სტატიები

12:07 | 17.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

თორმეტი მასპინძელი

2009 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით, რაგბიში VII მსოფლიო თასის გათამაშებისთვის ახალი ზელანდიის 12 ქალაქის 13 სტადიონს უნდა ემასპინძლა, მაგრამ 2011 წლის 22 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ ტურნირის ჩატარების ორგანიზატორების გეგმები შეცვალა.
ქრაისთჩერჩში მომხდარ ძლიერ ნგრევას სტადიონიც შეეწირა, განმეორებითმა ბიძგებმა მისი აღდგენის პროცესი შეაფერხა და 16 მარტს გადაწყდა, რომ იქ გასამართი 7 მატჩი - ორი მეოთხედფინალური და ხუთიც ჯგუფური ეტაპის შეხვედრა, დანარჩენ ქალაქებზე გადანაწილდებოდა. ქრაისთჩერჩში შოტლანდიის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა საქართველოს ნაკრებს, მაგრამ ახლა ეს დაპირისპირება ინვერქარგილში გაიმართება. ამრიგად, 2011 წლის მსოფლიო თასს 11 ქალაქის 12 სტადიონი უმასპინძლებს. მათგან 9 სტადიონი ჩრდილოეთ კუნძულზე მდებარეობს, სამხრეთ კუნძულზე კი, მხოლოდ სამი მასპინძელი ქალაქი და სტადიონია. ცნობისათვის, ქრაისთჩერჩიც სამხრეთ კუნძულზე მდებარეობს, მაგრამ ბუნების კაპრიზმა მას მსოფლიო თასის მასპინძლობის უფლება წაართვა.
ორი სტადიონი ახალი ზელანდიის ყველაზე დიდ ქალაქ ოკლენდს აქვს. ოკლენდში გაიმართება ყველა გადამწყვეტი შეხვედრა - ფინალი, მატჩი მესამე ადგილისთვის და ორივე ნახევარფინალი, რადგანაც “იდენ პარკი” ტევადობით დანარჩენ არენებს მნიშვნელოვნად აღემატება. აქვე შედგება მეოთხედფინალის ორი შეხვედრა, მსოფლიო თასის გახსნის მატჩი და ჯგუფური ეტაპის კიდევ ოთხი თამაში. ოკლენდის მეორე სტადიონს “ნორთ ჰარბორი” ეწოდება, მაგრამ მისი ტევადობა ქალაქის მთავარი არენისას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.
ოკლენდი ჩრდილოეთის კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და მისი მოსახლეობა 1 354 900 ადამიანს შეადგენს (2010 წლის მონაცემებით), რაც ახალი ზელანდიის საერთო მოსახლეობის 31 პროცენტია. მაორები ამ ტერიტორიაზე თავიდანვე, დაახლოებით 1350 წელს დასახლდნენ, ხოლო ევროპელების მხრიდან ქალაქის დაარსების თარიღად 1840 წელია მიჩნეული. სახელი ოკლენდი, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა 1842 წელს დაუმტკიცა, ხოლო ერთი წლის შემდეგ, იქ ევროპელები მრავლად დასახლდნენ და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა. თავდაპირველად, ოკლენდი ახალი ზელანდიის დედაქალაქი იყო, თუმცა, 1876 წელს დედაქალაქი ველინგტონში გადაიტანეს, მაგრამ ოკლენდი ქვეყნის ეკონომიკურ ცენტრად დღემდე რჩება. მოსახლეობის რაოდენობა თავდაპირველად ევროპელი ემიგრანტების ხარჯზე იზრდებოდა. დღეისათვის, იქ პოლინეზიელების მსოფლიოში ყველაზე დიდი სათვისტომო ცხოვრობს და ოკლენდიც პოლინეზიის არაოფიციალურ დედაქალაქად მიიჩნევა.
ქალაქი გაშენებულია 48 ჩამქრალ ვულკანზე და 50-ზე მეტ კუნძულზე, რომლებიც ერთმანეთს ხიდებით უკავშირდება. ქალაქი ახალი ზელანდიის ერთ-ერთ ყველაზე თბილ ადგილად მიიჩნევა. იქ თითქმის სულ გაზაფხულია და ჰაერის ტემპერატურა 15,5-დან 23,7 გრადუსამდე მერყეობს. წლის განმავლობაში ამ ქალაქში დაახლოებით 137 დღე წვიმაა. ოკლენდში თოვლი ერთადერთხელ, 1939 წლის 27 ივლისს მოვიდა. აღსანიშნავია, რომ ამინდი იქ ხშირად იცვლება და ალბათობა იმისა, მზიან ამინდში უცებ წვიმა წამოვიდეს, ძალიან დიდია.
