტსმენია, კლასიკური სტილის მოკრივე. თუმცა, მასთან ჩემი პლიუსები ისაა, რომ ფიზიკურად გაცილებით ძლიერი ვარ და უფრო მაღალი ტემპით ვჩხუბობ. სწორედ ამის იმედი მაქვს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, უპირატესობა ჩემს მხარესაა.
საქართველოში წამოსვლის წინ, მენეჯერებთან კი ვისაუბრე, მაგრამ ჯერ გარკვეული არაფერია. თებერვალში გაიმართება მენეჯერების შეხვედრა, სადაც ყველაფერი გაირკვევა. სწორედ ამ შეხვედრაზე მოითხოვს ვიტალი კლიჩკო, რომ შედგეს ჩემი და შტურმის შეხვედრა.
ბევრი დრო დავკარგე. ეს ბრძოლა დიდი ხნის წინ უნდა გამართულიყო, მაგრამ როცა შტურმს ყველაფერი ჰქონდა და წარმატებებს აღწევდა, მე სირთულეებს ვებრძოდი და ჩემს ადგილს ვეძებდი. ახლა, ყველაფრისთვის მზად ვარ! უპირველესად კი, მსოფლიო ჩემპიონობისთვის.
არ გამოვრიცხავ, ჩემს წონაში  WBO- ს (მსოფლიო კრივის ორგანიზაცია) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონს, ამერიკელ კელი პავლიკსაც დავუპირისპირდე. არავის ვერიდები და არავის ვუფრთხი. გამოუშვან ნებისმიერი!”
საქართველოს სახელით
“უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ უკრაინაში მცხოვრები ქართველებისგან. განსაკუთრებით დავუახლოვდი ოდესის ქართველთა სათვისტომოს. ბრძოლის დროს, ქართველები რომ დარბაზში არიან და მშობლიურ ენაზე მამხნევებენ, ისეთები მემართება, ასე მგონია, ადგილზე შევჭამ მოწინააღმდეგეს. შენი ხალხისა და გულშემატკივრის ასეთი თანადგომა, უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. თან, ტრადიცია დავამკვიდრეთ: ბრძოლის დაწყების წინ, ჩოხებში ჩაცმული ბიჭები, ხმლებითა და ფარებით მომყვებიან და ასე აკეთებენ ჩემს წარდგენას. თავიდან, რომ ვისაუბრეთ და გადავწვიტეთ ასე გაგვეკეთებინა, დავჯექი და დავფიქრდი; ჩემს თავს ვუთხარი, ავთო ხურციძე, ამდენ ხალხს აწუხებ, ასეთ შოუს დგამ და რა უფლება გაქვს შენ ამის მერე დამარცხდე?! წაგებას ვერასდროს შევეგუები. ამ ყველაფერს იმისთვის ვაკეთებ, რომ ყველამ გაიგოს, რომელი ქვეყნის შვილი ვარ და ჩემი პატარა სამშობლოს სახელი, წარმატებასთან და გამარჯვებასთან ასოცირდებოდეს. ამაზე რომ ვფიქრობ, პატარა ბავშვივით მეტირება. ისეთი ემოციები მეუფლება, რომ შტურმი და პავლიკი კი არა, გადავუვლი ყველას. რატომ? ქუთაისელი ავთო ხურციძე ვარ და მიტომ, “ჩაქუჩა” - რეკე და დააგდე!”

ეკა ელოშვილი
ავტორის ფოტო

 

0.165294