არგენტინის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელის – კარლოს ტევესის მეუღლე – ნატალია ფასი, ”ალბისელესტეს” ქომაგებმა ნამეტანი გაანაწყენეს და ნერვები მოუშალეს. კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულებზე დასასვენებლად წასულ ცოლ-ქმარს ეგონა, რომ არგენტინის ნაკრების მიერ კოპა-ამერიკაზე განცდილ ფიასკოს იქ მაინც არ შეახსენებდნენ, მაგრამ ძალიან მწარედ მოტყუვდნენ. არგენტინის ეროვნულ გუნდს ხომ ქომაგები პლანეტის კიდით-კიდემდე ჰყავს და რა გასაკვირია, თუკი ზღვისპირას მდებარე იმ მშვენიერ სასტუმროშიც იქნებოდნენ, სადაც კარლოსი და ნატალია ისვენებდნენ. ნატალია ფასი დიდი გულისტკენით იხსენებს იმას, რომ სასტუმროში დაბინავების პირველივე დღიდან, მას და მის ქმარს სასტუმროში, ბარში, პლაჟსა თუ რესტორნებში თითქმის ყოველდღე ხვდებოდნენ უცნობი ადამიანები, რომლებიც საუკეთესო შემთხვევაში, არგენტინის ნაკრების დამარცხების მიზეზებს ეკითხებოდნენ. ცუდ შემთხვევაში კი, პირადად კარლოს ტევესს სდებდნენ ბრალს ამ ფიასკოში. ამის გამო, ”სიტის” ფეხბურთელმა რამდენჯერმე კინაღამ მუშტები დაატრიალა. მოკლედ, წყვილს დასვენება გვარიანად ჩაუმწარდა და ნატალიას თქმით, ამის შემდეგ, დასვენებას მსოფლიოში ყველაზე უდაბურ და უკაცრიელ ადგილას ისურვებს, სადაც არც არგენტინის ნაკრების ქომაგები იქნებიან და არც არამკითხე უცნობები, რომლებსაც სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა უყვართ. აშკარაა, რომ ტევესმა და მისმა მშვენიერმა მეუღლემ, რატომღაც არ იციან ის, რომ როგორც ცნობად სახეებს, თმენის მორალური ვალდებულება გააჩნიათ და რიგითი მოკვდავებისგან განსხვავებით, საჯარო სივრცეში ბევრ რამეზე თვალის დახუჭვა მართებთ. ქომაგებს კი, საკუთარი აზრის დაფიქსირებისა და გულისტკივილის გამოთქმის უფლებას ვერავინ წაართმევთ.