ქალაქის ერთ-ერთი მშვენება “იდენ პარკია”. მან 1987 წლის მსოფლიო თასის ფინალსაც უმასპინძლა და სულ მალე, 23 ოქტომბერს მსოფლიოში პირველ სტადიონად იქცევა, რომელზეც მსოფლიო თასის ორი ფინალი იქნება გამართული. 1988 წელს ამ სტადიონმა ლიგის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალსაც უმასპინძლა, რომელშიც ახალი ზელანდია ავსტრალიას ეთამაშა. სტადიონი 1900 წელს აშენდა და მასზე ზამთარში რაგბის, ხოლო ზაფხულში კრიკეტის შეხვედრები იმართება. “იდენ პარკი” ოკლენდის ცენტრალური საქმიანი უბნიდან 3 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. არენას რამდენჯერმე ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. სულ ბოლო 2010 წელს იყო და 256 მილიონი დოლარი დაჯდა. რადგან რაგბიზე კრიკეტთან შედარებით მეტი მაყურებელი დადის, თანაც, კრიკეტის მოედანი ოვალური ფორმისაა და მეტ ადგილს იკავებს, ტრიბუნები ორიგინალურადაა მოწყობილი. კრიკეტისას “იდენ პარკი” 50 ათას მაყურებელს იტევს, მაგრამ მსოფლიო თასისთვის და სარაგბო შეხვედრებისთვის მას 10 ათასი ადგილი ემატება და ტევადობა 60 ათასამდე იზრდება. ახალი ზელანდიის ეროვნულ ნაკრებს “იდენ პარკზე” 69 ტესტმატჩი აქვს გამართული, რომელთაგან 56 მოუგია. “ოლ ბლექსი” ამ არენაზე ბოლოს 1994 წელს დამარცხდა.
ოკლენდის მეორე სტადიონს “ნორთ ჰარბორი” ეწოდება და ის მხოლოდ 25 ათას მაყურებელს იტევს. ის ქალაქის ჩრდილოეთ ბოლოაშია გაშენებული და სულ რაღაც 14 წლის წინ, 1997 წელს გაიხსნა. მისი მშენებლობა 41 მილიონი ახალზელანდიური დოლარი დაჯდა. ცენტრალური ტრიბუნა 12 ათას მაყურებელს იტევს, მის მოპირდაპირედ 7 ათასიანი ტრიბუნაა, ხოლო ძელებს უკან 3-3 ათასი ადამიანი ეტევა. “ნორთ ჰაბორზე” ჯგუფური ეტაპების ოთხი შეხვედრა გაიმართება.
ახალ ზელანდიაში სიდიდით მეორე სტადიონი მის დედაქალაქ ველინგტონშია, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით ქვეყანაში მხოლოდ ოკლენდს ჩამოუვარდება. მას ველინგტონი ბრიტანეთის გამოჩენილი მთავარსარდლის, ვატერლოოს ბრძოლის გამარჯვებულის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და ველინგტონის პირველი ჰერცოგის, არტურ უელსლის საპატივცემულოდ ეწოდა. ქალაქი ჩრდილოეთის კუნძულის უკიდურეს სამხრეთშია გაშენებული და კარგ ამინდში იქიდან სამხრეთი კუნძულის მთები მოჩანს. ამ მხარეში ხშირია შტორმი და კლიმატი სუბტროპიკულია. ჰაერის ტემპერატურა იანვარში საშუალოდ +16, ხოლო ივლისში +8 გრადუსია.
ქალაქში 460 ათასი მაცხოვრებელია, მის შემოგარენში კი, კიდევ 182 ათასი. მოსახლეობის დაახლოებით 70 პროცენტს ევროპელების შთამომავლები შეადგენენ, მეორე ადგილზე მაორები არიან (დაახლოებით 8%). უმთავრესი ენა ინგლისურია, თუმცა, იქ ხშირად გაიგონებთ ფრანგულს, მაორულს და გერმანულს. მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანია. ქალაქის განვითარება XIX საუკენეში დაიწყო. 1848 და 1854 წლებში იქ ძლიერი, დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა, მაგრამ ამან ევროპელები ვერ შეაჩერა და 1865 წელს ველინგტონს დედაქალაქის სტატუსი მიენიჭა. ცოტა ხნით ის ამ სახელს ოკლენდთან ინაწილებდა. ველინგტონი არაჩვეულებრივად ლამაზი ქალაქია, ხიდებით და დასასვენებელი პარკებით. აქ შერწყმულია ძველი და თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშები.
ველინგტონში მთავარი სპორტული არენა “უესტპარკია”, რომელიც 1999 წელს აშენდა და 2000 წლის 3 იანვარს გაიხსნა. ოვალური ფორმისა და ვერცხლისფერი ფერის გამო, მას ხშირად “კალის ტორტსაც” უწოდებენ. კონსტრუქციის ღირებულება 130 მილიონი ზელანდიური დოლარია. ტრიბუნები 36 ათას მაყურებელს იტევს. ამ არენაზე გაიმართება ორი მეოთხედფინალური შეხვედრა და ჯგუფური ეტაპის ექვსი თამაში.
ახალი ზელანდიის დანარჩენ ქალაქებში მხოლოდ ჯგუფური ეტაპის შეხვედრებია დანიშნული. ჩრდილოეთ კუნძულზე მდებარე ქალაქი როტორუა, როტორუის ტბის სანაპიროზეა აღმართული და მისი მოსახლეობა 68600 კაცს შეადგენს. ის გეოთერმულ ადგილზეა გაშენებული, 1883 წელს დაარსდა და თავიდანვე მიენიჭა ტურისტული ცენტრის სტატუსი. ამ მხარეში ტურისტებს გეიზერების სიმრავლე და ტბის სილამაზე იზიდავს. “როტორუა სთედიუმი” 1911 წელს აშენდა, რეკონსტრუქცია რამდენჯერმე ჩაუტარდა და ახლა 34 ათას მაყურებელს იტევს. ის მსოფლიო თასის სამ შეხვედრას უმასპინძლებს.
დანიდინი, სადაც 18 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ინგლისის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე სიდიდით მეორე, ხოლო მთელ ზელანდიაში მერვე ქალაქია და ის 1848 წელს დაარსდა. მოსახლეობა 124800 კაცს შეადგენს. სტადიონი “ფორსაით ბარი”, რომელსაც მსოფლიო თასის მსვლელობისას “ოტაგო სთედიუმი” ერქმევა, 2011 წლის 5 აგვისტოს გაიხსნა. მისი მშენებლობა 198,3 მილიონი ზელანდიური დოლარი დაჯდა, ტრიბუნებზე 30500 მაყურებელი ეტევა. დანიდინში მსოფლიო თასის 4 თამაში ჩატარდება.
ქალაქი ჰამილტონი ჩრდილოეთ კუნძულზე, ახალი ზელანდიის ყველაზე დიდ მდინარე უაიკატოს გაყოლებაზე მდებარეობს, ვაიკატოს რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს და იქ 143 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ეს ქალაქი ქვეყნის სარკინიგზო და საავტომობილო გზების მთავარ კვანძს წარმოადგენს. იქ განლაგებულია ახალი ზელანდიის ყველაზე დიდი უნივერსიტეტი. ჰამილტონში მდებარეობს უდიდესი საავიციო ქარხანა, რომელიც ლიდერი ავიაკომპანიებისთვის სათადარიგო ნაწილებს ამზადებს. სტადიონი “უაიკატო” 25800 მაყურებელზეა გათვლილი და მათი რაოდენობის 5 ათასით გაზრდაა შესაძლებელი. არენა 1925 წელს გაიხსნა და მას შემდეგ რამდენჯერმე განახლდა. თუმცა, მოგვიანებით, მაყურებელთა ზრდამ ახალი სტადიონის მშენებლობის აუცილებლობა წარმოშვა. “უაიკატოს” თანამედროვე ვარიანტის მშნებლობა 2000 წელს დაიწყო და ორ წელიწადში დასრულდა. იქ მსოფლიო თასის სამი შეხვედრა გაიმართება.
უანგარეი ჩრდილოთ კუნძულზე საპორტო ქალაქია და იქ 51900 კაცი ცხოვრობს. წარსულში აქ მაორები დიდი რაოდენობით ცხოვრობდნენ. დღესდღეობით, ეს ქალაქი ცნობილია თავისი მუზეუმით, სადაც სამხრეთ ნახევარსფეროში საათების ყველაზე დიდი კოლექციაა დაცული. ქალაქიდან ავტომობილით დაახლოებით 30 წუთის სავალ გზაზე, გადაშლილია ლამაზი პლაჟები, ბაღები და ზღვის ნაკრძალები. ქალაქის სტადიონს “ოკარა პარკი” ეწოდება, ის 30 ათასამდე მაყურებელს იტევს და 1965 წელსაა აგებული. სტადიონზე ხშირად თამაშობენ ზელანდიელი “მაორები” და ის მათ საშინაო არენად ითვლება. იქ მსოფლიო თასის სულ ორი თამაში გაიმართება.
ნიუ პლიმუთი ქალაქი და პორტია ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე. ის ვეშაპებზე მონადირეებმა 1841 წელს დააარსეს. ქალაქის და მისი შემოგარენის მოსახლეობა 68900 კაცს შეადგენს. სტადიონი “იეროუ” 2002 წელს აშენდა და 25 ათას მაყურებელს იტევს. იქ სამი თამაშია დაგეგმილი.
ჩრდილოეთის კუნძულის ქალაქია ნეიპირი, რომლის მოსახლეობაც 57600-ს შეადგენს, ხოლო “მაკლინ პარკი” 22 ათას მაყურებელს იტევს. ამ სტადიონის მინდვრის საფარი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდაა მიჩნეული. ის 1911 წელს აშენდა და რამდენჯერმე ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. ამ სტადიონზე ახალი ზელანდიის ნაკრებს 6 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მათგან ორში გამარჯვება მოიპოვა. ნეიპირიში მსოფლიო თასის ორ თამაში გაიმართება.
ნელსონი ქალაქი და ფართობით ყველაზე პატარა რეგიონია ახალ ზელანდიაში. ის სამხრეთ კუნძულზე მდებარეობს და მისი მოსახლეობა 45500 კაცს შეადგენს. “ტელეგრაფ პარკს” მსოფლიო თასისთვის მოდერნიზაცია ჩაუტარდა და ახლა ის ქალაქის მაცხოვრებლების თითქმის ნახევარს, 20080 ადამიანს იტევს. ეს სტადიონი რაგბის მსოფლიო ფორუმზე სამ თამაშს უმასპინძლებს.
პალმერსტონ-ნორთი ჩრდილოეთ კუნძულზე მდებარეობს და 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 81300 კაცს შეადგენს. ქალაქი წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს აკადემიურ და საუნივერსიტეტო ცენტრს. იქ მდებარეობს ქვეყნის ყველაზე დიდი უნივერსიტეტი, სადაც 40 ათასამდე სტუდენტი სწავლობს და კიდევ 70-ზე მეტი სხვა სასწავლო და კვლევითი დაწესებულებაა. “არენა მანავატუ” 18 ათას მაყურებელს იტევს. მთლიანობაში, სპორტული კომპლექსი 180 ათას კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული და იქ განთავსებულია სამი სტადიონი, რომელთაც მოძრავი ტრიბუნები აქვთ, ასევე, კალათბურთის დარბაზი და ავტოსტრადა. იქ გაიმართა 1987 წლის მსოფლიო თასის შეხვედრები, “ოლ ბლექსმა” 1992 წელს დაამარცხა “დიდბრიტანელი და ირლანდიელი ლომები”. 2004 წელს, რეკონსტრუქციის შემდეგ, “არენა მანავატუზე” ახალი ზელანდიის ნაკრებმა ავსტრალიას უმასპინძლა. საჭიროების შემთხვევაში, სტადიონზე დამატებით 3 ათასი დასაჯდომი ადგილის დამატება შეიძლება. ამ სტადიონზე 2011 წლის მსოფლიო თასის ორი შეხვედრა გაიმართება, ორივე - საქართველოს ნაკრების მონაწილეობით. 28 სექტემბერს “ბორჯღალოსნები” იქ რუმინეთის ნაკრებს ეთამაშებიან, ხოლო 2 ოქტომბერს არგენტინას დაუპირისპირდებიან.
ინვერქარგილი ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე მდებარეობს. ის ამ ქვეყნის ყველაზე სამხრეთით და ასევე, ყველაზე დასავლეთით მდებარე ქალაქია. მისი მოსახლეობა 52400 კაცს შეადგენს. აქ ჰაერის ტემპერატურა ზამთარში +6, ხოლო ზაფხულში +13,5 გრადუსია, ანუ, წელიწადის ყველა დროს გრილა. ახალი სტადიონი “რაგბი პარკი” 2002 წელს, ძველის ადგილას აშენდა და მისი ტევადობა 18 ათასამდეა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 14 სექტემბერს მსოფლიო თასის პირველ შეხვედრას შოტლანდიის წინააღმდეგ, სწორედ ამ სტადიონზე გამართავს. სულ “რაგბი პარკი” მსოფლიო თასის სამ შეხვედრას უმასპინძლებს და სამივე “B” ჯგუფისა იქნება.

ზურა ქსოვრელი

0.164645